ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > როგორ მოიძიოთ ბიზნეს იდეა?

როგორ მოიძიოთ ბიზნეს იდეა?

რა ბიზნესი დავიწყო?
რა ბიზნეს იდეა მოვიფიქრო?
სად მოვიძიო ბიზნეს იდეა?
როგორ მოვიფიქრო ბიზნეს იდეა?
რამდენად გაამართლებს ჩემი ბიზნეს იდეა?

ამას წინათ ერთი ახლობელი დამიკავშირდა Facebook-ით. ბიზნეს იდეა მაქვს, იქნებ მომისმინო და შენი აზრი მითხრაო. უმალვე გავისაუბრეთ. იდეა მართლა საინტერესო იყო, ძალიან კარგი ხალხისთვის და ძალიან კარგი თემით, მაგრამ რამოდენიმე შეკითხვის დასმის შემდეგ ნათელი გახდა ძირითადი სისუსტეები. მთავარი სისუსტე კი შემდეგი იყო: პრობლემა, რომელსაც ეს იდეა წყვეტდა არ იყო ისეთი მწვავე პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც მიზნობრივი აუდიტორია ფულს გადაიხდიდა.

20+ წლიანი საკონსულტაციო საქმიანობის მანძილზე მრავალი წარმატებული და წარუმატებელი პროექტი/ინიციატივა/საქმე წამომიწყია და 100% დავრწმუნდი ერთ რამეში: თუ შენი ბიზნეს იდეა კონკრეტულ პრობლემას არ აგვარებს, მასში ფულს არავინ გადაიხდის. ამიტომ ბიზნეს იდეების მოძიების დროს დასვით ერთი მარტივი შეკითხვა – „რა პრობლემა გადავჭრა?” და უპასუხეთ მას.

რა პრობლემას ჭრის უბნის მარკეტი? როცა რამ მოგინდება, ჩადიხარ და იქვე ყიდულობ. რა პრობლემას ჭრის თონე? ამ პრობლემას ჰქვია “კუჭი”! რა პრობლემას ჭრის დასუფთავების სამსახური? ასუფთავებს! რა პრობლემას ჭრის სილამაზის სალონი? გალამაზებს! რა პრობლემას ჭრის მაწვნის მწარმოებელი? მაწონზე არსებულ მოთხოვნას აკმაყოფილებს (იგივე “კუჭი”)! რა პრობლემას ჭრის სტრიპტიზ კლუბი? სექსი, გართობა, ვისთვის როგორ … და ა.შ. უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

ეძიეთ პრობლემა, ე.წ. „სტრესის წერტილი“, ის რაშიც ადამიანს უჭირს. მნიშვნელობა არ აქვს ქუჩაში მოძრაობ თუ ინტერნეტ საიტზე “სეირნობ”, ავარჯიშე ტვინი, რომ დაინახო მწვავე პრობლემა, რომელიც გადაჭრას “იხვეწება”.

რამდენად გაამართლებს ბიზნეს იდეა? ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებულია და მათი ჩამოთვლაც კი არ არის ამ მინი სტატიის მიზანი. მთავარი პირველი ნაბიჯია დარწმუნდეთ, რომ თქვენი იდეა პრობლემას აგვარებს. რამდენადაც მწვავეა ეს პრობლემა, რამდენადაც ნაკლებია ბაზარზე კონკურენტი რომელიც ამ პრობლემას წყვეტს, რამდენადაც უნიკალური უპირატესობები გაქვთ ამ პრობლემის იაფად და ხარისხიანად გადაჭრაში, რამდენადაც ბევრია ის ხალხი რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებაში კარგად გადაიხდის, იმდენად მეტი შანსია რომ ამაზე ბიზნესი ააწყოთ.