ფონდების მოძიება გინდოდეს ერთია, მაგრამ იყო მზად შესაძლებლობისთვის მეორე. ქვემოთ აღვწერ ყველა იმ შესაძლო დოკუმენტს, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ სხვადასხვა საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისას, ან სესხზე განაცხადის გასაკეთებლად, ან კიდევ სხვა მიზნებისთვის. მარტო ბიზნეს გეგმა საკმარისი არ არის!
[პუნქტების რიგს მნიშვნელობა არ აქვს. ყველა მნიშვნელოვანია]
ყველა ეს საბუთი იარაღივითაა: ჯობია გქონდეს და არ დაგჭირდეს, ვიდრე დაგჭირდეს და არ გქონდეს! და როცა არ გაქვს, მერე გიწევს დროის და ნერგების ხარჯვა მის გასაკეთებლად თუ საერთოდ მოასწარი.
ჯგუფი 1
რეესტრის ამონაწერის ინგლისური ვარიანტი (ქართული თავისთავად). ქართული ვარიანტი ყველა იურიდიულ პირს აქვს. ინგლისურის გასაკეთებლად კი საჭიროა ზარი იუსტიციის სახლში. იქ დაგაკვალიანებენ. პრაქტიკიდან ვიცი 1 სამუშაო დღეში აკეთებენ და რაღაც სიმბოლური გადასახდელია საამისოდ.
წესდება. გამზადებული გექნეთ როგორც ფურცლოვანი ვარიანტი, ასევე ელექტრონული დასკანერებული ვარიანტი pdf ფორმატში.
sam.gov-ზე რეგისტრაცია. თუ ამერიკულ პროგრამებში მონაწილეობთ, დაგჭირდებათ SAM.gov-ზე რეგისტრაცია და UEI – Unique Entity ID აღება. UEI-ს აღებას რამდენიმე კვირა უნდა და აჯობებს დროულად დაიწყოთ პროცესი.
ჯგუფი 2
დამფუძნებლების საბუთები წესრიგში (პასპორტი). განსაკუთრებით იმ შემთხვევისთვის, როცა დამფუძნებელი არ არის საქართველოს მოქალაქე ან ორმაგი მოქალაქეობა აქვს. პირველ რიგში აქ საქმეა პასპორტი, რომელსაც უახლოეს თვეებში ვადა არ უნდა გასდიოდეს.
დამფუძნებლის შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ხშირად სხვადასხვა პროგრამებში ითხოვენ, რომ დამფუძნებლის შემოსავლის წყაროები იყოს მითითებული. აქ ხშირად საჭიროა შემოსავლების სამსახურის ცნობა შემოსავლების თაობაზე (გააკეთეთ ყოველი გასული წლისთვის და გექნეთ დადებული). ხანდახან საჭიროა საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (ამას ადვილად გააკეთებთ საჭიროებისამებრ, თუმცა თუ საბანკო ანგარიში სხვა ქვეყანაშია და ინტერნეტ ბანკი ხელმისაწვდომი არ არის, მაშინ ამას შეიძლება დასჭირდეს დრო).
ჯგუფი 3
ბოლო ფინანსური წლის აუდიტორული დასკვნა. ყოველ წელს გააკეთეთ აუდიტორული დასკვნები და თუ შესაძლებელია გქონდეთ ინგლისურენოვანი ვერსიაც.
გასული 3 ფინანსური წლის ბალანსი, მოგება-ზარალის ფორმა, ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისი. არსებულ ორგანიზაციაზე ამ ფორმების მოთხოვნა ჩვეულებრივი ამბავია. უთხარით თქვენს ბუღალტერს ყველა ფორმა მოამზადოს ისე, როგორც წესი და რიგია თავისი ვადებში.
ჯგუფი 4
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ. გქონდეთ 1 გვერდიანი აღწერა, სადაც დეტალურად წარმოაჩენთ თქვენს ორგანიზაციას, მის ისტორიას, საქმიანობას, მიღწევებს, ჯილდოვებს, სერტიფიკატებს და ა.შ. ქართულადაც და ინგლისურადაც.
ინფრასტრუქტურის და პროდუქციის/მომსახურების ფოტოები. დაასურათეთ თქვენი ინფრასტრუქტურა: ოფისი, პროდუქცია (თითოეული ნიმუში ცალ-ცალკე), წარმოება (თითეული დანადგარი ცალ-ცალკე) და ყველაფერი ის, რაც მნიშვნელოვანია თქვენს ორგანიზაციაში. არ ვამბობ კატალოგი გააკეთეთ მეთქი, უბრალოდ გქონდეთ ფოტოები.
ორგანიზაციული სტრუქტურა. გამზადებული გექნეთ ორგანიზაციული სქემა, სადაც იერარქიულად მოცემული იქნება პოზიციები და თითოეულ პოზიციაზე მყოფი ადამიანის სახელი და გვარი. იქვე შეჯამებაში მიაწერეთ თანამშრომლებიდან რამდენია ქალი და კაცი, ასევე რამდენია 35 წელს ქვემოთ და რამდენი 35 წელს ზემოთ (ხშირად საერთაშორისო პროგრამებში 35 წელს ქვემოთ ადამიანები ახალგაზრდებად ითვლებიან). ასევე მონიშნული გექნეთ რამდენია სოციალურად დაუცველი, უნარშეზღუდული, იძულებით გადაადგილებული.
წამყვანი პერსონალის CV-ები ქართულ და ინგლისურ ენებზე. ოღონდ ნუ გამოიყენებთ “გენოისა სამჭკუაშვილის” CV-ს ფორმატს. მოძებნეთ Europass ფორმატი და მასში გააკეთეთ. ეცადეთ 2 გვერდზე მეტი არ იყოს CV.
ვებსაიტი და FB გვერდი. ეს ორი თქვენი სავიზიტო ბარათებია. გქონდეთ მუდმივად გაახლებულ-მოწესრიგებული.
ჯგუფი 5
სერტიფიკატები. მზად გქონდეთ ყველა სერტიფიკატი, როგორც ფურცლოვანი, ასევე ელექტრონული ვარიანტი; არა მხოლოდ ორგანიზაციის, არამედ წამყვანი პერსონალისიც.
ჯილდოები. ხშირად ამ ფაქტორს არ აქცევენ ყურადღებას, არადა საჭიროა. თუ რამ შესაძლებლობა გაქვთ რამე ჯილდო აიღოთ, აიღეთ! არასოდეს იცით რაში და როდის წაგადგებათ.
ხარისხის სტანდარტის დოკუმენტები. აუცილებლად გქონდეთ ფურცლოვან და pdf ფორმატში ყველა სერტიფიკატი თუ სტანდარტი იქნება ეს ISO სტანდარტი თუ შიდა სტანდარტი.
ჯგუფი 6
ყველა ის სპეციფიკური დოკუმენტი, რომელიც თქვენი სპეციფიკის მიხედვით შეიძლება გქონდეთ, აუცილებლად იქონიეთ როგორც ფურცლოვან, ასევე pdf ფორმატებში.
და ბოლოს,
ფონდების მოძიება რომ წარმატებული იყოს ორი რამეა საჭირო: მომზადება და იღბალი! იღბალი ბოზია, ხან თქვენთან წევს ხან სხვასთან, ამიტომ მის იმედზე ვერ იქნებით! დაგრჩათ ერთი – მომზადება!