ქართულია & kar.ge-ა!
ჩემი დღევანდელი საუზმე – მომჟავო გემო ხრაშუნა ფანტელების ტკბილი კონტრასტით, სანტისიმოს შოკოლადის ფანტელებიანი იოგურტი იყო. იმ მოტივით, რომ დღეს პირველად გიყვებით ჩემს სამომხმარებლო არჩევანზე, მინდოდა რასაც წაიკითხავდით მიზეზით – დამზადებულია საქართველოში, თქვენთვის არცთუ უცნობი ყოფილიყო. კარგია, როცა ნაცნობი გემო ყველა შეძენილ ქილაში ნარჩუნდება.
მწარმოებელი შპს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ ირწმუნება, ეს ის შემთხვევაა როდესაც სასარგებლო გემრიელიაო. იოგურტი აღდგენილი რძითაა დამზადებული (რძის ფხვნილით). კალორიების მთველელებისათვის შესაფერისი საუზმეა – სულ რაღაც 129 კკალ და 180 გრამი.
პროდუქტის დამზადებისას დაცულია საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სისტემის (HACCP) პრინციპები. იმპორტირებულ იოგურტებთან თავს დამცირებულად არ გრძნობს – მიმზიდველ შეფუთვაშია. თუმცა, ქილის გახსნისას აუცილებლად გაგეღიმებათ – შეფუთვის მოცულობა ქილაში დახვედრილი იოგურტის რაოდენობასთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.
ფასი კონკურენტულია. გუდვილში 1.62 ლარი გადავიხადე (სხვაგან ფასი მრგვალდება 1.65-მდე).
ქსელური სუპერმარკეტების დახლებზე კომერციულად მომგებიან ადგილასაა განთავსებული – როგორც ჩანს მენეჯმენტი საკმარისად მონდომებულია. სამაგიეროდ, ჩემს უბანში ოთხი ძალიან მსხვილი სუპერმარკეტიდან არცერთში არ დამხვდა ეს იოგურტი – ზოგჯერ მონდომება საკმარისი არაა მომხმარებლის ლოიალურობის შესანარჩუნებლად. დღეს ქართულ გემოს საგანგებოდ ვსდევდი და ქალაქის მეორე ნაწილში, გუდვილში მოგძებნეთ.
ქათინაური მარკეტოლოგებს – ძალიან კარგ შეფუთვას კარგ გემოსთან მიჰყავხარ.
მე ისევ მივალ.
* სახელდახელო ფოტოების ხარისხს მკაცრად ნუ განსჯით.