შესავალი
მოძრაობა KAR.GE-ს მიერ პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამების შეფასების მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივა 2016 წლის 27 ივლისს დაანონსდა. წამოწყების ფარგლებში კვირაში ერთხელ ერთი პოლიტიკური სუბიექტის ეკონომიკური პროგრამის შეფასებას გამოვაქვეყნებთ. რატომ დავიწყეთ ეს პროცესი? 1) ამომრჩეველი ითხოვს მეტ დასაქმებას, მეტ ეკონომიკურ ზრდას და მეტი სიმდიდრის დაგროვებას როგორც ქვეყანაში, ასევე მის ჯიბეში. ამომრჩევლებს რეალურად აინტერესებთ პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკური პროგრამები, მაგრამ ობიექტურ შეფასებებს ვერ იღებენ, 2) ჩვენ, მოძრაობა KAR.GE მიუკერძოებელი მხარე ვართ და რეალურად გვაინტერესებს აქვთ თუ არა 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვედრის მსურველ პოლიტიკურ სუბიექტებს რეალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მომტანი წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა.
რატომ ვიწყებთ „გირჩი“-ს ეკონომიკური პროგრამის შეფასებით?
1. “ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” პირველი იყო, რომელმაც თავისი ეკონომიკური პროგრამა თავისივე ვებსაიტზე ღიად განათავსა. 2. “გირჩი” ასევე პირველი იყო, რომელიც საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ინიციატივას გამოეხმაურა და 13 ივლისს ეწვია მწარმოებლებს, სადაც მათ ღიად გააცნო თავისი ხედვები. 3. „გირჩს“ გამორჩეულად გაბედული ინიციატივები აქვს ეკონომიკურ პროგრამაში. სწორედ ამ სამი მიზეზის გამო “გირჩი” პირველი პოლიტიკური პარტიაა, რომლის წინასაარჩევნო ეკონომიკურ პროგრამასაც ვაფასებთ.
შენიშვნა: მიზნები და გზავნილები ამოკრეფილია „გირჩი“-ს მიერ ოფიციალურად გაცხადებული ეკონომიკური პროგრამიდან ან/და მისი წარმომადგენლების განცხადებებიდან პარტიის ვებსაიტიდან, Facebook გვერდიდან ან სხვა წყაროებიდან. ყველა წყარო მოცემულია ქვემოთ.
რეზიუმე
მოძრაობა KAR.GE-ს შეფასებით “გირჩი“-ს მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა ვერ მოიტანს დაგეგმილ რეალურ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ქვეყანას, ბიზნესს და საქართველოს ყოველ მოქალაქეს სჭირდება. საერთო შეფასება: გაბედულება (7/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (4/10).
მიზანი 1: ხალხის სწრაფი გამდიდრება. „გირჩი“-ს გეგმით საქართველოს მოსახლეობას თავის განკარგულებაში დარჩება საშემოსავლო გადასახადი [წელიწადში 2.09 მილიარდ ლარამდე], ბიზნესს დარჩება მოგების და იმპორტის გადასახადები [წელიწადში 1.05 მილიარდ ლარამდე]. სამივე გადასახადის გაუქმების ეფექტი მყისიერად შეიგრძნობა 2017 წლის განმავლობაში და მის შემდეგაც. მოძრაობა KAR.GE ფიქრობს, რომ ეს არის რადიკალური სვლა, მაგრამ რეალურად ეს არ არის „გამდიდრება“ არც მოსახლეობის და არც ბიზნესის. ეს მეტწილად არის პოპულისტური სვლა, რომელსაც დიდი ალბათობით მოჰყვება 3.14 მილიარდი „დატოვებული“ ლარიდან 1,7-1,8 მილიარდი ლარის საქართველოს ეკონომიკიდან პირველ წელსვე [და ყოველწლიურად] გადინება, რაც ლარის კურსსაც დააწვება და დამატებით ინფლაციურ წნეხსაც გამოიწვევს. სწორედ ამიტომ ეს გაღარიბებაა!!! ქვეყნის ასეთი გზით „გაღარიბება“ ყოველწლიურად მიმდინარეობს [მაგალითად ბოლო 4 წლის განმავლობაში სავაჭრო დეფიციტი ყოველ წელს 5 მილიარდ USD-ზე მეტია], წლიდან წლამდე ღრმავდება, ხოლო “გირჩი“-ს მიერ დასახული „გამდიდრების“ ეს ნაბიჯი კიდევ მეტად გააღმავებს ქვეყნიდან სიმდიდრის გადინების პრობლემას.
მიზანი #2: ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა და ინვესტიციების ზრდა. „გირჩი“-ს გაბედული ეკონომიკური რეფორმები ნამდვილად გაზრდიან ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, გააუმჯობესებენ გარემოს. თუმცა ამის მიღმა კონკრეტული მექანიზმები არ იკვეთება, რომლებიც ქვეყანაში შემოიტანს მეტ ინვესტიციას, ისეთ ინვესტიციას, რომელიც დააბალანსებდა პროგრამით დაგეგმილი ნაბიჯების უარყოფით ეფექტებს.
მიზანი #3: 2017 წლიდან 15%-იანი ეკონომიკური ზრდა წელიწადში. ყველაფერი ისე რომ შესრულდეს, როგორც „გირჩი“ თავისი პროგრამით გეგმავს ზრდა იქნება, მაგრამ არა ორნიშნა. ფული ქვეყნიდან მეტი გავა, რაც ნიშნავს, რომ ბრუნვაში ნაკლები დარჩება, დასახარჯი კიდევ უფრო ნაკლები დარჩება ყოველ მომდევნო წელს და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შეუძლებელი ხდება სერიოზული უცხოური ინვესტიციების გარეშე, რომელთა მოზიდვის კონკრეტული და რეალური ბერკეტების შესახებ ნახსენები არაა ეკონომიკურ პროგრამაში [მარტო გარემოს შექმნა არ კმარა]. გარდა ამისა პროგრამაში არ ჩანს რა იგეგმება ექსპორტის ზრდის მიმართულებით, ტურიზმის მიმართულებით, რაც მიზნის – ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას უფრო ბუნდოვანს ხდის, ვიდრე რეალურს.
მოძრაობა KAR.GE მზადყოფნას აცხადებს ამ შეფასებაში წარმოდგენილი თითოეული დებულება კიდევ უფრო განმარტოს ღია საჯარო დებატების ფორმატში და უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას. მეტიც, მოძრაობა KAR.GE მზადაა „გირჩს“ შესთავაზოს კონკრეტული გზა, თუ როგორ შეიძლება ქვეყნიდან სიმდიდრის გადინების შემცირება, ქვეყანაში მეტი დოვლათის დატოვების მიზნით, რაც უკვე არსებულ ღონისძიებებთან ერთად გარანტირებულად მოიტანდა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.
“გირჩი”-ს ეკონომიკურ პროგრამის დეტალური ანალიზი
“გირჩი”-ს ეკონომიკურ პროგრამას შემდეგი გაცხადებული მიზნები აქვს:
- ხალხის სწრაფი გამდიდრება.
- ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა და ინვესტიციების ზრდა.
- 2017 წლიდან 15%-იანი ეკონომიკური ზრდა წელიწადში.
სწორედ ამ მიზნების მიღწევის ჭრილში ვაფასებთ თითოეული ქვემოთ ჩამოთვლილი გზავნილის გაბედულებას, რეალურობას და პოპულისტურობას.
გზავნილი #1 – მაკრო: მთავრობა ვალს არ იღებს. ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 0%. დაიხარჯება იმდენი რისი შესაძლებლობაც გვაქვს დღეს. წლიური ინფლაცია 5%.
კომენტარი: იმ ფონზე, როცა ქვეყანას 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით ჯამში [სახელმწიფო+კერძო] 14,6 მილიარდი $ ვალი აქვს რომლის მომსახურებაში მომდევნო 10 წლის განმავლობაში 24 მილიარდი $ უნდა გადაიხადოს, ეს ნაბიჯი ნამდვილად გამართლებულია.
გზავნილი აშკარად გაბედულია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში გირჩის 54 საკანონმდებლო ინიციატივიდან არცერთი გასულა, განხორციელებას სჭირდება რომ „გირჩი“ უმრავლესობით თუ არა მმართველ კოალიციაში მაინც მოხვდეს პარლამენტში. ეს გზავნილი ჩვენი აზრით დიდწილად არაა გათვლილი მოქალაქეების ხმების მოსაპოვებლად. თუმცა ბიუჯეტის ნულოვანი დეფიციტის თემა ამომრჩევლისთვის გასაგებია და დადებითად განაწყობს მათ.
გზავნილი #1-ის შეფასება: გაბედულება (10/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (3/10).
გზავნილი #2 – გადასახადები: უქმდება საშემოსავლო, მოგების, იმპორტის გადასახადები. სხვა გადასახადები კი შენარჩუნდება არსებულ დონეზე [საიტისგან განსხვავებით ოფიციალურ პრეზენტაციაში წერია რომ ქონების გადასახადის გაუქმებაც იგეგმება. შესაბამისად გაუგებარი რჩება ამ საკითხში პარტიის საბოლოო პოზიცია].
კომენტარი: 2016 წლის ბიუჯეტის გეგმით ამ სამ გადასახადს ხაზინაში შეაქვს 3,14 მილიარდი ლარი. აქედან 2.086 მილიარდი არის საშემოსავლო, რომელიც „გირჩი“-ს გეგმით მოსახლეობას დარჩება. 980 მილიონი ლარი მოგებისა და 75 მილიონი იმპორტის გადასახადები რომლებიც ბიზნესს დარჩება. ამ სამი გადასახადის გაუქმება ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ აკრეფს მათ და ფული დარჩებათ მოქალაქეებს/ბიზნესებს. დაშვება ისაა, რომ მოსახლეობა/ბიზნესი უკეთ გაანაწილებს ფულს ვიდრე სახელმწიფო ბიუროკრატია. თუმცა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი – მთავრობის ზომა მნიშვნელოვნად შემცირდება მშპ-სთან მიმართებაში.
შეკითხვა 1: თქვენ უშვებთ, რომ ბიზნესი უფრო ეფექტურად გაანაწილებს ფულს თუ მას დარჩება 980+75 მილიონით მეტი, მაგრამ, რომელი ბიზნესი? საქართველოში მომგებიანი საწარმოო სექტორის წილი მიზერულია, მომუშავე ბიზნესი [საფინანსო სფეროს გამოკლებით] ძირითადში იმპორტს აწარმოებს და მისი ძირითადი შემოსავალი და მოგება უცხოეთში იწრიტება, ანუ გინდათ დაახლოებით 700-800 მილიონი ლარი [გამოყვანილია იმპორტული პროდუქციის ადგილობრივ ნაწარმთან მიახლოებითი შეფარდებიდან] დაუტოვოთ მოგებაში იმპორტიორებს [მსხვილ ბიზნესს], შედეგად კი გადახურდავების ტვირთი დააწვეს ლარს და გაედინოს ქვეყნიდან? განა საკმარისი არ არის წლიური 5.5 მილიარდი $ სავაჭრო დეფიციტი რომ მას კიდევ 350-400 მილიონი $ არ დაამატოთ? რატომ გგონიათ, რომ ეს „ბიზნესი“ ამ ფულის რეინვესტირებას სხვა მიმართულებით მოახდენს და არა მისთვის „ჩვეულ“ საქმიანობაში?
შეკითხვა 2: თქვენ უშვებთ, რომ მოსახლეობა უფრო უკეთ გაანაწილებს ფულს. მოსახლეობისათვის საშემოსავლოს დატოვება ბრწყინვალეა როგორც იდეა, მაგრამ არის კი ეს “გამდიდრება” [თუ ხელზე ღებულობდა ადამიანი 500 ლარს, ეხლა მიიღებს 25 %-ით მეტს, ანუ 625 ლარს]? მთავარი შეკითხვა აქ სხვაა: რაში დაიხარჯება ეს ფული? თითქოს რა ჩვენი საქმეა მოსახლეობა რაში დახარჯავს, მაგრამ მაინც დავფიქრდეთ … 2 მილიარდი დატოვებული ფულიდან ქართული რეალობის გათვალისწინებით [მოსახლეობის ხარჯების სტრუქტურის ცვლა შემოსავლის ნაზრდის შედეგად, იმპორტული და ადგილობრივი პროდუქციის არჩევანი ბაზარზე და ა.შ.] მინიმუმ 1 მილიარდი ლარი იმპორტულ პროდუქციაში დაიხარჯება და ქვეყნიდან გაიწრიტება. მეტიც, ეს გადინებული კაპიტალი ლარს დააწვება. რა რესურსით მოთოკავთ „გაჭენებულ“ ლარის კურსს, რომელსაც შესაძლოა 3.14 მილიარდი ეკონომიკაში ჩატოვებული ლარიდან დაახლოებით 1.7-1.8 მილიარდი ლარის გადახურდავება დააწვეს დამატებით ტვირთად? როგორ დაიჭერთ ინფლაციას გაცხადებული 5%-ის მიდამოში?
მყისიერი შედეგი არის უდაოდ, მაგრამ ვისთვის, როგორი და რის ხარჯზე? სამი გადასახადის გაუქმების გზავნილი ერთ-ერთი ყველაზე გაბედული/რადიკალურია ყველა იმ გზავნილს შორის, რომელიც კი ბოლო 25 წლის მანძილზე გაჟღერებულა. თუმცა, ასეთი რადიკალური რამ რომ განახორციელოთ, მინიმუმ უმრავლესობა გჭირდებათ უშუალოდ „გირჩს“ [იმიტომ, რომ კოალიციურ უმრავლესობაში ამ ნაბიჯზე პარტნიორების დათანხმება ურთულესი ამოცანა იქნება]. „გირჩს“ გაქვთ უმრავლესობის მოპოვების შანსი პარლამენტში? წმინდა პოპულიზმი ხომ არაა, როცა 3.14 მილიარდის დატოვებას ჰპირდებით მოსახლეობას და ბიზნესს? გარდა ამისა ერთ ადგილზე გიწერიათ ქონების გადასახადის გაუქმება, მეორე ადგილას არა. აუქმებთ ქონების გადასახადს თუ არა?
გზავნილი #2-ის შეფასება: გაბედულება (10/10), რეალურობა (1/10), პოპულიზმი (10/10).
გზავნილი #3 – მთავრობის ზომა: მთავრობის ზომა მცირდება 35%-დან 20%-დე. მომავალი წლის ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლის ინდექსაცია მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის ტემპთან (თუ ეკონომიკა არ იზრდება, მთავრობა ვერ გაიზრდის შრომის ანაზღაურებას). 10 % ეკონომიკის ზრდა = 5% მთავრობის ხარჯის ზრდა. იკრძალება ბიზნესის დახმარება ბიუჯეტიდან. იკრძალება საგადასახადო შეღავათი. 19 სამინისტროს ნაცვლად იქნება 8.
კომენტარი: თქვენი გეგმით მცირდება სამინისტროების რაოდენობა 19-დან 8-მდე [ფორმალურად თქვენ აუქმებთ 11 სამინისტროს, რეალურად კი თერთმეტი სამინისტრო დანარჩენი 8 სამინისტროს შემადგენლობაში შეგყავთ] და თქვენი გაანგარიშებით ეს ზოგავს დაახლოებით 850 მილიონს წელიწადში. სამთავრობო ხარჯის ბმა ეკონომიკის ზრდასთან შესაძლებელია. გეთანხმებით რომ აუცილებელია იმ მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრა, რაც უკვე წლებია ამახინჯებს ბაზარს, კონკრეტულად კი ბიუჯეტიდან დახმარებების გაცემა და საგადასახადო შეღავათები სუბსიდიების [264 მილიონი 2016 წელს] ჩათვლით.
გადასახადების გაუქმება შეამცირებს მათი ადმინისტრირების ხარჯს, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს სახელფასო ფონდი 4700-ზე მეტ ადამიანზე 65 მილიონ ლარზე ოდნავ მეტია 2016 წლის ბიუჯეტის გეგმით და აქ რამდენის ეკონომიას მოახდენთ ისე, რომ საგრძნობი იყოს? გადასახადებთან დაკავშირებული დავების “მოშლით” შემცირდება მასთან დაკავშირებული დროითი და ფულადი ხარჯები, მაგრამ რამდენად საგრძნობი იქნება ეს შემცირება ფულში? რამდენად გაამარტივებს ბიზნესის საქმიანობას? ჯამში 3.14 მილიარდი შემცირებიდან 850 მილიონი თქვენი გეგმით სამინისტროებს მოაკლდებათ, 264 მილიონი სუბსიდიები გაუქმდება, მაგრამ რა პუნქტებს მოაკლდება დარჩენილი 2 მილიარდი ლარი კონკრეტულად? თუ არ მოაკლდება, მაშ რა წყაროდან დაბალანსდება?
ნამდვილად გაბედული ინიციატივაა. ასეთი რადიკალური რამ რომ განახორციელოთ, მინიმუმ უმრავლესობა გჭირდებათ პარლამენტში. მთავრობის ხარჯების შემცირების თემა მოსახლეობის დიდ ნაწილისთვის პოპულარული სასაუბრო თემაა. თუმცა გზავნილი არ არის საკომუნიკაციოდ ეფექტურ ფორმაში, ამიტომ ზედმეტ პოპულიზმად ვერ ჩავთვლით.
გზავნილი #3-ის შეფასება: გაბედულება (10/10), რეალურობა (1/10), პოპულიზმი (5/10).
გზავნილი #4 – სანდო ფული: ფიქსირებული კურსი – დოლართან/ევროსთან (ან სანდო ვალუტების კალათასთან). თავისუფალი სავალუტო რეჟიმი.
კომენტარი: რატომ უფიქსირებთ ლარს კურსს ხელოვნურად, როცა პრაქტიკულად ყველა სხვა საკითხში ლიბერალური დამოკიდებულება გაქვთ და ამცირებთ სახელმწიფოს როლს? შესაძლოა მოძებნოთ კიდეც თანამოაზრეები, ვინც ამ იდეის განხორციელებაზე წამოვა, მაგრამ რის ფასად? აშკარად გათვლილია მოსახლეობის შთაგონებაზე, რომ „გირჩი“ მათ თავიდან ააცილებს კურსის ცვალებადობის ზარალს/რისკს.
გზავნილი #4-ის შეფასება: გაბედულება (5/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (8/10).
გზავნილი #5 – პრივატიზაცია: მთავრობის ინიციატივით პრო-აქტიურად დაუკანონდებათ მიწა მის ფაქტობრივ მეპატრონეებს. სახელმწიფო ქონების, განსაკუთრებით საწარმოების, პრივატიზაციის ტემპი დაჩქარდება. პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის განაწილება მოსახლეობაზე თანაბრად.
კომენტარი: კარგი ინიციატივაა ნამდვილად. მიწის მფლობელებისათვის მიწის დაკანონება აუცილებელია, პრივატიზაციის ტემპის დაჩქარებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ პრივატიზაციისგან მიღებული შემოსავლის მოსახლეობისათვის განაწილება? გაუგებარია რა საჭიროა ასეთი პოპულისტური გზავნილი, რომელიც ღიად ვებსაიტზე გაცხადებული არა გაქვთ და მხოლოდ პრეზენტაციაში მოგეპოვებათ პუნქტის სახით.
გზავნილი #5-ის შეფასება: გაბედულება (5/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (3/10).
გზავნილი #6 – მიწის რეფორმა (პრივატიზაცია, ანგლო-საქსური მოდელი): წიაღისეული ან ნებისმიერი სხვა ფასეულობა, რომელიც მესაკუთრის ტერიტორიაზე შესაძლოა აღმოჩნდეს მესაკუთრის ისეთივე საკუთრება იქნება, როგორც ზედაპირზე მოყვანილი მოსავალი.
კომენტარი: საქართველოს შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად გაბედული ნაბიჯი იქნება. შეკითხვა ჩნდება ისევ და ისევ განხორციელების ნაწილში. შეძლებთ კი თქვენი პარლამენტში მოხვედრის შანსებით, თქვენი მცირე გუნდით და თქვენი სხვა პარტიებთან თანამშრომლობის პოტენციალით ამის გაკეთებას? მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველას ეხება, ეს მესაკუთრეთა რეალური ინტერესია.
გზავნილი #6-ის შეფასება: გაბედულება (10/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (1/10).
გზავნილი #7 – ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია: ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენი ადამიანები ვალდებული იქნებიან აანაზღაურონ მიყენებული ზიანი.
კომენტარი: დეკრიმინალიზაციაში გულისხმობთ დამნაშავის მიერ მხოლოდ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას? ანუ, რამე დამატებითი პასუხისმგებლობა არა? რატომ? დავუშვათ აფერისტობის შედეგად ადამიანს წაართვეს ბინა. დავუშვათ დამნაშავემ დააბრუნა ბინა. ვინ გადაიხდის ნერვების წყვეტის, სასამართლო და ა.შ. ხარჯებს?
თქვენ არაფერს ამბობთ ფინანსური პოლიციის შესახებ [ე.ი. ტოვებთ]. შეძლებთ თუ არა თქვენი პარლამენტში მოხვედრის შანსებით, თქვენი მცირე გუნდით და თქვენი სხვა პარტიებთან თანამშრომლობის პოტენციალით ამის გაკეთებას ესეც თემაა. მეტიც, ეს პუნქტი პრაქტიკულად წაახალისებს ეკონომიკურ დანაშაულს იმიტომ, რომ ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენ ადამიანს მხოლოდ ზარალის ანაზღაურებას თხოვთ.
გზავნილი #7-ის შეფასება: გაბედულება (1/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (1/10).
გზავნილი #8 – ადმინისტრაციული რეფორმა: ბიზნესისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვის გართულება. შემოსავლების სამსახურის მიერ ბიზნესისთვის საბანკო ანგარიშიდან ფულის მოჭრის გართულება. საგადასახადო აუდიტის ხანგრძლივობის შემცირება.
კომენტარი: ცალსახად საჭიროა და რეალისტურიცაა, თუმცა ეს ძირითადში არსებული პროცედურების დახვეწაა. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაცაა ბიზნესის მიმართ.
გზავნილი #8-ის შეფასება: გაბედულება (1/10), რეალურობა (10/10), პოპულიზმი (1/10).
რეკომენდაციები მოძრაობა KAR.GE-საგან
გთავაზობთ უფრო სრულყოფილი გახადოთ თქვენი ეკონომიკური ხედვები/პროგრამა და განავრცოთ ისინი შემდეგი მიმართულებებით მაინც:
- ექსპორტი. ეს მიმართულება ქვეყანაში ყველაზე სერიოზული შემომტანია. მან 2015 წელს 2.204 მილიარდი USD შემოიტანა. რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ ექსპორტის ზრდის მიმართულებით?
- ტურიზმი. ამ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორს სულ უფრო და უფრო მეტი შემოაქვს ქვეყანაში და ექსპორტის შემდეგ 2015 წელს 1.935 მილიარდი USD-თი მეორე შემომტანია. როგორ უზრუნველყოფთ დარგის განვითარებას, რომ ქვეყანა სულ უფრო მომზადებული დახვდეს ტურისტების მზარდ შემოდინებას?
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. 2015 წელს ქვეყანაში 1.351 მილიარდი USD პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. კონკრეტულად როგორ უზრუნველყოფთ FDI ზრდას?
- სოფლის მეურნეობა. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არის სოფლად მცხოვრები თვითდასაქმებული და 2015 წელს მშპ-ში სოფლის მეურნეობამ 9.2 % შეადგინა, მთლიანად აგრო სექტორის წილი კი ზოგიერთი შეფასებით 17%-მდე ადის. გარდა მიწის რეფორმასთან დაკაშირებული ნაბიჯებისა რას უპირებთ ამ დარგს, სადაც გადადგმული ყოველი ნაბიჯი მყისიერად აისახება მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ჯიბეზე?
შეთავაზება მოძრაობა KAR.GE-ს მხრიდან
საქართველოში 2015 წელს მთავრობამ დახარჯა 3.2 მილიარდი ლარი, მოსახლეობამ დახარჯა 12 მილიარდი ლარი, არასახელმწიფო ორგანიზაციებმა [უცხოური ინვესტიციების გამოკლებით] დახარჯეს დაახლოებით 6 მილიარდ ლარამდე. ჯამში 2015 წელს 21 მილიარდ ლარამდე შიდა ინვესტიცია განხორციელდა [დიახ, ეს ინვესტიციაა]. ეს უზარმაზარი შიდა რესურსია, რომელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის, რეალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უდიდესი პოტენციალი აქვს. პოტენციალის ამოქმედება ასე შეიძლება:
- საქართველოს მოსახლეობაში ქართული ხარისხიანი ნაწარმის პოპულარიზებაზე და გაყიდვების ზრდაზე მიმართული აქტივობების განხორცილება საიმისოდ, რომ მეტი ფული დაიხარჯოს ქართულ ნაწარმში;
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა და სახელმწიფო შესყიდვებისას/ტენდერებისას საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის ფასში უპირატესობის მინიჭება 10% მაინც [ან სხვა სახის მხარდაჭერა];
ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ეკონომიკის კი თითქმის 90%. ეს იგრძნობა სუპერმარკეტების დახლებზე, ბაზარში, B2B გარიგებებში, სადაც გარიგებების 90%-მდე არაქართული წარმოების პროდუქციაზე ხდება. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2015 წელს 5.5 მილიარდ USD-ზე მეტი იყო და წლიდან წლამდე ასეა. მიუხედავად ამისა გამოსავალი არსებობს: ჩვენი ღრმა რწმენით როცა ყიდულობ ქართულ ნაწარმს გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს! ამ დროს ფული ქვეყანაში რჩება და იგივე ფული შემდეგი დახარჯვის შედეგად კიდევ უფრო მეტ დოვლათს და შემოსავალს ქმნის. ჩვენი აზრით ეს არის მოკლე დროში სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევის უდაო გზა. თუ გირჩი ამ იდეებით შეავსებს თავის ეკონომიკურ პროგრამას, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში გარანტირებულია და 6-8 წელიწადში მშპ-ს გაორმაგების შანსი რეალური ხდება!!!
განმარტებები შეფასების სისტემასთან დაკავშირებით
შეფასების სისტემა 3 კრიტერიუმს ეყრდნობა. ფასდება თითოეული გზავნილი და ბოლოს კეთდება საერთო შეფასება.
- გაბედულობა – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ხაზს უსვამს თუ რამდენად გაბედული/რადიკალურია გზავნილი ყველა იმ გზავნილს შორის, რომელიც ხშირად გვსმენია წინასაარჩევნოდ.
- რეალურობა – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ითვალისწინებს თუ რამდენად შეუძლია ამ კონკრეტულ გუნდს ამ კონკრეტული გზავნილის განხორციელება ა) პარლამენტში და მთავრობაში მოსვლის ალბათობის, ბ) საკუთარი შესაძლებლობების, გ) სხვა ძალებთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნის და ისტორიის გათვალისწინებით.
- პოპულიზმი – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ითვალისწინებს ამომრჩევლის სურვილებზე გზავნილის/შეთავაზების განზრახ მორგების ხარისხს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის გზით ხმების მოსაპოვებლად. ქმედება, რომელიც ფართო მასის ინტერესს ემსახურება, მაგრამ აუცილებელია, ჩვენი აზრით ვერ ჩაითვლება პოპულიზმად.
ამ სამი კრიტერიუმით დადგენილი ქულების მიხედვით დგება მთავარი შეფასება: შეუძლია თუ არა ამ ეკონომიკურ პროგრამას დადოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მომდევნო 4 წლიდან რომელიმე წელს.
გამოყენებული მასალები:
#1 – საკუთარ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტი – http://www.npc.ge/ka/story/ekonomika/
#2 – სტატია liberali.ge -ზე – http://liberali.ge/news/view/20350/mkholod-8-saministro-darcheba-da-4-gadasakhadi-gauqmdeba–girchis-ekonomikuri-programa
#3 – ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციის ვიდეო – https://www.youtube.com/watch?v=-DgRQkC2U90
#4 – ეკონომიკური პროგრამის ვიდეო რგოლი – https://www.youtube.com/watch?v=4-WUiNvO10c
#5 – ზურაბ ჯაფარიძე ცხარე კომენტარით – https://www.youtube.com/watch?v=t3HnK0dTGjI
#6 – რა გინდათ ახალგაზრდებს? – https://www.youtube.com/watch?v=jHHbyv87z7U
#7 – ზურა ჯაფარიძე საქართველოს ეკონომიკურ გამოწვევებზე – https://www.youtube.com/watch?v=8Mlq3xo3Ir8
#8 – ზურა ჯაფარიძე “გირჩის” უპირატესობებზე სხვა პარტიებთან შედარებით – https://www.youtube.com/watch?v=rqR3lJS6MYg
#9 – ზურა ჯაფარიძე “გირჩის” შანსებზე და მიდგომებზე – https://www.youtube.com/watch?v=k3I14dQsN5o
#10 – ზურა ჯაფარიძე საქართველოს ეკონომიკის განვითარების გზებსა და სამუშაო ადგილების ზრდაზე – https://www.youtube.com/watch?v=3efHStj_nsY
#11 – ეკონომიკური პროგრამა, ppt პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციაში იყო წარმოდგენილი 13 ივლისს
#12 – გირჩის პროგრამის რეალისტურობა მაესტროზე – https://www.facebook.com/NewPoliticalCenter/videos/vb.1031485756902883/1258260387558751/?type=2&theater
#13 – რატომ გირჩი? – https://www.facebook.com/NewPoliticalCenter/videos/vb.1031485756902883/1258125020905621/?type=2&theater