ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ტარიელ ზივზივაძე მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შესახებ

24 აპრილს მთავრობის მიერ დაანონსებული მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის და შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის შესახებ … ვწერ ადამიანი, რომლის პროფესიაა დაგეგმარება; ბოლო 2 თვე კი მთავრობის მიერ ეკონომიკის სფეროში გადადგმულ ყველა ნაბიჯზე კრიტიკის მეტი არაფერი დამიწერია.

სამი მთავარი სათქმელი:

  1. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა – არის “ღარიბი ქვეყნის გეგმა”! უამრავი მინუსი აქვს, ბევრი რამ ნათელი არ არის, ბევრი რამ არ მომწონს, ბევრი რამის უკეთესად გაკეთება შეიძლება, მაგრამ ეს არის სწორედ იმ ტიპის გეგმა, რომელიც საჭიროა კრიზისის პერიოდში (სათანადო მოქნილობით, სიხისტით და ხედვით) და ეს არის მთავარი!
  2. შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის ამოქმედების გეგმა კი არის შეიძლება არა იდეალური, მაგრამ ნამდვილად არის ნათელი ნაბიჯების თანმიმდევრული ერთობლიობა, რომელიც მაძლევს ხედვას თუ რა იქნება მომავალში. დროში გაწერილი ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვისაც და ბიზნესისთვისაც!
  3. თუ საერთო სურათს შევხედავთ ეკონომიკის მდგომარეობა რეალურად არის რთული. ძალიან ბევრი არის დამოკიდებული მაისის 5-10 რიცხვების პერიოდში როგორი სიტუაცია გვექნება ეპიდემიის კუთხით (ბზობა-აღდგომის “გამოძახილს” ვგულისხმობ). საუკეთესო შემთხვევაში გვექნება იგივე სიმწვავის სიტუაცია რაც დღეს გვაქვს, უარეს შემთხვევაში … აღარც მინდა წარმოვიდგინო … საჭიროა ყველაფერი გაკეთდეს, რომ ეპიდემია იყოს კონტროლირებადი, რომ მის ფონზე ეტაპობრივად აღდგეს ეკონომიკური საქმიანობა!

ხუთი დასკვნა ეკონომიკაში საფრთხის კარგად გასააზრებლად:

  1. მთავრობის ხელში არსებული 12 მილიარდიანი ბიუჯეტიდან რეალურად დარჩა პოტენციური 7,5-8 მილიარდი ლარი, რომელსაც სავარაუდოდ მიიღებენ გადასახადების სახით (ესეც უკეთეს შემთხვევაში თუ ეპიდემიური სიტუაცია არ გაუარესდა და lockout დადგენილთან მიახლოებულ ვადებში შესრულდა). ნახსენები 1,5 მილიარდი USD არის მოზიდული სესხი მთავრობისთვის, რომ მან ბიუჯეტის ხარჯები დააფინანსოს. და ეს არის ვალი! მთელი ეს “დახმარებები” არის ვალი და ეს იქნება ჩვენი შვილების გადასახდელი ვალი!
  2. 2019 წლის 45 მლრდ ლარიანი ეკონომიკა რეალურად 35 %-ით შემცირდება (ამაზეა გათვლა). 10 მილიარდი “მოისხლიტა” მხოლოდ ტურიზმის ხარჯზე. დარჩა 35 მილიარდი. დახურული ეკონომიკის ხარჯზე რამდენი გამოაკლდება ღმერთმა იცის, მაგრამ ვარდნა რომ მნიშვნელოვანი იქნება, ამას წყალი არ გაუვა! სამიზნეს კი ვარაუდობენ -4%, მაგრამ … შევხედავთ …
  3. 350,000-მდე ადამიანმა უკვე დაკარგა სამსახური (ამდენს ეხმარებიან 1200 ლარით) ან ვარაუდობენ რომ დაკარგავს. დააკვირდით, საქართველოში 2019 წელს დასაქმებული იყო 1,69 მილიონი ადამიანი. აქედან ნახევარი დაქირავებულ სამსახურში, მეორე ნახევარი კი თვითდასაქმებული. უყურეთ … 840,000 დაქირავებულიდან 350,000 დაკარგავს სამსახურს (ეს აღრიცხული). ეს ნიშნავს, რომ უმუშევრობა 11,6 %-დან რაღაც მომენტში გაიზრდება თითქმის 30 %-მდე (ეს მინიმუმ). აღარ ვსაუბრობ იმ თვითდასაქმებულებზე, რომლებიც “აფსაიტში” დარჩნენ და თითო 300 ლარიანი დახმარებას მიიღებს (250,000 ადამიანი). წლის ბოლოს უმუშევრობის რა რიცხვი დაჯდება, გამოჩნდება.
  4. ხალხი მასიურად გამოიტანს ბანკებიდან იქ განთავსებულ დეპოზიტებს და სწორედ საფინანსო სისტემის დასაბალანსებლად არის მეორე 1,5 მლრდ USD (სესხი ბანკებისთვის. ეს ბანკების ვალია “საბედნიეროდ”). და ეყოფა თუ არა ეს კიდევ საკითხავია. დაანონსებული სოციალური დახმარებები საქმეს ვერ შველის, საერთოდ ვერ შველის, მაგრამ ჩვენ აშშ არ ვართ, რომ ფული ვბეჭდოთ. ყოველი ლარის ხარჯვის ეფექტურობა არის კონტროლზე ასაყვანი და აქ არის სწორედ მთავრობა საკონტროლებელი!
  5. საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა სხვადასხვა მონაცემებით 30-დან 65%-მდეა. ეს “ეკონომიკა” ჩათვალეთ ამ მომენტში გაჩერებულია. ახლა წარმოიდგინეთ რამდენი შემოსავალი დააკლდება ასიათასობით ადამიანს, რომელიც ფულს იღებდა და ეს ფული არ აღირიცხებოდა? მათი დიდი ნაწილი კი ვერ მიიღებს ვერც შემოსავალს და ვერც დახმარებას.

რომ შევაჯამოთ,

მოვლენების საუკეთესო სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი შარში ვართ მთელი ქვეყანა და მისი თითოეული მოქალაქე. მთავრობას გინდ ესაუბრე, გინდ უყეფე, გინდ აგინე … აზრი დიდი არ აქვს, მაინც არ გისმენენ და უყაირათოდ დახარჯავენ ფულს. კიდევ კარგი, რომ ზემოთ დადებული შეფასების მიხედვით ხედვა / სტრატეგია მაინც არის სწორი კრიზისულ პერიოდში. სწორი სტრატეგია აიტანს ბევრ შეცდომას.

თუმცა განხორციელებაა საქმე. აქ ბევრი შეცდომა იქნება (პირბადეების თემაში დასაწყისში დაშვებული შეცდომები, აგარის შაქრის ამუშავების პოპულისტური განაცხადი). იქნება ბევრი ობიექტური “გაჭედილობა”. მაგალითად, “გაჭედილი” 144; ან ათობით ათასი ბიზნესი აქვთ შესამოწმებელი და დღეში 50 ძლივს ამოწმებენ. ძალიანაც რომ უნდოდეთ ეკონომიკას ვერ გაუშვებენ მთელი წელი თუ რამე არ მოიფიქრეს (მაგიტომ გააკეთეს იდეების კონკურსი და მეც მივაწოდე ჩემი იდეა. იმედია ეყოფათ ჭკუა განიხილონ) და ა.შ.

ჩემი მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ კრიტიკას და შეთავაზებებს არ მოვაკლებ.

თუმცა არა მხოლოდ … ჩვენ არ უნდა მივაჩერდეს მთავრობას და ვუყუროს მას ხელებში, ვითომ მთავრობა გადაგვარჩენს. ეს არასწორი აზროვნებაა! მე მგონია, რომ ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა ავიღოთ ხელში ინიციატივა .

როგორ? ამას ცალკე სტატიაში შემოგთავაზებთ

#ძალაჩვენშია