ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?

როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?

თუ დაფიქრებულხართ როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა? ბიზნეს გეგმის გაკეთება ხარჯია … უდროო დროს ამ ხარჯის გაწევა კი ორმაგად ხარჯია … მე მომხრე ვარ ბიზნეს გეგმის დაწერის … მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა “სწორი” დრო დადგება!

წლების პრაქტიკის შედეგად ბიზნეს გეგმაზე მუშაობის ჩემი მეთოდი გამომიმუშავდა

როცა პოტენციური დამკვეთი მიკავშირდება პირველივე კონტაქტისას ვეცნობი ბიზნეს იდეას და ვარკვევ რა სტადიაზეა დამკვეთი. ვცდილობ გავარკვიო არის თუ არა მზად ის თემა საიმისოდ, რომ ბიზნეს გეგმად შეიკინძოს.

სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე გამოვყავი 3 ეტაპი, როცა სრულფასოვანი ბიზნეს გეგმის დაწერის საჭიროება რეალურად არ არის. დააკვირდით და თუ რომელიმე ეტაპზე აღმოაჩენთა საკუთარ თავს, გთხოვთ აუცილებლად მიაწერეთ კომენტარში. აქვე გეტყვით, რომ თემა საკამათოა და შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ.

1. იდეის შემუშავების ეტაპი

მოძებნეთ მწვავე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ვინმე ფულს გადაიხდის. მოიფიქრეთ პრობლემის გადაჭრის ეფექტური და ეფექტიანი გზა. ჩამოაყალიბეთ თქვენი ბიზნეს იდეა 12 სიტყვაში.

როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა? სწორედ ამ ეტაპზე. ჯერ იდეა არაა დახვეწილი და რა ბიზნეს გეგმაზე შეიძლება საუბარი? რა დათვლებზე და გათვლებზეა საუბარი?

კი ბატონო, შეიძლება პოტენციურად შეაფასო ბაზარი, გათვალო რამდენად მსუქანია ეს ჩიტი [ამის მეთოდიკა არსებობს], მაგრამ ეგაა და ეგა. ამის იქით ვერ მიდიხარ.

ეს ეტაპი შეიძლება გაგრძელდეს დღეებიც, თვეებიც და ხანდახან წლებიც კი …

2. MVP შექმნა

ყველაზე რეალური ტესტი საბაზრო ტესტია. შექმენი ნიმუში, შეამოწმე ჭრის თუ არა პრობლემას, შეამოწმე მიიღებს თუ არა მას ბაზარი.

MVP – Minimal Viable Product – პრაქტიკულად ეს არის პროტოტიპის შექმნა. ეს არის ნიმუში იმისა, რაც უნდა იყოს საბოლოო პროდუქტი. ესაა მინიმალურად „გამოსადეგი“ პროდუქტი, რომელსაც პროდუქტის სახე ბოლომდე აქვს და მისი აღქმა შესაძლებელია, თუმცა დაუხვეწავია ჯერ კიდევ. მიუხედავად იმისა თქვენი ბიზნეს იდეა მატერიალურს უკავშირდება თუ არამატერიალურს, MVP მაინც საჭიროა. თქვენსას თუ არ შექმნით, სხვისას მაინც შეხედეთ.

ამ ეტაპზე აკეთებ ექსპერიმენტებს, სწავლობ პროცესში, ხვეწავ იდეას, აუმჯობესებ. ჯერ საუბარი ზედმეტია რამე ბიზნეს პერსპექტიულობის მკვეთარად დანახვაზე. ამ ეტაპზე იმას მაინც თუ ხედავ, რომ ეს ჩიტი ბრდღვნად ღირს [გუმანით გრძნობ] უკვე კმარა. ეს ეტაპიც შეიძლება გაგრძელდეს დღეებიც, თვეებიც და ხანდახან წლებიც კი.

3. გუნდი

რაც არ უნდა კარგი იდეა იყოს, საჭიროა გუნდი, საჭიროა ყველა საჭირო ფუნქციონალური რგოლი – ადამიანები, რომლებიც ამ საქმის პროფესიონალები არიან და რომლებიც ამ საქმეს აიღებენ. თუ გუნდი არ გყავთ, თქვენი იდეის საიმედოობა მცირდება ინვესტორის თვალში.

მას შემდეგ რაც გაქვთ დახვეწილი იდეა, MVP და განვლილი გზა, რომელიც ასაბუთებს თქვენს გამოცდილებას და გყავთ გუნდი, უკვე შეიძლება თქვენი შემოწმებული იდეის რეალურად განხორციელებაზე გააკეთოთ განაცხადი და ინვესტორის მოძიებისათვის ჭიდილში ჩაებათ, ანუ ბიზნეს გეგმა გააკეთოთ.