ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

აგარის შაქრის ამუშავება მიცვალებულის დროებით წამოყენებაა

პირდაპირ გეტყვით: აგარის შაქრის კომბინატის “გაცოცხლებას” და ზოგადად, შაქრის ბიზნესის საქართველოში აღორძინებას ბიზნეს პერსპექტივა არ აქვს და ამ საქმეში ხალხის ფულის ჩაყრა გაუმართლებელია.

რატომ?

  1. საქართველოში 2019 წელს 50 მილიონი USD შაქრის იმპორტი განხორციელდა. ეს დარგი ძალიან დიდი და ძალიან კონკურენტულია. აგარის შაქარი მოკვდა სწორედ იმპორტთან უმძაფრეს კონკურენტულ ბრძოლაში. წარმოება ბოლო წლები ისედაც არ იყო მანდ, იყო მხოლოდ შეფუთვა (თქვენი თვალით ნახეთ მათ FB გვერდზე ვიდეო). შეფუთვაც კი უპერსპექტივო აღმოჩნდა ბიზნესის კუთხით. ბოლო დროებითი “გაცოცხლების” შემდეგ (მთავრობა გვიმალავს როგორ გააკეთეს ეს) ეს იყო სოციალური დაწესებულება, რომელსაც აცოცხლებდნენ პოლიტიკური მოტივებით. 2019 წელს კი, როდესაც ყველას ყელში ამოუვიდა ეს თემა, საბოლოოდ “მოასვენეს მიცვალებული”.

დასკვნა 1: არ არსებობს შანსი, რომ აგარის შაქრის წარმოებულმა პროდუქტმა დახლზე კონკურენციას გაუძლოს!

  1. ნედლეული – შაქრის ჭარხალი საქართველოში არ იწარმოება. რომც დაიწყოს მისი წარმოება, ან ნახევარფაბრიკატი შემოიტანონ, უზარმაზარი მასშტაბია საჭირო რომელსაც დიდი ინვესტიცია სჭირდება. აღარაფერს ვსაუბრობ მიწაზე, რომელიც უნდა იყიდო საამისოდ. არაფერს ვსაუბრობ იმაზეც, რომ სოფლის მეურნეობა სეზონურია და 2021 წლამდე მაინც არაფერი მოხდება. იმპორტზე შემოიტან ჭარხალს (დიდი უაზრობა) ანნახევარფაბრიკატს? ეს ისე გააძვირებს ნედლეულის თვითღირებულებას, რომ იმპორტულ შაქართან კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. და ვინ უნდა აკეთოს ეს? გლეხობამ? ფერმერებმა? რატომ უნდა მოჰკიდოს ვინმემ ხელი ამ უპერსპექტივო საქმეს რომელიც 1-2 წელიწადში ისედაც მოკვდება, როცა უამრავი სხვა, გაცილებით უფრო პერსპექტიულ დარგში შეიძლება ჩადონ ფული?

დასკვნა 2: არ არსებობს შანსიც კი, რომ შაქრის ჭარხლის სანედლეულო ბაზის საქართველოში შექმნას ჰქონდეს აზრი ბიზნესის კუთხით!

  1. დავუშვათ მოხდა სასწაული … სასწაული … და აწარმოე (დიახ აწარმოე) შაქარი საქართველოში ხალხის ფულით სუბსიდირების ხარჯზე. დახლზე დადებისას ქეშბექის გადახდა მოუწევს ქსელებისათვის (გარდა ქსელის მარჟისა, რომელიც 30%-მდე ადის). ქეშბექი ამ წურბელა სავაჭრო ქსელების მიერ დაწესებული პროგრესული გადასახადია, რომელიც 5-25 % შეადგენს ბრუნვიდან და ეს ყველაფერი აისახება ფასში. და ეს ისე გააძვირებს პროდუქტს, რომ ყიდვები იქნება მინიმუმზე. ვინც კი ოდნავ ამ საქმეში ერკვევა დამერწმუნება, რომ ეს ბარიერი ადვილი გადასაღუნი არ არის.

დასკვნა 3: წარმოებული პროდუქტი გარანტირებულად დამარცხდება დახლზე!

შევაჯამოთ

მაშ, რა აზრი აქვს გააცოცხლო მკვდარი, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს ივარგოს არც კრიზისულ და არც პოსტკრიზისულ პერიოდში? ოქტომბერო ძალსა შენსა …