ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?

რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?

2016 წლის 17 ივნისს საქართველოში „სტარტაპ საქართველო“-ს ინოვაციური პროექტების დაფინანსების პირველი რაუნდი გამოცხადდა. პროექტის პირველადი დოკუმენტაცია რომ შევისწავლე ყველაზე სასიამოვნოდ რამაც გამაოცა იყო შემდეგი: უმაღლეს დონეზე მომზადებული ბიზნეს გეგმა მოითხოვებოდა ინოვაციური სტარტაპის დამფუძნებლის მიმართ.

ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როცა სახელმწიფო პროგრამამ მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ასე მაღალ დონეზე დასვა მოთხოვნა ბიზნეს გეგმების მიმართ.

მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო …

საქართველოს ბიზნეს გარემოს პულსზე 90-იანი წლებიდან მიდევს თითი. მახსოვს 90-იანებში “ბომბი“ თემა იყო ბიზნეს გეგმის შემუშავება. მაშინ ლიტერატურა ბევრი არ იყო და ვინც ამ თემებში „იხარშებოდა“, ვინც საერთაშორისო პროექტებზე მუშაობდა და ხელში ფურცლებით და ფაილებით ხელში დარბოდა სამთავრობო სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, ავტორიტეტს თავისი ვიზუალის გამოც კი იმსახურებდა.

მოითხოვებოდა თუ არა მაშინ ბიზნეს გეგმა მასიურად ბანკების, სამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს ორგანიზაციების მიერ? არა რა თქმა უნდა! ვის რაში ჭირდებოდა? მაშინ ძალიან მოდაში იყო ბიზნეს გეგმის გაკეთება, ოღონდ მხოლოდ საერთაშორისო პროექტებზე.

გავიდა დრო…

და მას შემდეგ რაც ბაზარზე 16 წლის წინ MBG [დღევანდელი პროკრედიტ ბანკის „მამა“] შემოიჭრა თავისი სუპერ თანამედროვე საკრედიტო სისტემით, საერთოდ გაქრა ბიზნეს გეგმაზე მოთხოვნა კი არა, საუბარიც კი მოკვდა.

კრედიტის მიცემის მიზანშეწონილობის გაანგარიშების ბიზნესის შეფასების ინოვაციური მეთოდოლოგია მალე სხვა ბანკებმაც აიტაცეს და სულ მალე თუ ვინმე სესხს გასცემდა [საბანკო სისტემის თანამშრომლები] ყველა თვითონ აკეთებდა ყველანაირ ანალიზს მეწარმეების მიერ წარდგენილი „კლეტკიან რვეულში“ ჩაწერილი შავი ბუღალტერიის საფუძველზე და ისე გასცემდნენ სესხებს. არავინ ითხოვდა ბიზნეს გეგმებს, ვინაიდან არავინ ენდობოდა სხვის ნაცოდვილარს და შესაბამისად არც არავინ იკლავდა თავს ბიზნეს გეგმის გაკეთებაზეც [ისევ და ისევ გარდა საერთაშორისო პროექტებისა].

გარდა ამისაა სტარტაპს ისედაც არავინ აფინანსებდა, ბიზნეს გეგმა კი პირველ რიგში მას სჭირდება. არსებული კომპანიები კი თავისითაც ახერხებდნენ რაღაცას.

წარმოგიდგენთ 5 პრაგმატულ მიზეზს, თუ რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა.

1. ბიზნეს გეგმაზე მუშაობა მეტად სასარგებლო ძიების პროცესია

ეს შემთხვევა რამოდენიმე წლის წინ მქონდა …

პოტენციურმა დამკვეთმა დამირეკა …

საწარმოსთვის ბიზნეს გეგმის გაკეთება უნდოდა …

იდეა მოკლედ გამიზიარა და მთხოვა იქნებ აჭარაში ჩავსულიყავი …

გამომიგზავნა მანქანა …

ჩავედი …

გავიარეთ თემა, ჩავეძიე, დავუსვი შეკითხვები, ვითხოვე ახსნა-განმარტებები …

აღმოვაჩინე, რომ ბუნებრივი ქვის ფილების წარმოების გაკეთება უნდოდათ …

მოვითხოვე სანედლეულო ბაზის/ადგილის დათვალიერება …

წამიყვანეს …

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც არის 5 მეტრის სიგანის გზა, ერთ მხარეს უზარმაზარი ციცაბო კლდე, მეორე მხარეს წკვარამი, ხრამი რაღაც …

აჭარის მთიანეთში …

სურათი სხვაა, მაგრამ ზუსტად ასეთ ადგილას გავაჩერეთ…

cliff-road

გადმოვედით მანქანებიდან …

ვკითხულობ სადაა სანედლეულო ბაზა?

აი ნედლეული და მიმითითეს კლდისკენ …

გავოცდი …

და წავიდა კითხვების ნაკადი და აღმოჩენების ნაკადი [მათთვის აღმოჩენების] …

ნიმუში აიღეთ? არა …

რამდენნაირი ქვა გამოდის აქედან? სავარაუდოდ 2 ან 3 სახის …

კვლევა გაქვთ? არა …

გეოლოგების დასკვნები გაქვთ? კი  …

ბაზარზე ანალოგები არის? კი …

აქ რომ ნედლეულის მოპოვება დაიწყო, გზას რას უპირებთ, კეტავთ? არ ვიცით …

და კიდევ უამრავი თემატური შეკითხვა დაისვა, რომელსაც პასუხი არ მოეპოვებოდა კი არა თემაზე ნაფიქრიც არ იყო …

თითოეული ცხადია გამოსაძიებელია, და ბიზნეს გეგმაში პასუხებია ჩასართავი …

ჯერ სადაა …

ვიკითხე: სად იქნება უშუალოდ გადამამუშავებელი საწარმო?

წამიყვანეს ადგილზე, სადღაც 10 კილომეტრში …

იქვე პატარა მდინარეა …

ნედლეული ამ მანძილზე ამ გზით გინდათ მოიტანოთ? აქ კომუნიკაციები არის? ელ.ენერგია შემოდის? წყალი საიდან? ნარჩენი საით წავა? გარემოზე ზეგავლენა შესწავლილია? ამ ადგილამდე გზა არ გინდათ? წიაღისეულის მოპოვების ნებართვა გაქვთ?

თითოეული გამოსაძიებელია რა თქმა უნდა და ბიზნეს გეგმაში ჩასართავია …

ამას მოჰყვა შემდეგი პარტია შეკითხვები …

საქართველოში ბაზარი შესწავლილია? საექსპორტო ბაზრები? ვინ გყავთ პასუხისმგებელი? ინვესტორი ვინ იქნება? როდის აპირებთ წარმოების დაწყებას? მიწის საკადასტრო რუკა გაქვთ?/ მიწები ნაყიდი გაქვთ? როგორ აპირებთ ყიდვას?

ადვილი არ გეგონოთ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა …

მით უმეტეს, რომ თითქმის ნახევარზე ნაფიქრიც არ გაქვს ..

ის საქმე არ გამოვიდა …

პირველივე შეხვედრიდან მიხვდნენ ამას …

ეს ჩაძიება და აღმოჩენები მხოლოდ ერთ 3 საათიან შეხვედრაზე მოხდა…

ეხლა წარმოიდგინეთ რა ხდება ბიზნეს გეგმაზე მუშაობის მთელ პროცესში, როცა თემას ბოლომდე „ხრავ“ …

ამიტომაც მეგობრებო გაითვალისწინეთ შემდეგი: ბიზნეს გეგმის დაწერას მე-2 კურსელი ჭკვიანი სტუდენტიც მოახერხებს, მაგრამ ჩაძიებას და თემის „გახვრას“ მხოლოდ გამოცდილი პროფესიონალი თუ შეძლებს რიგიანად.

2. თემის დალაგება კონკრეტული შაბლონით და ერილობით ფორმაში დიდი უპირატესობაა

სრულფასოვან ბიზნეს გეგმას აქვს კონკრეტული შაბლონი და მცირედი ვარიაციებით ყველა ამ შაბლონში აკეთებს. შაბლონებზე ჩვენ თავის დროზე ვისაუბრებთ. აქ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სხვადასხვა სფეროსთვის ეს შაბლონი სხვადასხვა უნდა იყოს. სოფლის მეურნეობას სხვა ფორმატი აქვს, მაღალტექნოლოგიურ იდეას კი სხვა, წარმოებას სხვა და მომსახურებას სხვა, და ა.შ.

სტრუქტურა გაძლევს საშუალებას საჭირო აზრი საჭირო ადგილზე დაწერო. წამკითხავსაც ურჩევნია, რომ ბიზნეს გეგმის წარმდგენის აბურდულ იდეების ნაკრებს კი არა, არამედ მკაცრად დალაგებული სტრუქტურის დოკუმენტს კითხულობდეს.

აი ნიმუშად ნახეთ ჩემს მიერ 2016 წლის გაზაფხულზე გაკეთებული ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის ბიზნეს გეგმის შაბლონი. პროექტი საპარტნიორო ფონდს წარედგინა და მან დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადა. პროექტი ჯერ დაწყებული არაა, ვინაიდან სამაცივრეს მმართველები ეძებენ ინვესტორს [აქვე გეტყვით, რომ თუ თავისუფალი 800,000 $ გაქვთ, ძალიან მაგარ თემაში გაქვთ ჩართვის შანსი. დამიკავშირდით და დაგაკავშირებთ საჭირო ხალხს].

outline

3. ბანკის, ფონდის, სახელმწიფო პროგრამის, ინვესტორის მოთხოვნა

ყველა სახელმწიფო პროგრამაში [აწარმოე საქართველოში, მის ქვეკომპონენტებში, ARDA, საპარტნიორო ფონდის და ა.შ.] პროექტი ბიზნეს გეგმის სახით უნდა წარადგინო …

ყველა ფონდში თავისი ფორმატი აქვთ …

ყველა ინვესტორს კიდევ შეიძლება თავისი წიკები აწუხებდეს და თავისებურად ითხოვდეს …

და ფორმატებიც თავისი აქვთ.

4. ბიზნეს პერსპექტიულობის დანახვა წინასწარ – დაინახო ფული

როგორც არ უნდა იცოდე საქმე …

როგორც არ უნდა გრძნობდე პერსპექტივას …

როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყო მომავალში …

სულ სხვაა, როცა ერთ ცხრილში, ერთ გვერდზე ხედავ თემის ბიზნეს პერსპექტივას …

აი ასე ჩანს ფული …

მაგრამ ასეთი ცხრილი რომ დადო, გრძელი გზაა გასავლელი …

cashflow-table

ცხადია ეს მარტივი ფორმაა, თორემ ფულის დასანახად ხშირად გაცილებით უფრო მეტიც ხდება საჭირო.

5. გაზიარება და განსხვავებული აზრის მოსმენა

ორი თავი უფრო უკეთესია თუ ერთი?

რაც არ უნდა კარგად ჩამოყალიბებული გქონდეს მოსაზრებები, თუნდაც დაწერილი გქონდეს ისინი ბიზნეს გეგმის სახით, მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გადაახედო იგი „საჭირო“ ადამიანს, რომელიც „საჭირო“ რჩევებს მოგცემს „საჭირო“ მიმართულებით.

ყოველ ჯერზე როცა ასეთ ქმედებას მიმართავთ, შეკითხვები წინასწარ უნდა გქონდეთ მომზადებული. შეიძლება ადამიანს გადაახედო მხოლოდ იდეის აღწერა, და ზოგადი მოსაზრება ჰკითხო. შეიძლება აქცენტი გააკეთო იმაზე, თუ რამ ვერ გაიგო გითხრას და ა.შ.

მე გამიკეთების მსგავსი რამ და ყოველთვის ხშირად ვსარგებლობ ხოლმე ამ შესაძლებლობით თუ იგი მაქვს. თქვენც იგივეს გირჩევთ. გადაახედეთ თქვენი ბიზნეს გეგმა სანდო და კვალიფიციურ სპეციალისტს, რომელიც ანალიზს გააკეთებს და რეალურად სასარგებლო რჩევებს მოგცემს.

evaluate