როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა? – შეკითხვა, რომელზედაც პასუხი საკითხში ჩაუხედავთ ადვილი ეჩვენებათ, ბიზნეს გეგმის დაწერა “ყველი და პურის ჭამა” ჰგონიათ, არადა ამ საქმეს სპეციფიკური ცოდნა & უნარები სჭირდება.
ქვემოთ სტატიაში ჩემი 22+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე აგიხსნით რომელი 12 ცოდნა & უნარი სჭირდება თქვენი გზააბნეული აზრების ადამიანისთვის გასაგებ ენაზე ბიზნეს გეგმის სახით დალაგებას.
[პუნქტების რიგს მნიშვნელობა არ აქვს. ყველა მნიშვნელოვანია]
თქვენ კი პარალელურად დაფიქრდით: ამ 12 ცოდნა & უნარიდან რამდენი გაქვთ და რა დონის?
მაშ დავიწყეთ …
1. ბიზნეს პრაქტიკის და გარემოს სიღრმისეული ცოდნა
ბიზნეს გეგმას მე-2 კურსელიც დაგიწერს, თუმცა ზედაპირულს. თუ ბიზნესის რომელიმე მიმართულებაზე სწავლობს ადამიანი, ერთი საკურსო/ჩათვლა/რეფერატი მაინც ექნება ჩასაბარებელი ამ თემაზე და ამ დროს ისწავლის დაწერას. აზრიანი სტუდენტი კარგადაც დაწერს.
თუმცა, ბიზნესის პრაქტიკული ცოდნა, წლების გამოცდილება, ბიზნეს გარემოს ცოდნა, კავშირები და სხვადასხვა სფეროებში ჩახედულობა (და ბევრი სხვაც) სწორედ ისაა, რომელთა გამოც სპეციალისტი თემას ბოლომდე “გაბურღავს” და ყველა “კენჭს ამოატრიალებს” საიმისოდ, რომ საბოლოო ბიზნეს გეგმაში ინვესტორმა დაინახოს ფული (ესა ყველა ბიზნეს გეგმის მთავარი მიზანი).
2. პრაქტიკული გამოცდილება იმ სფეროში, რაზედაც გეგმა იწერება
ან სწრაფად ათვისების უნარი.
რა ცოდნა & გამოცდილება გაქვთ უშუალოდ იმ სფეროში, რაზედაც ადგენთ ბიზნეს გეგმას?
მსგავსი გაგიკეთებიათ?
დავუშვათ საგრანტო პროექტი გინდათ გააკეთოთ 30 სულიანი ძროხის ფერმის მოწყობაზე. გესმით ეს საქმე – მესაქონლეობა?
თუ არა, დამერწმუნეთ ისეთ იაღლიშებს დაუშვებთ მსჯელობაში / წერაში / რიცხვებში, რომ არასპეციალისტიც კი აღმოგიჩენთ ლაფსუსებს.
ცოდნის ამ დეფიციტის კომპენსირება შეიძლება სწრაფად შესწავლით. სწავლა და გადასწავლა კი ბევრს არ შეუძლია.
3. კომუნიკაციის უნარი
წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც თვითონ არ იცის რა უნდა. ვგულისხმობ ბიზნეს გეგმის მსურველს (10-დან 9 ასეთია) და რაც მთავარია, არ შეუძლია თავისი აზრის ნათლად გადმოცემა.
მე უნდა შევძლო და მისი გაურკვეველი, ზოგადი ფრაზებიდან გამოვაკრისტალო კონკრეტული ინფორმაცია, მერე დავალაგო ეს სათანადო წესით ისე, რომ მესამე პირმა (ბანკის ან ფონდის წარმომადგენელმა მაგალითად), რომელიც საკითხში შეიძლება ს ა ე რ თ ო დ ვერ ერკვეოდეს, ნაწერი, ცხრილები და დანართები მარტივად გაიგოს ის, რაც მე მინდა რომ მან გაიგოს.
ეს ნამდვილად არის ნიჭი, რომელიც პრაქტიკით უნდა “ალესოთ”!
4. შაბლონი
შაბლონი არის სტრუქტურა, თუ რა ნაწილებისგან შედგება ბიზნეს გეგმა. ყველა თემას თავისებური შაბლონი სჭირდება, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე.
სულ სხვაა შაბლონი მეხორცული მეცხოველეობის ბიზნეს გეგმისთვის, სულ სხვა საოჯახო სასტუმროს ბიზნეს გეგმა, სულ სხვა სამაცივრე მეურნეობის და სულ სხვა აგრო ბიზნეს გეგმა.
“სწორი” შაბლონით მუშაობა ბევრს ნიშნავს. თან ყველა დაკვეთა ინდივიდუალურია, ამიტომაც შაბლონიც კი მოსარგები შეიძლება გახდეს დამკვეთის სპეციფიკაზე.
მე პირადად მაქვს ჩემი შაბლონი, რომელსაც ვავითარებ გამოცდილების ზრდის პარალელურად. ამ შაბლონში ყველა ნიუანსია, რაც კი რომელიმე საქმეზე მუშაობისას შეიძლება დამჭირდეს.
ასევე მაქვს ყველა იმ ფონდის თუ ორგანიზაციის შაბლონი, რომელიც ითხოვს “მისთვის მისაღებ” ენაზე ბიზნეს გეგმის წარდგენას.
5. კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის უნარი
ბიზნეს გეგმის თითოეული განყოფილება რეალურად არის კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხების და სათანადო თვალსაჩინოებების ერთობლიობა.
ადამიანთან 95%-ს კი კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემის უნარი არ აქვს.
ადამიანს, რომელსაც ეს უნარი აქვს, უჩემოდ შეუძლია ხელში დაიჭიროს ბიზნეს გეგმის დაწერის შაბლონი, უპასუხოს შეკითხვებს და თავადვე დაწეროს თავისივე ბიზნეს გეგმა ჩემი დახმარების გარეშეც კი.
ხშირად, როცა მარტივი განაცხადის ფორმაა, ამ უნარის მქონე ადამიანს თუ დააკვალიანებ, სრულიად საკმარისია, რომ მან სრულფასოვნად შეავსოს მაგალითად საგრანტო განაცხადის ფორმა.
6. ტექსტის გამართულად ჩამოყალიბების უნარი (თან კონკრეტულად, რიცხვებით)
ზოგი კარგად საუბრობს, მაგრამ ცუდად წერს. ზოგიც კარგად წერს, მაგრამ გირჩევნია ხმა არ ამოიღოს.
რაც არ უნდა კარგი აზრები გქონდეთ საჭიროა მათი ფურცელზე გადატანა და ეს უნდა გაკეთდეს გრამატიკულად სწორად, კონკრეტულად, მარტივად და შეიძლება რამდენიმე ენაზეც კი.
შეგიძლიათ 30 სიტყვიანი აბზაცის ისე დაწერა, რომ 3 მაინც გრამატიკული შეცდომა არ დაუშვათ?
ადამიანთა უდიდეს ნაწილს ეს არ შეუძლია. აბა სცადეთ და ჩამოაყალიბეთ თქვენი ბიზნეს იდეა 30 სიტყვაში ისე, რომ 4-ე კლასელმა ბავშვმა გაიგოს რაში გააკეთებთ ფულს.
როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა ამ უნარის გარეშე? თუ ბიზნეს გეგმის ნიმუში pdf -ები გამოგადგებათ საამისოდ (ცნობისათვის, დიდად არ გამოგადგებათ)?
7. კვლევის და ანალიზის უნარები
ნებისმიერი რიცხვი, რომელსაც მოიყვანთ ბიზნეს გეგმაში, ანალიზს & კვლევას უნდა ეფუძნებოდეს.
კვლევის ჩატარება შეგიძლიათ?
მონაცემთა ანალიზი შეგიძლიათ?
დიახ, ეს სპეციფიკური ცოდნებისა და უნარების ნაკრებია (მეტიც, ცალკე პროფესიაა), რომელსაც წლების მანძილზე სჭირდება გაშარაშინება და დახვეწა.
უკაცრავად, დაგუგლვას არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში (თუმცა, ამასაც ცოდნა უნდა).
8. საბაზო ფინანსური განათლება
ბიზნეს გეგმა არ არის მხოლოდ “მოთხრობა”.
საჭიროა ფინანსური ინფორმაციის სათანადო ცხრილების შედგენა.
შეგიძლიათ ეს?
არადა, ესენი მარტივი ცხრილებია, რომელთაც ერთხელ თუ კარგად ვინმე აგიხსნით და მას კარგად მოუსმენთ, გაცილებით ადვილდება ამის გაკეთება.
ბიზნეს გეგმის დაწერა პროექტის დაწერა არ არის, სადაც მაქსიმუმ 1 გვერდიანი ბიუჯეტი მოითხოვებს.
9. word, excel ცოდნა (power point-იც)
ვერც კი წარმოიდგენთ რამდენმა არ იცის word და excel.
არა, მე არ ვგულისხმობ word და excel ფაილის გახსნას და კლავიატურასთან მუშაობას. მე ვგულისხმობ იმას, რომ ტექსტი ან ცხრილი გააკეთო ისე, რომ ადამიანისთვის მისი ყურება / კითხვა იყოს სასიამოვნო, ანუ ფორმატირებასაც ვგულისხმობ.
თუ ვერ ხვდებით რას ვგულისხმობ მაგალითს გეტყვით: წარმოიდგინეთ word -ის ერთი გვერდი, მთლიანი დიდი აბზაცი, 10-იანი შრიფტით, არეული სასვენი ნიშნებით.
წარმოიდგინეთ?
გინდა ორი აგური შემოგირტყამთ ადამიანისთვის, გინდათ ესეთი ტექსტი მიგიცია წასაკითხად.
10. დრო
როგორ დავწერო ბიზნეს გეგმა ერთია, მაგრამ რა დრო დასჭირდება ამ საქმეს სულ სხვა.
ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი ღირს. ფასს კი ძირითადში დახარჯული დრო განაპირობებს.
სრულფასოვანი ბიზნეს გეგმა შეიძლება დაწერო 1 კვირაშიც, 2 კვირაშიც და 3 კვირაშიც, ან მოანდომო თვეები … ან დაწერო 3 დღეში.
მაღალი კვალიფიკაცია ნიშნავს, რომ უკეთესი ხარისხის ბიზნეს გეგმა ნაკლებ დროში შეადგინო (და ნაკლებ თანხაშიც).
რაც ნაკლებია ბიზნეს გეგმის დამწერის კვალიფიკაცია, მით მეტი დრო დაეხარჯებათ ბიზნეს გეგმის დაწერაში და მით ზედაპირული იქნება იგი.
11. კავშირები
არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის ან ყველაფერი შეუძლია!
ყოველთვის საჭიროა შენზე მეტად მცოდნე, ვისაც რჩევას ჰკითხავ – “ზარი ახლობელთან”.
გყავთ ასეთი ადამიანი თქვენთვის საინტერესო სფეროებში (თქვენს ე.წ. “ბაბლში”)?
დავუშვათ ბიზნეს გეგმა აწარმოე საქართველოში გაქვს მისატანი. გყავს ვინმე, ვინც კომპეტენტურად დაგაკვალიანებს?
12. გვერდში დგომა და დაკვალიანება
ხელთ გეჭიროს ბიზნეს გეგმა ერთია, მაგრამ შემდეგ იწყება “არდავიწყება”. მაგალითად ბანკში წარდგენა, ინვესტორებთან წარდგენა და ა.შ.
მზად ხართ გააკეთოთ სათანადო ფორმატის & დონის პრეზენტაცია სათანადო ხალხის წინაშე?
იქნებ გვერდში მდგომი გჭირდებათ, რომელიც გირჩევთ თუ სად რითი ჯობია მისვლა?
შეთავაზება ინვესტორისთვის დაგიწერიათ?
ანუ, როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა?
უკვე იცით!