ძალიან მესიამოვნა ეს ამბავი რომ გავიგე ტკ იბერიას ბიზნეს გადაცემა „ბიზნეს კოდი“-სგან. ძალიან კარგი საქმეა! ის მარტო კი არა, რომ ახალ ბიზნეს დაჯილდოვებას ჩაეყარა საფუძვველი … ესეც რა თქმა უნდა … მაგრამ მთავარი რა თქმა უნდა არის ყველაფერი რომ ქართულის თემის ირგვლივ ტრიალებს, განსაკუთრებით კი მომეწონა ნომინაცია – „წლის ქართული პროდუქტი“. დასაფასებელია ასეთნაირად გამოყოფა! კონკურსის ვებსაიტი აქაა. მაგრამ მაქვს შეკითხვები, რომლებსაც ქვემოთ დავსვამ …
7 ნომინაციაა სულ:
- წლის ტურისტული ბიზნესი;
- წლის აგრობიზნესი;
- წლის ქართული პროდუქტი;
- წლის ინოვაციური ბიზნესი;
- წლის მცირე ბიზნესი;
- ხალხის რჩეული;
აქვეა წესებიც. მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ბიზნესს, რომელიც 2016 წლამდე შეიქმნა და 10 მილიონამდე აქვს ბრუნვა. ორგანიზატორების – თიბისისა და ჯეოსელის მიზანი ერთი მხრივ, შემდგარი ბიზნეს კომპანიების წახალისებაა, ხოლო მეორე მხრივ, დამწყები ბიზნესმენებისთვის წარმატებისკენ სწრაფვის შთაგონება და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ მოწოდებაა!
5 შეკითხვა ორგანიზატორებს, რომელზედაც პასუხები ოფიციალურ ვებსაიტზე ვერ ვიპოვე:
- რა კრიტერიუმებით აფასებთ ბიზნესს ან პროდუქტს? ვინ აფასებს? რატომ არ არის ეს პირობები ღიად დადებული? როდის აპირებთ გამოქვეყნებას?
- პრომო ვიდეოში აცხადებთ, რომ ყველაზე მასშტაბური დაჯილდოვებაა. რასთან შედარებით? ჯერ ხომ პირველად ტარდება?
- სიტყვა „პროდუქტი“ ყველაფერს მოიცავს, რაც გასაყიდადაა შეთავაზებული. „წლის ქართული პროდუქტი“ შემთხვევით მარტო საკვები და სასმელისთვის ხომ არ გაქვთ?
- სადაა ზღვარი აგრობიზნესსა და მცირე ბიზნესს შორის? როგორც განსაზღვრავთ ინოვაციურ ბიზნესს? ან აგრობიზნესს? ან რატომ არ გაქვთ ესენი ნათლად განსაზღვრული?
- „ბიზნეს დაჯილდოვება“ ეს სახელი რატომ გადაწყვიტეთ, ბრენდ სახელი რატომ არ გაქვთ?
ველოდებით პასუხებს …