ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მონიტორინგი
მონიტორინგი

მონიტორინგი დაგინიშნეს? 8 სუპერ რჩევა წარმატებისთვის!

მონიტორინგი ბოლო “ბარიერია” მიკროგრანტის მოგების გზაზე. ოღონდ მონიტორინგზე ყველასთან არ მიდიან. ვინც საგრანტო პროგრამის გასაუბრება წარმატებით (პირობითად ასე ვთქვათ) გაიარა, მათთან დარეკავენ, დაგეგმავენ ვიზიტს და ადგილზე გადაამოწმებენ რაც საჭიროა.

ვინც აქამდე მოვიდა, მისთვის მონიტორინგის გავლა სირთულე არ იქნება, მაგრამ ვინაიდან ეს გამოცდილება ბევრს არ აქვს, გადავწყვიტე მოკლე “დამამშვიდებელი” რჩევები მოგცეთ ამ თემაზე.

ეს რჩევები გამოადგება ყველას (პრინციპში ყველა ანალოგიური მონიტორინგისას)!

აქვე რჩევის სახით გეტყვით, რომ მიმდინარე კონკურსების შესახებ ინფორმაციას სისტემატურად ვაქვეყნებ Facebook გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა და შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კონკურსები მოიძიოთ.


[დააწკაპუნე ბანერზე და დარეკავ]


როგორ მოემზადოთ მონიტორინგისთვის?

[გარდა იმისა, რომ ელოდეთ ზარს ნებისმიერ დროს]

1. მონიტორინგი შემოწმებაა. უმთავრესია, რომ ყველაფერი რასაც ადგილზე მოსულები ნახავენ მაქსიმალურად შეესაბამებოდეს იმას, რაც სადმე დაგიწერიათ ან გიხსენებიათ.

თუ რაღაც გქონდათ დაგეგმილი, მაგრამ გარემოება შეიცვალა (მაგალითად თქვენთვის სასურველი ფართი გაქირავდა), მარტო ახსნა არ გიშველით.

ალტერნატივა გქონდეთ მზად (მაგალითად სხვა ფართი). უნდა ჩანდეს, რომ თქვენ გამოსავლის პოვნა შეგიძლიათ.

თუ სადმე რამეში მართალი არ ხართ, ან თუ სადმე მოიტყუეთ, აქ უკვე თქვენი “სიტუაციიდან გამოძრომის” უნარი თუ დაგიცავთ.

2. ნუ ეცდებით მონიტორინგზე მოსულების მოტყუებას ან თუ ეცდებით, დამაჯერებლად მაინც მოიტყუეთ.

საჭიროა კარგად გესმოდეთ, რომ გასაუბრება გექნებათ სპეციალისტებთან, შეიძლება არა უშუალოდ თქვენი სფეროს კარგად მცოდნე, მაგრამ აზრიან ხალხთან, რომელთაც ვერაფერს გამოაპარებთ.

ამიტომ, თავიდანვე აჯობებს გულწრფელად ისაუბროთ.

დამიჯერეთ, გამოცდილ თვალს ვერაფერს გამოაპარებთ. ერთს გკითხავთ და თქვენი სხეულის ენით გავიგებ იმაზე მეტს, ვიდრე თავად წარმოგიდგენიათ.

3. საჭიროა იცოდეთ თქვენი საქმე და თქვენი ბიზნეს გეგმა. ზედმიწევნით!

სულ სხვაა იცოდე საქმე (მაგალითად სასტუმროს მართვა). სულ სხვაა იცოდე მისი ბიზნესის მხარე. ეს ორი ერთმანეთს ავსებს, მაგრამ ერთი მედლის ორ მხარედ ჩავთვალოთ.

ყველა მასალა ამობეჭდილი გექნეთ ხელთ, რომ უცებ ჩახედოთ რიცხვებში. წარდგენილი იდეა, ბიზნეს გეგმაც. ამობეჭდეთ და წინასწარ ივარჯიშეთ!

ეს მასალა იარაღივითაა … ჯობია თან გქონდეთ და არ დაგჭირდეთ, ვიდრე დაგჭირდეთ და არ გქონდეთ!

მეტიც, დაანახეთ, რომ დროს უქმად არ კარგავთ და ამ ხნის განმავლობაში გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგით (და საქმე წინ წაიგდეთ).

რაღაც ერთი მაინც გქონდეთ “გადამალული კარტი”, რომელსაც “გააძრობთ” საჭირო მომენტში.

4. მონიტორინგი გამოცდაა. ემზადეთ უარესისთვის!

ყველაზე რთული შემთხვევაა თუ რაღაც აკვიატებული მოსაზრებით “შეიარაღებული” ადამიანები მოვლენ მონიტორინგზე და თავიდანვე თქვენთვის არასწორი მიმართულებიდან დაგისვამენ შეკითხვებს.

თქვენი “მოქნილობა” და იმპროვიზაციის უნარი, ასევე ღიმილი (დიახ, ღიმილი) ერთადერთი გამოსავალი აქ.

5. მონიტორინგისას კონკრეტულ შეკითხვაზე უპასუხეთ კონკრეტული პასუხი.

ადამიანების 95% და მეტს ეს უნარი არ აქვს. თქვენ მაინც ნუ დააღუპინებთ თავს “მიდებ-მოდებას”. არავინ გთხოვთ ბევრ საუბარს.

რაც მეტს ილაპარაკებთ, მით მეტ შეცდომას დაუშვებთ.

თუ საჭიროა ნუ მოერიდებით კამათსაც. თქვენი საქმის სპეციალისტი ხართ თქვენ. ამიტომაც არგუმენტებით დაჯახება შეიძლება მოგიწიოთ, ოღონდ რა თქმა უნდა კორექტულობის ფარგლებში. დაიცავით საკუთარი აზრი და პოზიცია.

6. მონიტორინგის დროს ყველა შეკითხვაზე პასუხი ვერ გექნებათ, ამიტომაც არ ღირს ეცადოთ თითიდან პასუხების გამოწოვას.

აჯობებს თქვათ გულწრფელად რა სიტუაცია გაქვთ და თქვათ, რომ ამას მოვაგვარებ ასე, ასე და ასე. გამოსავალი უნდა გექნეთ.

აუცილებლად დადეთ / აჩვენეთ კონკრეტული პასუხი / “წამალი”. ეს მნიშვნელოვანია!

7. მონიტორინგი მორიგი “ტესტია”. პასუხები გაეცით შეძლებისდაგვარად დამაჯერებლად.

ცხადია ინერვიულებთ, თუმცა მოემზადეთ, მიჰყევით ამ რჩევებს და მეტი დამაჯერებლობა “ბონუსად” მოჰყვება თითოეული ზემოთხსენებული ნაბიჯის გადადგმას.

8. მოემზადეთ რიგიანად და ყველაფერი იქნება რიგზე!

მონიტორინგი ბოლო ეტაპია. აქამდე რახან მოხვედით, ე.ი. გამარჯვების ძალიან დიდი შანსი გაქვთ.

წარმატებებს გისურვებთ!


[დააწკაპუნე ბანერზე და დარეკავ]