ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართული თაფლი

რა 5 „სასწაული“ უნდა მოხდეს, რომ ქართული თაფლი ევროპაში „შევიდეს“?

ქართული თაფლის გასაღების ბაზრის საინტერესო ანალიზი აღმოვაჩინე, რომელიც GALT & TAGGART-ის მიერაა მომზადებული. ასეთი ტიპის კვლევები სისტემატურად ტარდება ისეთი დარგების გამოსავლენად, რომელთაც ზრდის განსაკუთრებული პოტენციალი აქვთ, რომ შემდეგ სათანადო ინვესტიციით ეს ზრდა მიიღწეს. სტატიის თარგმნას არ შევუდგები, მხოლოდ ზოგიერთ იმ შეკითხვა/აზრს გაგიზიარებთ, რაც სტატიის გაცნობის და თემის ირგვლივ მასალის მოძიების შემდეგ გამიჩნდა.

  1. ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ქართული თაფლი როგორც კი ევროპაში შევა, მაშინვე ყველა იყიდის? DCFTA ევროპის კარს კი გიღებს, მაგრამ იმ კარში თვითონ უნდა შეხვიდე. დავუშვათ მოგვარდა სერტიფიცირების საკითხები. სადმე სუპერმარკეტების ქსელში რომ მოხვდე, ანუ დახლზე ადგილი დაიკავო [რომელიც ფული ღირს], ან კიდევ მსხვილ კორპორატიულ მყიდველებს დაუკავშირდე და მათი მიმწოდებელი გახდე, უზარმაზარი მარკეტინგული ძალისხმევაა საჭირო. სადა აქვს ქართველ მეფუტკრეს ამდენი „მარკეტინგული კუნთები“?
  1. როგორ უნდა მოახერხოს ქართველმა მეფუტკრემ თვითღირებულების ისე შემცირება, რომ საფასო კონკურენცია მოუგოს ევროპაში გაყიდვად სხვა ქვეყნების თაფლებს? სტატიის მიხედვით ქართული თაფლის გასაყიდი ფასი ევროპაში თითქმის 3-4-ჯერ მეტი გამოდის კონკურენტებთან შედარებით. რატომ უნდა გადაიხადოს ევროპელმა ქართულ თაფლში ამდენი? თუ ქართულ თაფლში არის რაღაც განსაკუთრებული რაც გაამართლებს ფასს?
  1. შეიძლება ვერ მოიგო საფასო კონკურენცია, მაგრამ მაშინ რა ნიშა უნდა ნახოს ასეთი ქართულმა თაფლმა, რომ მასში ასეთი მაღალი ფასის გადახდა ვინმეს უღირდეს? ყველა ბაზარზე არის მყიდველების ჯგუფი, რომელიც თაფლში მაღალ ფასს გადაიხდის ამა თუ იმ მიზეზით. სადაა ეს სეგმენტი ქართული თაფლისთვის? და რამოდენაა ეს ბაზარი? რამდენი ქართველი მეწარმე ყიდის თაფლს დღეს საზღვარგარეთ? 4100 ტონა თაფლს აწარმოებდე და მხოლოდ 5 ტონა გადიოდეს ექსპორტზე სასაცილო უფროა თუ სატირალი [2014 წლის მონაცემი]? თურმე თაფლის წარმოების აკვანიც ვყოფილვართ საქართველო, მაგრამ ეს ჩვენ არ ვიცით და როგორ გინდა ევროპელები დაარწმუნო ამაში?
  1. როგორ უნდა შეინარჩუნოს ბაზარზე პროდუქტის სტაბილური მიწოდება ინდივიდუალურმა მეთაფლემ რომელსაც 300-ზე ნაკლები სკა აქვს? კონტრაქტები მსგავს მიწოდების თემებზე გრძელი ვადით იდება. ვინ გაუფორმებს გრძელვადიან კონტრაქტს მცირე მეთაფლეს, რომელსაც პროდუქტის სტაბილური წარმოებაც კი არ შეუძლია?
  1. ბრენდინგის რა სტრატეგია უნდა განხორციელდეს ქართული თაფლის შემთხვევაში? რა ბრენდ კონცეფცია, რა ბრენდი, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, როცა ამ დარგში მოთამაშეებს საქართველოში ეტიკეტი ვერ მიუკრავთ თავის პროდუქტებზე? ვინმეს გონია თავად მოახერხებენ ისინი ბრენდინგს? დავუშვათ მოახერხეს [სასწაული], ყველამ თავისი ბრენდი უნდა შექმნას და ისე გავიდეს ევრო ბაზარზე, თუ ერთიანი ბრენდი ჯობია შეიქმნას? დავუშვათ ერთიანი ბრენდი შეიქმნა, როგორ უნდა განხორციელდეს ამ ბრენდის კომუნიკაცია ევროპის ბაზარზე?

ჩემი 5 რჩევა მეფუტკრეებს:

  1. თქვენი ბიზნესის გამსხვილება აუცილებელია. ისწავლეთ, განვითარდით, მოიზიდეთ ინვესტიცია, რომ სტაბილური წარმოება შექმნათ. მცირეს არავინ არც დაგელაპარაკებათ, აი მსხვილ ბიზნესს კი შესაძლებლობების მეტი გაგიჩნდებათ. გამსხვილების ერთ-ერთი გზაა კოოპერატივის შექმნა, რაშიც ENPARD დიდ როლს ასრულებს.
  1. შექმენით ბრენდი სწორად. არ დაუშვათ ეს შეცდომები, რომელთაც ამ დროს უშვებენ. დახარჯეთ ამ საქმეში დრო, ენერგია და ფული, თორემ ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდებათ და თან უარყოფითად. განესხვავეთ ან მოკვდით – ეს ერთადერთი წესია, რომ მომხმარებელმა თქვენს შესახებ შეიტყოს, ნდობა განუვითარდეს და შემდეგ იყიდოს.
  1. მაქსიმალურად აითვისეთ ადგილობრივი ბაზარი. შეიძლება დიდი არ არის, მაგრამ სტაბილური საყრდენია. იმუშავეთ დისტრიბუტორებთან, სავაჭრო წერტილებთან ადგილობრივ მყიდველთან, ვინაიდან თუ მისგან არ გექნათ მხარდაჭერა, გგონიათ ევროპაში გადაგყვებათ ვინმე თან?
  1. იმუშავეთ საერთაშორისო პროგრამებთან და სამთავრობო პროგრამებთან. შეიძლება ენერგია და დრო დიდი სჭირდება, მაგრამ საქმის წინსვლა თუ გინდათ, ამის გარეშე არ გამოვა. ჩაერთეთ ყველა ტრენინგში, გამოფენა-გაყიდვაში საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ და ჩაერთეთ ბოლომდე. ეს ხარჯი არ არის, ეს ინვესტიციაა.
  1. ეს ია-ვარდით მოფენილი გზა არ იქნება. თუ ამ გზაზე ივლით ახალი გამოწვევები გაგიჩნდებათ, რომელთა დაძლევა მოგიწევთ. მაგალითად მენეჯმენტის სტრუქტურის შექმნა, მართვის უნარების ათვისება და ა.შ.

არჩევანი გაქვთ გასაკეთებელი: ან დარჩებით ერთ რიგით წვრილ მეფუტკრედ, რომელიც მხოლოდ თავის ოჯახს არჩენს ისიც სეზონიდან სეზონამდე, ან დაიწყებთ სვლას წინ უკეთესი მომავლისათვის!

სიამოვნებით მოვუსმენდი პრაქტიკოს მეფუტკრეებს დარგის ექსპერტებს, ვისაც რეალურად აფიქრებს ეს თემა. გთხოვთ მოსაზრებები, დაწერეთ კომენტარში. მადლობა წინასწარ.