ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > მეხორცული მესაქონლეობა? რა ფული “იჭრება” ?

მეხორცული მესაქონლეობა? რა ფული “იჭრება” ?

ამ სტატიის უმთავრესი ამოცანაა დაგანახოთ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს მეხორცული მესაქონლეობა ფერმერისთვის.

სტატიის თავდაპირველი ვერსია 2019 წლის 31 იანვარს შევქმენით მე – ტარიელ ზივზივაძემ და ბექა გონაშვილმა.

ქვემოთ დავტოვე რიცხვები მათთვის, ვისაც ბიზნეს გეგმის დაწერა აინტერესებს.

Disclaimer: რიცხვები ამ პანდემიის პერიოდში შეიცვლებოდა, თუმცა ლოგიკა ძალაშია!

საქმეზე გადავიდეთ …

ახლად დაბადებული ხბო რომ გახდეს 80 კილო

სჭირდება 3-4 თვე (ჩვენი, “ეროვნული”, ჯიშარეული, 20-35 კილოიანი, რომელიც ეხლა 300-350 ლარი ან მეტი ღირს) და მიახლოებით 300 ლარის რძე.

So, ასეთი ხბოს საბაზრო ფასი უკვე 600 ლარამდე ადის.

ფერმერს უღირს 80-100 კილომდე გაზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რძე აქვს და არ/ვერ ყიდის ან არ იყენებს იმ რძეს თვითონ.

მთლიანობაში აქ ზრდაში დამატებითი მოგება ვერ კეთდება.

ანუ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს 1-2 კვირის 20-35 კილოიან ხბოს გაყიდი 300-350 ლარად, თუ 3-4 თვის 80-100 კილოიან რძეზე გაზრდილ ბოჩოლას გაყიდი 600 ლარად. სხვაობას მაინც თვითონ იხდი რძეში (300 ლარის რძე სჭირდება).

80 კილოიანი ბოჩოლა რომ გახდეს 140 კილო

ეს ფერმერს უჯდება 2-3 თვე და 1) მწყემსის ფასი 35 ლარი, 2) ვეტერინარული წამლების 15 ლარი, და 3) ტრანსპორტირება და სხვადასხვა ხარჯი 15 ლარი.

ზრდა აქ მიიღწევა ძირითადად საძოვრის ხარჯზე, რომელიც შეიძლება იყოს სოფლის საძოვარი. ამ წონის საქონლის საბაზრო ფასი 800 ლარამდე ადის.

So, 80-დან 140-მდე ზრდის შემთხვევაში გასაყიდი ფასნამატია საშუალოდ 200 ლარი (800-600), ხარჯი კი საშუალოდ 75 ლარი (35+15+15).

ჯამში პლიუსია 125 ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ათ 80 კილოიან ხბოს თუ იყიდი, აიყვან 140 კილოზე თითოს და შემდეგ გაყიდი, ჯამში სუფთად დაგრჩება 1,250 ლარი.

140 კილოიანი ბოჩოლა რომ გახდეს 250 კილო

ეს ფერმერს უჯდება 5-6 თვე და 1) მწყემსის 70 ლარი, 2) თივა 45 ლარი, 3) საძოვრის 25 ლარი, 4) ვეტერინარული წამლები 15 ლარი, 5) ტრანსპორტირება და სხვა ხარჯები 15 ლარი.

ასეთი საქონლის საბაზრო ფასი ხდება 1250 ლარი.

So, 140-დან 250-მდე ზრდის შემთხვევაში გასაყიდი ფასნამატია საშუალოდ 450 ლარი (1,250-800), ხარჯი კი 170 ლარი (70+45+25+15+15).

ჯამში პლიუსია 280 ლარი.

ეს ნიშნავს იმას, რომ ათ 140 კილოიან ბოჩოლას თუ იყიდი, აიყვან 250 კილოზე თითოს და შემდეგ გაყიდი, ჯამში სუფთად დაგრჩება 2,800 ლარი.

250 კილოიანი საქონელი რომ აიყვანო 400-420 კილომდე

ამას სჭირდება 4 თვე (რომ შესვა კორმაზე და გაასუქო) და 1) სპეციალური საკვები 500 ლარის, 2) მომვლელის / პერსონალის ხარჯი 100 ლარი, 3) სხვადასხვა ხარჯები 20 ლარი.

So, სუფთა ხორცი გამოვა 210-220 კილო და გაყიდის 2,500 ლარად.

ანუ, 250-დან 420-მდე გასაყიდი ფასნამატია 1,250 ლარი (2,500-1,250), ხარჯი კი 620 ლარი (500+100+20). ჯამში პლიუსია 630 ლარი (1,250-620).

ეს ნიშნავს იმას, რომ ათ 250 კილოიან ბოჩოლას თუ იყიდი, აიყვან 420 კილოზე თითოს და შემდეგ გაყიდი, ჯამში სუფთად დაგრჩება 6,300 ლარი.

დაინახეთ ფული? ამიტომაცაა ფრიად საინტერესო მეხორცული მესაქონლეობა.