ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > 30 დღიანი გამოწვევა: მოქმედების ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმა
30 დღიანი გამოწვევა: მოქმედების ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმა

30 დღიანი გამოწვევა: მოქმედების ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმა

ელდა მეცა ამ დილით Facebook გვერდი რომ გავხსენი და გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში ავხედე. ყველაფერს ველოდი, მაგრამ ასეთ რეაქციას ნამდვილად არა. აღმოჩნდა, რომ გუშინდელ 30 დღიანი გამოწვევის ანონსს აშკარად დიდი ინტერესი მოჰყვა რაც ძალიან მახარებს. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს! ამ წერილში გთავაზობთ 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში მოქმედების ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმას. გთხოვთ შეკითხვები დამისვით სტატიის ქვემოთ FB კომენტარების ველში.

შენიშვნა: ეს სქემა სპეციალურადაა აგებული ისე, რომ ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს უმარტივესად შეეძლოს თავისი 30 დღიანი გამოწვევის განხორციელება.

უპირველეს ყოვლისა უნდა კარგად გვესმოდეს რატომ ვაკეთებთ ამას. კარგია პატიოტული მოწოდება – „გავაკეთოთ ქართული საქმე“, მაგრამ ჩემი აზრით გამოწვევის თითოეულ მონაწილეს უნდა სწორად ესმოდეს ამ საქმის რაციონალური მხარე. გთხოვთ აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია – „1 ლარით გაბრწყინებული იბერია“ და მიხვდებით რამოდენა რამეს ვეჭიდებით და როგორი ცივი პრაგმატიზმია ჩვენს ერთობლივ გამოწვევაში.

 

30 დღიანი გამოწვევის ყოველდღიური 2 სვლიანი სქემა

სვლა 1 [ჩემი]: 1-30 დეკემბერის ჩათვლით მე ყოველ დღე 22:00-ზე kar.ge-ზე დავდებ ერთი კონკრეტული ქართული პროდუქტის მიმოხილვით სტატიას. ეს შეიძლება თქვენთვის კარგად ნაცნობი პროდუქტი იყოს, ან საერთოდ უცნობი. მე ამ პროდუქტს ვიყიდი, სურათს გადავუღებ და დავამუშავებ, სტატიას დავწერ, სურათს და სტატიას kar.ge-ზე ავტვირთავ და შემდეგ გავაზიარებ მოძრაობა kar.ge Facebook გვერდზე [თან მივამაგრებ ზემოთ – pin], იქედან კი საკუთარ პროფილში და კიდევ ორ მეგობარ FB გვერდზე – რაჭა და Agrokavkaz.ge.

განმარტება: მე პირადად ჩემს თავზე ვკისრულობ ყოველ დღე ე.წ. „გამხსნელი“ სტატიის დადებას და გავაკეთებ ამას 30 დღის განმავლობაში სისტემატურად. მიზნად მარტო ის კი არ მაქვს, რომ ეს ვაკეთო, არამედ ისიც, რომ მასიურად გაზიარების გზით რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავანახო ეს ქცევა Facebook-ში.

სვლა 2 [თქვენი]: გამოწვევის მონაწილეები ნახავთ რა kar.ge Facebook გვერდზე [მხოლოდ მოძრაობა kar.ge Facebook გვერდზე] გაზიარებულ სტატიას, 24 საათის ვადაში მის ქვეშ კომენტარის სახით ურთავთ თქვენს მიერ ნაყიდი ნებისმიერი ქართული ბრენდული პროდუქტის სურათს და იქვე უთითებთ ჰეშტეგს #30დღიანიგამოწვევა. შეგიძლიათ სურათთან ერთად ტექსტური კომენტარიც მიაწეროთ.

განმარტება: ყოველ საღამოს აიღეთ თქვენი ნაყიდი ქართული პროდუქტი, უცებ ტელეფონითვე გადაიღეთ ფოტო ისე რომ კარგად ჩანდეს რა ბრენდია და „ააკარით“ ეს ფოტო ჩემს მიერ გაზიარებული პოსტის ქვემოთ [აუცილებლად მოძრაობა kar.ge Facebook გვერდზე]. უმარტივესად შესრულებადია თქვენივე ტელეფონიდან და სწორედ ამ სიმარტივეშია გენიალობა! ამ ქმედებით თქვენ არა მხოლოდ თქვენს 30 დღიან გამოწვევას ასრულებთ, არამედ თქვენს ქმედებას აჩვენებთ სხვებს და სწორედ ესაა გამოწვევის მიზანი: ჩვენი ეს ქცევა დავანახოთ სხვებს, რომ მოვახდინოთ ქართულის მხარდაჭერის იდეის მარტივად კომუნიკაცია, რომ სხვებმაც მოგვბაძონ. ჰეშტეგი –#30დღიანიგამოწვევა კი საჭიროა, რომ გამოწვევის ფარგლებში შექმნილი მთელი მასალა Facebook-ზე ერთ არხში მოვაქციოთ.

გამოწვევის 7 წესი ყველასთვის

1. მე ვიყიდი და გამოწვევის ფარგლებში წარმოვადგენ მხოლოდ ქართული წარმოების ბრენდულ პროდუქტებს და იგივე მოეთხოვება გამოწვევის ყველა მონაწილეს. ბრენდული პროდუქტია მაგალითად „ბებოს ჩურჩხელას“ ან „ბადაგის“ მიერ წარმოებული შეფუთული და დაბრენდილი ჩურჩხელა და არა სადმე ქუჩაში ნაყიდი, რომელსაც არც შეფუთვა აქვს, არც ბრენდი და თითის სისქე მტვერიც ადევს.
2. 30 დღის განმავლობაში უნდა 30 სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ჩართოთ თქვენს გამოწვევაში. მაგალითად თუ ერთ დღეს გქონდათ ღვინო, მეტჯერ ღვინო აღარ ჩართოთ. სხვა კომპანიის სხვა პროდუქტი აარჩიეთ, მაგალითად შოკოლადი, წყალი და ა.შ. აქ მრავალფეროვნებაა მნიშვნელოვანი. არა უშავს თუ სხვადასხვა ადამიანთან პროდუქტი განმეორდება.
3. ერთ-ერთი გზაა [მარტივი] გააშუქოთ ისეთი პროდუქტები, რომლებსაც ისედაც ყიდულობთ ოჯახში. ეს ყველაზე ადვილია. საქმე გაიმარტივეთ მაქსიმალურად ისე, რომ დღე არ ჩაგივარდეთ.
4. ბლოგი გაქვთ საკუთარი? მთლად უკეთესი. იქ დადეთ სურათი, სტატია და ბმული ჩაგვიგდეთ გამოწვევის გაზიარებული პოსტში. პარალელურად საკუთარი ბლოგის/ვებსაიტის პოპულარიზებასაც მოხდენთ.
5. გამოწვევის ყველა მონაწილეს სრული თავისუფლება აქვს გამოწვევის ფარგლებში ჩართოს ის პროდუქტი, რომელსაც თვითონ თვლის საჭიროდ. არავისთან შეთანხმება არ არის საჭირო. ღიად დაასახელეთ ის ბრენდი, რომელიც დასახელების ღირსად მიგაჩნიათ თქვენ პირადად. მე შეიძლება დღეს ღვინოზე დავწერო, თქვენ კი იმ დღეს კომენტარში წყლის ან ჩურჩხელას სურათი მიაკრათ, ნება თქვენია.
6. ანგარიშგების მიზნებისათვის მე გამოწვევის თითოეული მონაწილის ყველა გამოქვეყნებულ სურათს ჩამოვტვირთავ და შევინახავ. 31 დეკემბერს კი შევაჯამებ მთლიანად გამოწვევას.
7. გამოწვევაში ავტომატურად ერთვება ის, ვინც 1 დეკემბრის 22:00-დან მოძრაობა kar.ge Facebook გვერდზე ჩემს მიერ გაზიარებული პროდუქტის ქვემოთ კომენტარში 24 საათის განმავლობაში ჩასვამს მის მიერ ნაყიდი ბრენდული ქართული პროდუქტის სურათს. არსად რეგისტრაცია საჭირო არ არის.

რა წაადგებოდა საქმეს?

1. გააზიარეთ მაქსიმალურად ყველაფერი ის, რასაც საჭიროდ ჩათვლით. განსაკუთრებით თქვენთვის ახალი პროდუქტები. რაც მეტი ადამიანი გაიგებს რას ვაკეთებთ, მით მეტი ადამიანის გონებაში ჩავაწოდებთ სათანადო გზავნილს;
2. თუ თქვენ გაქვთ Facebook გვერდი და გინდათ ჩაერთოთ გამოწვევაში, დამიკავშირდით. ჩვენ ამ საქმეში ჩვენი პარტნიორები – რაჭა და Agrokavkaz.ge გვეხიდებიან. ამ FB გვერდებზე მე პირადად ვაზიარებ kar.ge Facebook გვერდიდან. რაც მეტი ვიქნებით, მით უფრო დიდი მასშტაბი გვექნება.

ჯილდო?

ჩემთვის პირადად ასეთი საქმის კეთება უკვე არის საამაყო საქმე და ყველაზე დიდი ჯილდო. მაგრამ არის მეორე, არანაკლები ჯილდო – საკუთარ თავზე გამარჯვება: გაქაჩავ 30 დღე სისტემატურად ერთი რამის კეთებას? აქ მთავარი გამოწვევაა აკეთო რაღაც ახალი 30 დღის მანძილზე, აჯობო საკუთარ თავს და დღე არ ჩაგივარდეს. გაქაჩავ ბოლომდე?

სულ ესაა.
შეკითხვები, კომენტარები ქვემოთ 🙂