საგრანტო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა ვისაც სურს, მათთვის ჩვეულებრივ სამი მთავარი სათქმელი მაქვს.
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფონდები დიდი ხანია მუშაობენ. ხშირია შემთხვევები, როცა ეს ფონდები რეგიონებში საგრანტო პროექტებს აცხადებენ.
როცა მსგავსი კონკურსი ცხადდება ტელეფონზე დღეში 10-15 ადამიანი მაინც მირეკავს.
2020 წელს 47 ბიზნესგეგმა გავაკეთა და მათგან 12 იყო საერთაშორისო ფონდების საგრანტო პროექტებისთვის გაკეთებული ბიზნეს გეგმა. უნდა ვაღიარო: ეს იყო წვალება!
1. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი განვითარება ფონდის პრიორიტეტი არ არის!
თითქოს პარადოქსალურია ხომ? მაგრამ ჩემი საქმიანობის 20+ წლიანი გამოცდილება მკარნახობს შემდეგს: მათი (საერთაშორისო ფონდების) მთავარი საზრუნავი არის არა თქვენი ბიზნესის და თქვენი რეალური განვითარება, არამედ ე.წ. “წარმატების ისტორიების” შექმნა თავისთვის.
მათი მოდელი, რომელსაც ხშირად დახმარებად “გვაყვედრიან” მარტივია: ასობით აპლიკაციიდან აარჩევენ იმას, რომელსაც წარმატების დიდი შანსი (ვყოფილვარ მედლის “იმ” მხარეს და დამერწმუნეთ ვიცი როგორ მუშაობს სისტემა) აქვს და მათთვის “საწვავის ჩასხმის” გზით ქმნიან წარმატების ისტორიას.
ამით “მონიშნავენ” კიდევ ერთ “პტიჩკას” გაკეთებული საქმეების სიაში და სულ ესაა (მათაც ხომ უნდა დაუსაბუთონ თავიანთ დონორს, რომ “კარგი ბიჭები” არიან?).
ფონდების უმეტესობის მიდგომები წმინდა საბჭოთა მიდგომებია:
გავავითაროთ წარმოება!
(ასე იყო 200 წლის წინაც, სსრკ-ს დროს და ასეა ეხლა ჩვენს ქვეყანაში).
არადა მდგრადი განვითარება თუ გინდა მიიღო, გაყიდვების თემაა პირველ ადგილზე დასაყენებელი.
ვირს უნდა დაანახო ბალახი!
ჩემი ასეთი მოსაზრება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საგრანტო შესაძლებლობით არ ისარგებლოთ.
მეტიც, ისარგებლეთ როგორც შეგიძლიათ.
უბრალოდ, როცა იცი ვისი მოტივაცია რეალურად რა არის, უფრო ფხიზლად უყურებ მოვლენებს და იცი რომელ პედალს მიაჭირო (მაგალითად, “გაუსწორე” და მიეცი საშუალება, რომ შექმნათ ეს “წარმატების ისტორია”. თქვენც მოიგებთ და ისინიც).
2. საგრანტო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა მართლაც ადვილია და ამაში ფულის გადახდა არ ღირს. ჯობია ისწავლო და თვითონ გააკეთო.
ოღონდ ჩვენი მოსახლეობის უბედურება ისაა, რომ აქ ჩვენში მარტივ შეკითხვაზე პასუხის გაცემა 10-დან 9-მ არ იცის.
ამ პასუხის ჩამოყალიბება გამართული წინადადების სახით კი კიდევ უფრო მეტმა არ იცის.
მე ვიცი ერთი: ფონდის მიზანი თქვენი განვითარება შეიძლება არ არის, მაგრამ თქვენ რომ განვითარება გწყურიათ ეს ვიცი.
გამჭრიახი ადამიანების დაკვალიანება სწორად თუ მოხდება, ის თვითონაც გააკეთებს ბიზნეს გეგმის განაცხადს.
გაუჭირდება თავიდან, მაგრამ ისწავლის და გრძელვადიან პერსპექტივაში ის მეტ ხეირს ნახავს ამ საქმიანობისგან.
გამიკეთებია ეს და არაერთხელაც, შედეგიც მიმიღია.
აქ ნახეთ როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა თავად.
აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ პროექტის დაწერა და ბიზნეს გეგმის დაწერა სხვადასხვა რამეებია.
3. საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების შაბლონები არ ვარგა!
განსაკუთრებული უბედურება არის ექსელის ცხრილები.
ჩემი კონკრეტული გამოციდლებიდან გეტყვით: უამრავი უზუსტომა და შეცდომა აქვთ შაბლონებში.
მაგალითად, როგორ შეიძლება მეორე და მესამე წლის ქეშფლოუ და მოგება ზარალის ფორმა თვეების მიხედვით მოითხოვო? პირველ წელს კი ბატონო, შეიძლება მოთხოვო იმ მოტივაციით, რომ სეზონურობა და გაყიდვების დინამიკა დაინახო, მაგრამ სამივე წლის?
მეორე, რომ ფინანსური შაბლონები იმდენად ჩახლართული აქვთ, ფერმერი კი არა ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს იმ ცხრილებში.
მე პირადად მქონდა არაერთი შემთხვევა … შინაარსობრივად ადვილია, მაგრამ რომ ჩახედავ მარტო ექსელის ფაილის გახსნა შეგაშინებს ადამიანს ისე გამოიყურება. და ის უნდა შეავსოს ფერმერმა რაც არ უნდა დაატრენინგო?
თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკოთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით!