ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რატომ ვიხადოთ ელ.ენერგიის იმპორტში წლიურად 70 მლნ $, როცა შეგვიძლია საკუთარის წარმოება?

პრობლემა

საქართველო წლიურად 70 მილიონ დოლარამდე ხარჯავს ელექტრო ენერგიის იმპორტში. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძენად 67 მილიონ 330 ათას დოლარზე მეტი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე ($63,879 მლნ) 5.4%-ით მეტია. ფაქტობრივად ეს ფული გაედინება ქვეყნიდან. სახეზე გვაქვს მზარდი დინამიკა, რაც მომავალ წლებში უფრო დიდი ოდენობის ელექტრო ენერგიის დეფიციტს გამოიწვევს. ამას ემატება თან ქვეყნის ეკონომიკის მუდმივი ზრდაც.

დღესდღეობით კორონავირუსის საყოველთაო პანდემიამ ქვეყანაში დაამუხრუჭა ტურიზმი და ეკონომიკა, რაც თავისთავად აისახება მომავალში ელექტრო ენერგიის იმპორტის შემცირებაზე, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა და პანდემიის გასვლის შემდეგ აუცილებად გაიზრდება მოთხოვნა.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, საქართველოში საერთო ჯამში 2019 წელს 1 მლრდ 626 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1 მლრდ 508.82 მლნ კვტ.სთ) 7.7%-ით აღემატება.

რაც დრო გადის ჩვენი საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად დამოკიდებული ხდება მეზობელი ქვეყნის ელექტრო ენერგიის იმპორტზე, რაც თავის მხრივ ზრდის ქვეყანაში სავაჭრო დეფიციტს, რაც თავის მხრივ აისახება ვალუტის კურზე და ეკონომიკაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებაზე.

რა პოტენციალი გვაქვს?

მდინარეთა საერთო რაოდენობიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათასი მეგავატის ექვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია 50 მლრდ კვტ.საათის ქვივალენტური ( http://energy.gov.ge/energy.php?id_pages=60&lang=geo). ამასთანავე დიდი პოტენციალი გვაქვს რომ მოვახდინოთ ბაზრის დივერსიფიკაცია და დიდი პროცენტულობით მოვამარაგოთ ქვეყანა სხვა განახლებადი ენერგიის წყალობით (მზე, ქარი, გეოთერმული), რაც დღევანდელ სურათს საგრძნობლად შეცვლის.

“ჩვენ გერმანელ ექსპერტებთან ერთად ჩავატარეთ შესწავლა და აღმოჩნდა, რომ 2023 წლისთვის, იმ რეზერვებით, რაც სისტემაში გვაქვს, დაახლოებით 350 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურების მშენებლობა შეგვიძლია და დაახლოებით 130 მგვტ-ის მზის სადგურების.” – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

როგორ შეიძლება აღნიშნული პრობლემების მოგვარება?

უპირველეს ყოვლისა საჭიროა მოხდეს ქვეყანაში ენერგეტიკის დარგის პრიორიტეტად გამოცხადება და ყველანაირად ხელის შეწყობა ამ დარგის განვითარებისათვის. რამდენიმე მიმართულების გამოყოფა შეიძლება:

1) ინვესტორების დაინტერესება გარანტირებული სიმძლავრების შესყიდვით. ქვეყანაში ელექტრო ენერგიის წარმოება გრძელვადიანი პროცესია, რაც მოითხოვს მილიონობით დოლარის ინვესტიციას. შესაბამისად ელექტროენერგიის წარმოება იმ ტემპით ვერ იზრდება, როგორც მოთხოვნა.

2) მოსახლეობის ფართო მასების დაინტერესება განახლებად ენერგიაში ინვესტირებისათვის. დღესდღეობით ბაზრის 28 % შინამეურნეობზე მოდის, აუცილებელია თანაინვესტირება სახელმწიფოს მხრიდან (მაგალითად, 5 კვ მდე ენერგიის წარმოებაში 50 % დაფინანსება, 5-30 კვ მდე – 35 % დაფინანსება, 30-დან 200 მდე კი 10 -20 % თანადაფინანსება)

3) სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება ან იაფი სესხის (3-4 % წლიური საპროცენტო განაკვეთი) გამოყოფა ბიზნესისთვის რომელიც განახლებად ენერგიაში დამტებით სახსრებს ჩადებს (მაგ სამაცივრე, თევზის მეურნეობები, სასტუმროს და სარესტორნო ბიზნესი, კრიპტოვალუტის მაინინგი და ა.შ.)

4) საკუთარი სახსრებით განახლებადი (წყლის, მზის, ქარის ) ენერგიის ქვესადგურების აშენება და პრივატიზაცია – სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბება, რომ მოსახლეობას შეეძლოს მცირედით ინვესტირება. თუნდაც საკუთარი საპენსიო ფონდიდან სააქციოში წილის ყიდვით.

დღესდღეობით ენერგიის საწარმოებლად მხოლოდ ნებართვების გამარტივება არ კმარა (აღსანიშნავია სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები და ქმედებები). დღეს საქართველოს მოსახლეობას უმრავლესობას არ აქვს საშუალება და შესაძლებლობა ინვესტირება გააკეთოს გრძელვადიან პროეტებში როდესაც ყოველდღიური პრობლემები აქვს მოსაგვარებელი. საშუალოდ მზის ენერგიაში ინვესტირებული თანხის უკან დაბრუნებას 7-10 წელი სჭირდება, რაც მოსახლეობის უმრავლესობისათვის არამიზნობრივია. ამასვე ემატება რომ წარმოებული ელექტრო ენერგიის დაბალი გასაყიდი ფასი 10 თეთრი კვ/საათზე, მაშინ როდესაც თავად მოსახლეობა 23 თეთრში ყიდულობს უკან.

სარგებელი “ჭარბი და იაფი ელექტროენერგიისგან”

• ყოველწლიურად 70 მილიონი დოლარამდე რაც გაედინება ქვეყნის ეკონომიკიდან ეს იქნება დამატებითი პირდაპირი ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის სტმულირებისათვის

• რაც უფრო მეტი კერძო მომხმარებელი, მცირე ბიზნესი, სასტუმროები გახდება ელექტრო დამოუკიდებელი, მით უფრო ნაკლები პრობლემები ექნება თავად სახელმწიფოს მოსაგვარებელი

• ქვეყანაში ჭარბი ენერგია საშუალებას მისცემს პირველ რიგში შეამციროს ელექტრო ენერგიის იმპორტი და შემდგომში კი საშუალება რომ ექსპორტზე გაიტანოს სუფთა ენერგია

• ჭარბი ენერგია და კონკურენცია დროთა განმავლობაში გამოიწვევს ელექტროენერგიის ფასების დაწევას ბაზარზე, რაც მასტიმულირებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკისათვის

• აგვისტოს თვეში იგეგმებოდა პირველი ქართული ელექტრომობილების გამოსვლა ბაზარზე, რაც თავის მხრივ გაზრდის მოთხოვანს ქვეყანაში ელექტროენერგიაზე, შესაბამისად იაფი და ჭარბი ენერგია საშუალებას მიცემს ქვეყანაში ჩაანაცვლოს ნავთობპროდუქტებზე მომუშავე ავტომობილები ელექტრო ავტომობილებით, რაც საშუალებას მიცემს ქვეყანას აგრეთვე შეამციროს ნავთობპროდუქტების იმპორტი. მოსახლეობის უმრავლესობა თავის ავტომობილებს სახლის პირობებში დამუხტავს იაფი დენის წყალობით

• ელექტრომობილებით ქვეყნის ავტობაზრის ჩანაცვლება კი თავის მხრივ გამოიწვევს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ქვეყანაში, რაც თავის მხრივ შეამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს გამოწვეული ჰაერის დაბინძურებით

• ჭარბი და იაფი ელექტრო ენერგია საშუალებას მიცემს მომხმარებლებს ჩაანაცვლონ ბუნებრივი აირი უფრო ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ენერგიით, ზამთარში საცხოვრებლების გათბობა უკვე მოახდინონ ელექტროენერგიით, რაც აგრეთვე ხელს შეუწყობს ბუნებრივი აირის იმპორტის შემცირებას

• სავაჭრო დეფიციტის შემცირებით (ელექტროენერგიის, ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის შემცირების ხარჯზე) დადებითი ეფექტი ექნება ვალუტის გაცვლით კურსზე რაც ხელს შეუწყობს ლარის გამყარებას

• სუბსიდირება აგრეთვე ხელს შეუწყობს ქვეყანაში წარმოებული მზის პანელების რეალიზებას, საკუთარი წარმოების ხელშეყობას

• სააქციო საზოგადოებად ჰესების გაყიდვა ხელს შეუწყობს საფონდო ბირჟების გამოცოცხლებას

• საკუთარი ენერგიის წარმოება უზრუნველოყოფს ენერგო უსაფრთხოებას, ვერც ერთი ბიზნესი ვერ იმუშავებს თუ არ იყო ელექტრო ენერგია ქვეყანაში

• იაფი დენი ხელს შეუწყბს კრიპტოვალუტების მიანინგს, რაც დამატებით ინვესტიციას მოუტანს ქვეყანას

• დღესდღეობით ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით ენერგიის მოხმარების დიდი პროცენტული მაჩვენებელი მოდის ტრასნპორტის სფეროზე, სამაცივრე, სასათბურე, თევზის მეურნეობებზე და სხვა რამდენიმე დარგზე. იაფი ელექტროენერგიის საშუალებით მათ შეეძლებათ შეამცირონ კომუნალური გადასახადი რაც თავის მხრივ გამოიწვევს წარმოებული საქონლის თვითღირებულების შემცირებას. ეს მისცემს წარმოებულ პროდუქტს უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს არამარტო საქართველოს ბაზარზე არამედ იაფი პროდუქცია ასტიმულირებს ექსპორტს.

დასკვნა : სახელმწიფოს მიერ ენერგეტიკის სფეროში ინვესტირება მოკლევადიან პერიოდში სარგებელს მოუტანს ბიზნესს, გრძელვადიანში კი ორივეს სახელმწიფოსაც და ბიზნესაც.

სტატიის ავტორი:

გიორგი მერაბიშვილი