ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > “ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის შეფასება/კრიტიკა

“ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის შეფასება/კრიტიკა

შესავალი

საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების  დიდ ნაწილს კი არათუ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, არამედ საერთოდ არა აქვს ეკონომიკური პროგრამა. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი ისეთივე თეთრი ბოლით „კვებავს“ საზოგადოებას, როგორც ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ხდებოდა. მოძრაობა KAR.GE-სთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია!!!

სწორედ ამიტომ ჩვენ 27 ივლისს განვაცხადეთ პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამების შეფასებების დაწყების შესახებ. რატომ?

  1. ამომრჩეველი ითხოვს მეტ დასაქმებას, მეტ ეკონომიკურ ზრდას და მეტი სიმდიდრის დაგროვებას როგორც ქვეყანაში, ასევე მის ჯიბეში;
  2. ამომრჩევლებს რეალურად აინტერესებთ პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკური პროგრამები, მაგრამ ობიექტურ შეფასებებს ვერ იღებენ;
  3. ჩვენ, მოძრაობა GE მიუკერძოებელი მხარე ვართ და რეალურად გვაინტერესებს აქვთ თუ არა 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში 4 წლით მოხვედრის მსურველ პოლიტიკურ სუბიექტებს რეალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მომტანი წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამები;

მადლობა იმ პარტიებს, რომელთაც უკვე გამოაქვეყნეს თავიანთი ეკონომიკური პროგრამები/ხედვები/გეგმები, თუნდაც არასრულყოფილი. 27 ივლისის განცხადების შემდეგ ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ:

დღეს, 14 სექტემბერს კი გთავაზობთ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამის კრიტიკას.

შენიშვნა: შეფასებისას გამოყენებული ყველა წყარო მითითებულია ქვემოთ.

 

 

რეზიუმე

 

მოძრაობა KAR.GE-ს შეფასებით „ქართული ოცნების“ მიერ 2016 წლის 8 სექტემბერს წარმოდგენილი წინასაარჩევნო „ეკონომიკური პროგრამა“ მთლიანობაში მაღალ დონეზე დაწერილი დოკუმენტია, რომელიც ერთდროულად არის 2013-2016 წლებში საქმიანობის ერთგვარი ანგარიში და სწრაფი ეკონომიკური ზრდისკენ მიმართული სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯების ერთობლიობა. იგი ყველა ძირითადი მიმართულებით მოიცავს ისეთ აქტივობებს, მათ შორის ნოვატორულსაც, რომელთა სრულად განხორციელებაც კი ჩვენი აზრით საქართველოს არ მოუტანს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მომდევნო 4 წლიდან ვერცერთ წელს, თუმცა შექმნის წინაპირობებს და მდგრად საფუძველს საამისოდ. ეკონომიკურ პროგრამაში, რომელსაც აქვს გარკვეული ხარვეზები, იგრძნობა ორნიშნა ეკონომიკური ზრდისაკენ მიმავალი გზის ხედვის დეფიციტი. საერთო შეფასება: გაბედულება (6/10), რეალურობა (7/10), პოპულიზმი (4/10).

საქართველოს სჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. საამისოდ მყარი ბაზისი მნიშვნელოვანია და ეს საკმარისად კარგადაა ჩამოყალიბებული ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი ეკონომიკურ პროგრამაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სწრაფი ტემპით წინსვლაა საჭირო, რომლის გასაღებიც მხოლოდ ინდუსტრიალიზაციაშია. საქართველოში კი საწარმოო სექტორი ძალიან მცირეა მიუხედავად იმისა, რომ ამ სექტორის მხარდაჭერა აქტიურად ხდება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით.

ინდუსტრიალიზაცია რეალურად ერთადერთი გზაა, რამაც შეიძლება ქვეყანა სწრაფად გაზარდოს და ამას ამტკიცებს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ბოლო 200 წლიანი განვითარების ისტორია. ოღონდ 200 წლის, 100 წლის, 50 ან 15 წლის წინაც კი ინდუსტრიალიზაცია რასაც გულისხმობდა იმავე წესებით დღეს მოქმედება საქართველოს არ მოუტანს ხეირს, მეტიც, დამღუპველიც კი შეიძლება იყოს. ეს საკითხი ძალიან კარგად გაშალეს ჰარვარდის უნივერსიტეტის [Dani Rodrik], კოლუმბიის უნივერსიტეტის [Charles Sabel] და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის [Erik Reinert] მსოფლიო დონის ეკონომისტებმა, რომლებიც ა.წ. ზაფხულში საქართველოს მთავრობის მოწვევით ესტუმრნენ საქართველოს და სათანადო დასაბუთებები წარმოადგინეს ორ ეკონომიკურ კონფერენციაზე 4 აგვისტოს და 23 აგვისტოს.

ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ პროგრამაში, რომელიც ერთის მხრივ ეყრდნობა და თანმიმდევრულად აგრძელებს წინა წლებში დაწყებულ ინიციატივებს და შემოაქვს ახალი ინიციატივები, არის ერთი საინტერესო „ინსტრუმენტი“, რომლითაც საქართველომ შესაძლოა აღმოაჩინოს თავისი „ადგილი“ და ფეხი აუწყოს მსოფლიოში მიმდინარე მე-4 ინდუსტრიულ რევოლუციას, რათა რეალური ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ეკონომიკურ ორბიტაზე. და ეს არის სულ ახლახან დაწყებული პროგრამა – „სტარტაპ საქართველო“. ოღონდ ეს გრძელვადიანი ინიციატივაა და კიდევ უფრო დიდ ინვესტიციას მოითხოვს მანამ, სანამ პირველ შედეგებს მოიტანს.

როგორ მოვიქცეთ მოკლევადიან პერსპექტივაში? როგორ გავაორმაგოთ ეკონომიკა სწრაფად? მოძრაობა KAR.GE-ს აქვს პროგრამა, რომელიც გააძლიერებს ბიზნეს სექტორის მხარდაჭერის არსებულ პროექტებს, გაზრდის მათ ეფექტიანობას და ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკურ ზრდის მყარ გზაზე დააყენებს ისე, რომ 5-6 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდება!!! თუ 2 საათით ჩვენი მოსმენის სურვილი იქნება რეალური გადაწყვეტილების მიმღებთა წრეს, ჩვენ წარმოვადგენთ რეალურ დროში გაწერილ გეგმას და დავასაბუთებთ მას ნებისმიერი სკეპტიკოსის წინაშე, მათ შორის საჯაროდაც.

მოძრაობა KAR.GE მზადყოფნას აცხადებს ამ შეფასებაში წარმოდგენილი თითოეული დებულება კიდევ უფრო განმარტოს ღია საჯარო დებატების ფორმატში და უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას.

 

 

“ქართული ოცნების“-ს ეკონომიკური პროგრამის დეტალური ანალიზი

 

ეკონომიკური პროგრამის სტრუქტურა

ქართული ოცნების წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა ერთდროულად არის შესრულებული საქმიანობის ერთგვარი ანგარიში და სწრაფი ეკონომიკური ზრდისკენ მიმართული სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯების კრებული. ეკონომიკური განვითარების თავი [რიგით მეორე] წინასარჩევნო პროგრამის დოკუმენტში შემდეგნაირადაა ორგანიზებული:

  • მაკროეკონომიკური სტაბილურობა;
  • დასაქმება;
  • ბიზნეს გარემო;
  • ეკონომიკური რეფორმები;
    • კაპიტალის ბაზრის რეფორმა;
    • საპენსიო რეფორმა;
    • მიწის რეფორმა;
    • საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება;
    • ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული სხვა ეკონომიკური რეფორმები;
  • სივრცითი მოწყობა;
  • თავისუფალი საგარეო სავაჭრო ურთიერთობები;
  • ინფრასტრუქტურული განვითარება;
  • დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკა;
    • ენერგეტიკა;
    • სოფლის მეურნეობა;
    • ტრანსპორტი;
    • ტურიზმი;
  • რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა;
  • გარემოს დაცვა;

ეკონომიკური განვითარების 5 საყრდენი პრინციპი, რომლებიც მთელს ეკონომიკურ პროგრამას გასდევს და რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ყველა ქვემორე მსჯელობისას არის:

  1. ქართული ოცნების ეკონომიკური პროგრამის საბოლოო მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლება, სიღარიბის დაძლევა და საქართველოს მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩაყენება;
  2. ქართული ოცნების ეკონომიკური ხედვით ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, რომელიც კერძო სექტორის გაძლიერების წინაპირობაა;
  3. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი;
  4. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკურ ეფექტურობასთან ერთად იხელმძღვანელებს სოციალური უსაფრთხოებისა და სამართლიანობის პრინციპებით;
  5. გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკური ფაქტორების მაქსიმალურად ჩართვა ქვეყნის განვითარებაში;

 

მიმართულება #1 – მაკროეკონომიკური სტაბილურობა

მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მოცემულია ძირითადი პრინციპები [ფისკალური დისციპლინა, უმუშევრობის დაბალი დონე, ფასების სტაბილურობა, მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის თანდათანობითი შემცირება, ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნება], ასევე საქართველოში არსებული მოცემულობის ანალიზი, გარე ფაქტორების ეკონომიკაზე ზეგავლენის ფაქტორის შეფასება და იმ ძირითადი აქტივობების ჩამონათვალი, რომელთაც უნდა უზრუნველყონ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საბიუჯეტო პროცესის ეფექტიანად წარმართვა და რაც მთავარია ეკონომიკური ზრდა.

აქტივობათა შორისაა ისეთი ქმედებები, რომლებიც კონკრეტულ, ნათელ და გასაგებ მიზნებს ისახავენ. ასეთებია სახელმწიფოს ვალის მშპ-სთან მიმართებაში ერთ დონეზე შენარჩუნება, ხელშეუხებლობა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მიმართ, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტური კოორდინაცია. შედარებით ბუნდოვანია თუ როგორ მოხდება ბიუჯეტის ხარჯების ოპტიმიზაცია, როგორ „არ გაძლიერდება“ სახელმწიფოს წნეხი ეკონომიკაზე, როგორ გაიზრდება ბიუჯეტის გამჭვირვალობა, როგორ მოხდება პროგრამული ბიუჯეტის პრინციპების სრულყოფა, კონკრეტულად როგორ შეეწყობა ხელი ლარში დაკრედიტების ზრდას.

რა თქმა უნდა შეიძლება ფორმულირებები იყოს ისეთი, როგორც არის პროგრამაში, მაგრამ თუ ეკონომიკური პროგრამის ზოგიერთ თავს [დასაქმება, ტურიზმი, ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.] აქვთ კონკრეტული და რიცხვებში ფორმულირებული მიზნები, ვფიქრობთ შეიძლებოდა აქაც „სტილი დაცული ყოფილიყო“.

მიმართულება #1-ის შეფასება: გაბედულება (5/10), რეალურობა (8/10), პოპულიზმი (1/10).

 

მიმართულება #2 – დასაქმება

ამ თავის დანიშნულება ყველა სხვა თავში მოცემული აქტივობების ერთგვარი შეჯამებაა დასაქმების მიმართულებით. აქ მოიცემა თუ რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება 2020 წლამდე ქართული ოცნების ეკონომიკური პროგრამის განხორციელების შედეგად. და მიზანი დასმულია 200,000!

სანამ უშუალოდ ამ რიცხვებს გავაანალიზებდეთ გვინდა ხაზი უნდა გავუსვათ 3 ნიუანსს:

  1. დასაქმების ზრდის კუთხით პოლიტიკის დონეზეა შეთავაზებული გასაკეთებელი აქტივობები. მათ შორისაა შრომის ბაზრის მოთხოვნების ფუნდამენტური შესწავლა და პროფესიული განათლების სისტემის რეფორმა;
  2. ნახსენებია ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ვფიქრობთ არის ისეთი „დონის“ დოკუმენტი, რომელიც იმსახურებდა გაცილებით მეტად გაშლას ვიდრე მხოლოდ ერთი აბზაცია. რატომ? იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი უაღრესად მნიშვნელოვანია მთლიანად ეკონომიკისათვის და არა მხოლოდ დასაქმების ჭრილში უნდა იყოს მოხსენიებული. ინდუსტრიალიზაცია ცალკე თავს იმსახურებს მთელ ეკონომიკურ პროგრამაში მით უმეტეს, რომ მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია, რომელიც 2016 წლის 20-23 იანვრის დავოსის კონფერენციაზე იყო „თემა“ უკვე ხდება მსოფლიოში და მას საქართველომ ფეხი უნდა აუწყოს;
  3. მთელს ეკონომიკურ პროგრამაში ხშირად გვხვდება ქართული ოცნების 4 წლიანი მმართველობის შედეგების შედარება წინა ხელისუფლების მიღწეულ შედეგებთან. ხშირ შემთხვევაში მიღწევებს შორის არის განსხვავება, და ის უნდა დაფიქსირდეს კიდეც, რომ განსხვავება დავინახოთ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში [6-ჯერ] ადგილი აქვს მონაცემებით მანიპულაციას;

დასაქმების თავში არის 2 აბზაცი, სადაც გვიჩნდება მწვავე შეკითხვები.

არაადექვატური პარალელი …

პირველი აბზაცში წამოწეულია წინა  ხელისუფლების არსებობის მიწურულს უმუშევრობის დონის 15%-მდე ზრდა [იქვე წერია, რომ ხელისუფლებაში მოსვლისას, ანუ 2003 წელს 12.6 % იყო]. ფაქტები სწორია და ეს საქსტატის მონაცემებითაც დასტურდება, მაგრამ რამდენად „მორალურად გამართლებულია“ ეს ხაზგასმა მაშინ, როცა 2016 წელს საქართველოში 3,7 მილიონი მოსახლეა დარჩენილი [17 % შემცირება] და ეს 2015 წელს დაფიქსირდა? უმუშევრობის 3 პროცენტიანი ზრდა უფრო დიდი პრობლემაა თუ ქვეყნის მოსახლეობის 17 პროცენტიანი შემცირება?

მონაცემებით მანიპულაცია …

ამავე თავში, უკვე მეორე აბზაცში არის ფრაზა, რომელიც ცდილობს ქართული ოცნების ხელისუფლების მიღწევები დაგვანახოს წინა ხელისუფლების მიღწევებთან შედარებით, მაშინ როცა რეალობა სულ სხვას მეტყველებს. კონკრეტულად კი მოყვანილია დებულება: „2004-2012 წლებში დასაქმებულების საერთო რაოდენობის 18% სახელმწიფო სექტორი შეადგენდა, 2013 წლიდან კი ეს მაჩვენებელი 15 %-მდე შემცირდა“.

ეს მონაცემები 100% სწორიც რომ იყოს [არ არის], ცხრა წლის გასაშუალებული მონაცემის კონკრეტული წლის [2015] იმავე მონაცემთან შედარება ჩვენი აზრით საჭირო შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით მონაცემებით მანიპულაცია. თან რა მიზნით? 3% უპირატესობის საჩვენებლად?

აი ფაქტები:

საქსტატის ვებსაიტზე მოცემულია დასაქმებულთა განაწილება ინსტიტუციური სექტორების მიხედვით, 2006-2015 [2004 და 2005 წლები აქ არაა] წლებში. აქ 2006-2012 წლებში [7 წლიან მონაკვეთში] სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების წილი მთელ დასაქმებულებში არის საშუალოდ 17.7 %, მაგრამ უშუალოდ 2012 წლის შეჯამებული მონაცემებით სახელმწიფო სექტორის წილი 15,9% არის [273,7 ათასი ადამიანი], თან ეს პერიოდი უკვე მოიცავს ქართული ოცნების მმართველობის 3 თვესაც. 2015 წლის შეჯამებული მონაცემი კი 15,4% [274,9 ათასი ადამიანი]. პროგრესი არის 0,5%. ვფიქრობთ ეს ნამდვილად არაა იმის დაწერის საფუძველი, რაც ქართული ოცნების ეკონომიკურ პროგრამაში წერია. სწორედ ამიტომ არის ციტირებული დებულება მონაცემებით მანიპულაცია.

შედარებისათვის … რომ ნახოთ რა არ არის მანიპულაცია …

იქვე, იმავე აბზაცშია დებულება რომელიც ამბობს: „2012 წლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 56 ათასით გაიზარდა, ხოლო უმუშევრობა 15%-დან 12%-მდე შემცირდა. ამასთან, დასაქმების მაჩვენებელი ძირითადად კერძო სექტორის ხარჯზე გაიზარდა“. ეს არის ფაქტი და ეს დასტურდება საქსტატის ამ ცხრილიდან.

 

სულ იგეგმება 200,000 სამუშაო ადგილის შექმნა.
არის თუ არა ეს რეალური დაპირება?
მოდით დავთვალოთ:

1. დამატებით 50,000 სამუშაო ადგილი მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად შეიქმნება;

მოგების გადასახადის რეფორმა გულისხმობს გაუნაწილებელი მოგების გადასახადის გაუქმებას. ეს რეფორმა ჯერ კიდევ 2016 წლის 1 ივლისიდან იგეგმებოდა, მაგრამ 2016 წლის დასაწყისში შეფასდა, რომ 300-500 მილიონს დააკლებდა ეს ცვლილება 2016 წლის ბიუჯეტს და სავარაუდოდ სეკვესტრის თავიდან არიდების მიზნით 2017 წლის 1 იანვრამდე გადავადდა [წყარო 1, წყარო 2, წყარო 3]. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დანაკლისში შედის როგორც მოგების გადასახადის შემცირება, ასევე გადაუხდელი დივიდენდიც.

რეალისტურია თუ არა 50,000 სამუშაო ადგილის შექმნა მარტო მოგების გადასახადის რეფორმით?

2016 წლის ბიუჯეტით მოგების გადასახადის ოდენობა 980 მილიონი ლარია. თუ დავუშვებთ, რომ მოგების გადასახადის რეფორმა ბიზნეს სექტორში წელიწადში საშუალოდ 400 მილიონს დატოვებდა [შეფასებების საშუალოს ვიღებთ], გამოდის რომ 4 წლის განმავლობაში სხვა თანაბარ პირობებში ბიზნეს სექტორში დატოვებული ფულის მასა იქნება 1,6+ მილიარდი ლარი. ცხადია ამ 4 წელიწადში იქნება ეკონომიკის ზრდაც, მაგრამ ამ ეკონომიკური პროგრამით რიცხვები შემოთავაზებული არაა. დავუშვათ 4 წელიწადში 20% ჯამური ზრდა და მივიღებთ ბიზნეს სექტორში დატოვებული მოგების გადასახადს მაქსიმუმ 2 მილიარდი ლარის ოდენობით.

ჩვენ არ ვიცით რაში დახარჯავს ბიზნესი ამ 2 მილიარდ ლარს, შეუძლებელია წინასწარ ვიცოდეთ ეს საწარმოო დანიშნულების ძირითად საშუალებებში დაიხარჯება, საბრუნავ საშუალებებში თუ რაში. იქნებ თავისი ფული დისტრიბუტორმა კომპანიამ მთლიანად საზღვარგარეთ პროდუქციის საყიდლად გამოიყენოს და სავაჭრო დეფიციტს დამატებითი წნეხი დააწვეს? ლარსაც. დატოვებული ფული იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი ბიზნეს სექტორისთვის, მაგრამ ერთი მაინც კვლევა არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ ეს „სვლა“ მწარმოებლურობას ან დასაქმებას ან შიდა ინვესტიციას გაზრდის? ერთი მაინც კვლევა არსებობს, რომ ეს დატოვებული ფული თუნდაც იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე სახელმწიფო გააკეთებდა ამ ფულის ამოღებით და დახარჯვით? ვინ შეაფასა ეფექტები/გავლენები და როგორ?

აქ მარტივი ლოგიკაა: ბიზნესში დატოვებული ფული სხვა თანაბარ პირობებში უფრო დანახარჯ-ეფექტურად დაიხარჯება ვიდრე მას სახელმწიფო დახარჯავდა და დიდი შანსია იგი მართლა განვითარებას მოხმარდეს. უკეთესი გზა ფულის ამ ნაკადს უბრალოდ არ რჩება სწორედ რომ პრაგმატული თვალსაზრისით.

ძველი შეფასებებით [ესეც პირობითია] დაახლოებით 25,000 $ FDI ქმნის ერთ სამუშაო ადგილს. იგივე ოდენობით შიდა ინვესტიციას მეტი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია ცალსახად. მაგალითად, მცირე ბიზნესი რომ შექმნა 2 ადამიანი მაინც გინდა [საკუთარი თავი და ბუღალტერი], თუ 100,000 ბრუნვამდე ახვალ მძღოლის, ან ასისტენტის დახმარება მაინც დაგჭირდება.

ასე რომ დიახ, 4 წლის მანძილზე 2 მილიარდი ლარის შიდა ინვესტიციის წახალისებას პოტენციურად შეუძლია 50,000-მდე სამუშაო ადგილის შექმნა. მიზანი ძალიან ამბიციურია, მაგრამ „სხვა თანაბარ პირობებში“ შესაძლებელიც.

 

2. დამატებით 50,000 სამუშაო ადგილი ტურიზმის, ტურისტული მომსახურების და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად;

ტურიზმის სფეროში შექმნილი სამუშაო ადგილები ეს არის რამოდენიმე ურთიერთდაკავშირებულ სფეროში – ტრანსპორტში, კვების ობიექტებში, კულტურაში, რეკრეაციაში, განთავსების საშუალებებში, ტურისტულ კომპანიებში და განათლებაში შექმნილი სამუშაო ადგილების ერთობლიობა.

ტურიზმს მთელი ქვეთავი ეძღვნებს ეკონომიკურ პროგრამაში. უცნაური ისაა, რომ დასაქმების თავში დაპირება არის 50,000 სამუშაო ადგილზე ზემოთ მოყვანილი ფორმულირებით. ტურიზმის ქვეთავში კი დაპირება ასეა ფორმულირებული: „ტურიზმთან ასოცირებულ ინდუსტრიებში სამუშო  ადგილების საშუალო წლიური რაოდენობა გაიზრდება არანაკლებ 80 ათასით.“

ჩნდება შეკითხვა: ბოლო-ბოლო, 50 ათას ადგილს შექმნით თუ 80 ათასს? თუ 130,000-ს?

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებსაიტზე ძალიან კარგი მონაცემთა ბაზაა, სადაც შეიძლება თითოეულმა ადამიანმა ნახოს ეს სტატისტიკა:

20%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90

 

 

20%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90

ჩანს, რომ 2014 წელს, როდესაც ქვვეყანაში 5.5 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, ამ სფეროში დასაქმებული იყო 179 ათასზე მეტი ადამიანი. სამწუხაროდ დასაქმების 2015 და 2016  წლის დასაქმების მონაცემები არ დევს, რომ ვიმსჯელოთ. თუმცა აი რა გვაქვს:

  1. 2005 წლიდან 2009 წლამდე, 5 წლის განმავლობაში ტურიზმში დასაქმებულების რაოდენობა გაიზარდა 137 ათასიდან 156 ათასამდე [სულ 19 ათასით]. ჯამში ამ ხუთწლედში 5,2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, წელიწადში საშუალოდ კი 1 მილიონზე მეტი;
  2. 2009 წლიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში ტურიზმში დასაქმება გაიზარდა 156 ათასიდან 179 ათასამდე [23 ათასით]. ამ ხუთწლედში სულ შემოვიდა 20,1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი, წელიწადში საშუალოდ 4 მილიონზე მეტი;

ქვემორე კალკულაცია პირობითია, შეიძლებოდა უფრო ღრმადაც გაგვეკეთებინა, მაგრამ ფაქტია:

  1. 2005 წლიდან 2009 წლამდე ტურიზმში დასაქმებულების რაოდენობა გაიზარდა ჯამში 19 ათასით და ამ წლებში წელიწადში საშუალოდ შემოდიოდა 1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი;
  2. 2010 წლიდან 2014 წლამდე ტურიმში დასაქმებულების რაოდენობა გაიზარდა ჯამში 23 ათასით და ამ წლებში წელიწადში საშუალოდ შემოდიოდა 4 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი;
  3. საგულისხმოა, რომ 2013 წლიდან 2014 წლამდე თითქმის 15,000 იყო ნაზრდი სამუშაო ადგილებში, რაც უნდა ვივარაუდოთ, რომ წელიწადში ეს ნაზრდი დიდი ალბათობით შენარჩუნდება მით უმეტეს, რომ ამ სფეროში მიწოდება ძალიან ჩამორჩება მოთხოვნას;

დასკვნები:

  1. საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის არსებული ტემპის გათვალისწინებით [2016 წელს 6,5 მილიონია პროგნოზი] 2015 წელს და 2016 წელს ნაზრდი სავარაუდოდ იქნება 30,000 სამუშაო ადგილი, ანუ 2016 წლის ბოლოს ტურიზმის ინდუსტრიაში სავარაუდოდ დასაქმებული იქნება 210,000 ადამიანამდე;
  2. ქართული ოცნების გეგმის თანახმად 2020 წლისათვის საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა თუ 8 მილიონს მიაღწევს [რაც რეალური ჩანს არსებული ტემპის გათვალისწინებით], ჯამურად ტურიზმში და მიმდებარე სფეროებში დამატებითი 130,000 სამუშაო ადგილი შექმნა აბსოლუტურად არარეალურია. რატომ? მარტივი მათემატიკაა … ვიზიტორების 23% ზრდა [6,5 მილიონიდან 8 მილიონამდე] როგორ გამოიწვევს დასაქმებულების რაოდენობის 62% ზრდას [210,000-დან 340,000-მდე]?
  3. ზემოთ მოცემული სტატისტიკიდან/ფაქტებიდან და შესაბამისი დასკვნებიდან ირკვევა, რომ 4 წლის განმავლობაში 50,000 სამუშაო ადგილის შექმნა ტურიზმის ინდუსტრიაში სავსებით რეალურია;

ოღონდ რის ხარჯზე?

დიდი შანსია, რომ ეს მოხდეს სოფლის მეურნეობაში მიღწეული განვითარების შედეგად გამოთავისუფლებული ადამიანების და უმუშავართა კორპუსში მყოფი ადამიანების დასაქმების ხარჯზე, ასევე სხვა დარგებიდან გადმოსული ადამიანების ხარჯზე. რთულია მსჯელობა რა იქნება რეალური წყარო და რამდენი % იქნება გადაფარვა [ადამიანი, რომელიც სოფლად თვითდასაქმებულად ითვლება დროებით გადაერთვება ტურიზმში სეზონის პერიოდში].

ასე რომ დიახ, ტურიზმის განვითარების შედეგად 50,000 სამუშაო ადგილის შექმნა რეალურია, თუმცა რთულია განისაზღვროს ამ რაოდენობის რამდენი % იქნება სხვა დარგებიდან გადმოსული სამუშაო ძალა და რამდენი ახალი.

 

3. დამატებით 40,000 სამუშაო ადგილი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებით;

4 წლის განმავლობაში ყველა სახელმწიფო პროექტით დასაქმებულთა რაოდენობის 40,000-მდე ზრდის მტკიცება რთულია, ვინაიდან მისი დამადასტურებელი არგუმენტები არსად იძებნება. თან ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად როგორ გაგრძელდება ესა თუ ის პროგრამა.

მეორეს მხრივ უამრავი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაა უკვე მსვლელობაში და ახლებიც იგეგმება [მარტო სტარტაპ საქართველო წელიწადში 4 რაუნდის გაკეთებას აპირებს], რომელთა ფონზე ეს რიცხვი რეალური ჩანს თუ ტემპები არ შენელდება. დაუზუსტებელი მონაცემებით მარტო პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ 7000-მდე ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი 2016 წლის ბოლომდე, ხოლო მიკროდაფინანსების პროექტით 5000-მდე.

უკვე არსებული რიცხვები, ასევე ქართული ოცნების მთავრობის თანმიმდევრულობა ამ პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით გვაძლევენ საფუძველს ვთქვათ, რომ გათვლა 40,000 სამუშაო ადგილზე მიღწევადია. ისევ და ისევ ჩნდება შეკითხვა – რის ხარჯზე?

ამ რაოდენობის ნაწილი სავარაუდოდ სხვა დარგებიდან გადმოვა, ნაწილი კი უმუშევართა კორპუსიდან. მიახლოებითი სიზუსტითაც კი რამის თქმა ამ ეტაპზე ძალიან რთულია.

 

4. 40,000 სამუშაო ადგილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად;

ინფრასტრუქტურულ პროექტებში მრავალმილიარდიანი ინვესტიციების ჩადებაა დაგეგმილი. ამ ფონზე 40,000 სამუშაო ადგილი რეალური ჩანს. მაგრამ ეს ახალი სამუშაო ადგილები იქნება თუ ძველი პროექტების დასრულება და ახლების გაგრძელება? თუ ეს ახალი სამუშაო ადგილები იქნება, საიდან მოდის ამდენი კვალიფიციური სამუშაო ძალა საქართველოში, სადაც ასე რთულია ტექნიკური პროფესიებში სპეციალისტების მოძებნა?

სავარაუდოდ ძველ პროექტებზე დასაქმებული ადამიანების გამოყენება მოხდება ახალ პროექტებში, რაც ეჭვქვეშ აყენებს იმას, რომ ამ სამუშაო ადგილების მინიმუმ 50% იქნება ახალი.

ამავე აზრს ასაბუთებს პუნქტის ფორმულირება … თუ სხვა 4 პუნქტში ნახსენებია სიტყვა „დამატებით X სამუშაო ადგილი“. ამ პუნქტში კი ეს სიტყვა არ გამოიყენება, შესაბამისაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალ სამუშაო ადგილების შექმნაზე აქ საუბარი ალბათ არაა.

 

5. დამატებით 10,000 სამუშაო ადგილი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შედეგად;

ვინაიდან ჯერ არ არის გამოქვეყნებული ამ რეფორმის კანონპროექტი, რთულია მსჯელობა კონკრეტულად რა იგეგმება. შესაბამისად ურთულესია ვივარაუდოთ რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის ეს რეფორმა.

თუ ვივარაუდებთ, რომ ეს არის სფერო, სადაც ფინანსური პროფესიების წარმომადგენლები დასაქმდებიან, წყარო იქნება ბანკებიდან ან მიკროსაფინანსოებიდან გადმოსული ადამიანები, რომლებიც თუნდაც იყვნენ 10,000, ისინი უმუშევართა ფენიდან მინიმალურად შეივსებიან. საერთო ჯამში დასაქმების სიდიდე სავარაუდოდ დიდად არ შეიცვლება, უბრალოდ გადათამაშდება საფინანსო სექტორებს შორის. თან ბოლო-ბოლო 10 ათასი ადგილი იგეგმება აქ თუ 15,000? იმიტომ, რომ საპენსიო რეფორმის ქვეთავში 10-15,000 სამუშაო ადგილია მითითებული.

მაგრამ რაც შეიქმნება, რის ხარჯზე შეიქმნება?

საპენსიო ფონდში ფული რომ უცებ არ ჩნდება? ეს ფული ხომ თანაბრად აკლდება სახელმწიფოს, კერძო სექტორს და მოსახლეობას? ანუ ამ მიმართულებით შექმნის, და სხვა მიმართლებებით ალბათ მოკლავს სამუშაო ადგილებს. ბალანსი რა იქნება ჩვენ ეს ახლა ვერ გვეცოდინება.

 

საერთო შეფასება:

200,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის პროგნოზი ძალიან ამბიციურია, თუმცა ამის 80-85%-ის შექმნა ფრიად რეალურია. ოღონდ რთული სათქმელია ამ სამუშაო ძალის რა ნაწილი იქნება ახალი შექმნილი სამუშაო ადგილი და რა ნაწილი ძველი, ახალი პროექტით შენარჩუნებული სამუშაო ადგილი. ასევე ბუნდოვანია რის ხარჯზე შეიქმნება ეს სამუშაო ადგილები კერძო სექტორში.

მიმართულება #2-ის შეფასება: გაბედულება (10/10), რეალურობა (8/10), პოპულიზმი (3/10).

 

მიმართულება #3 – ბიზნეს გარემო

საქართველოს ბიზნეს გარემოს შეფასება იწყება გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში ბოლო დაწინაურებით. თუ 2012 წელს საქართველო 131-ე ადგილს იკავებდა, ახლა ქვეყანამ 58-ე ადგილზე გადაინაცვლა და ეს ნამდვილად არის წინსვლა.

მიმოხილულია საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები და მათი შედეგები. აღნიშნულია, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ უკვე 200 მილიონ ლარზე მეტი იაფი სესხის აღების შესაძლებლობა მიეცა 165 საწარმოს, რამაც ჯამში თანადაფინანსებასთან ერთად 400 მილიონ ლარამდე შიდა ინვესტიცია გამოიწვია ეკონომიკის რეალურ სექტორში.

ვრცლადაა მიმოხილული ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით გაწეული საქმიანობები, ტექნოპარკის, ფაბლაბების დაფუძნება და ინოვაციური მოძრაობა, რომელიც უდაოდ ქართული ოცნების მთავრობის მიღწევაა. სტარტაპების მიმართულების გააქტიურება კი სერიოზულად იგეგმება წელიწადში 4 კონკურსის გამოცხადების გზით. ეს შეიძლება იქცეს რეალურ ინსტრუმენტად, რომელმაც უნდა აღმოაჩინოს საქართველოს „ახალი ადგილი“ მსოფლიო ბიზნეს ორბიტაზე.

მიმოხილულია ის ქმედებები, რომლებიც ქართული ოცნების მთავრობამ განახორციელა საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმის მიმართულებით და ჩამოთვლილია კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უდაოდ სასარგებლოა ეკონომიკისათვის.

ასევე ჩამოთვლილია ის კონკრეტული მიმართულებები, რომლებზედაც შემდგომში გამახვილდება ყურადღება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით. მათ შორისაა: საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპის დაცვა, საკუთრებით სარგებლობის შეუფერხებლად სარგებლობის უფლება, არსებული სახელმწიფო ონლაინ სერვისების დახვეწა, საგადასახადო დავების სისტემის რეფორმა, სახელმწიფო სერვისების საფასურების ოპტიმიზაცია, ბიზნესის ლიკვიდაციის პროცედურების გამარტივება, გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა, მეწარმეობის მხარდაჭერის არსებული პროექტების ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით, სტარტაპების აქტიური მხარდაჭერა, რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტის დანერგვა, ინვესტიციების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო, სახელმწიფოს გამოსვლა იმ დარგებიდან რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირების/განვითარების პოტენციალი გააჩნიათ, მოგების გადასახადის რეფორმა.

იგივე კონტექსტში ცალკეა დაკონკრეტებული სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციისაკენ მიმართული ქმედებები.

აუცილებლად უნდა გამოვყოთ ის განსაკუთრებული ნოვაცია – ბიზნესის სახლი. ეს არის დაახლოებით იგივე, რაც არის იუსტიის სახლი, მაგრამ ბიზნესის სახლი გააერთიანებს ბიზნესისათვის საჭირო 600-მდე მომსახურებას ერთ ადგილზე. ეს ბიზნეს სექტორს რეალურად დაუზოგავს ხარჯს, ისევე როგორც მოახდენს სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციასაც.

შეკითხვები:

  1. ნახსენებია ახალ ლიცენზიებზე და ნებართვებზე მორატორიუმის გამოცხადების იდეა. ე.ი. თუ რომელიმე საერთაშორისო შეთანხმებით არაა მოთხოვნილი, არ უნდა შემოვიღოთ ლიცენზიის ან ნებართვის საჭიროება? იქნებ გვჭირდება ჩვენი რეალობიდან გამომდინარე?
  2. ნახსენებია ახალი მარეგულირებელი სტრუქტურების შექმნაზე მორატორიუმის იდეა. ე.ი. თუ რამ საერთაშორისო შეთანხმებით ვალდებულება არ არის, არ უნდა შევქმნათ ახალი მარეგულირებელი სტრუქტურა? მაგალითად, თუ ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების რეგულირება გახდება თემა, ცალკე მარეგულირებელი სტრუქტურა არ უნდა შეიქმნას და მაგალითად ეროვნულმა ბანკმა [არსებულმა მარეგულირებელმა] შეიძლება შეითავსოს სფეროს რეგულირება? იქნებ გვჭირდება ჩვენი რეალობიდან გამომდინარე? რატომ „ვწვავთ ხიდს“?

მთავარი მაინც არის მიზნების ის ფორმულირება, რომელიც უნდა მოიტანოს ამ ქმედებებმა. ივარაუდება, რომ ამ ქმედებების შედეგად ბიზნესს დარჩება წელიწადში ნახევარი მილიარდი ლარი მაინც, რაც ეკონომიკური პროგრამის მესვეურთა გამოთვლით 1) შექმნის 4 წლის განმავლობაში 50,000-მდე სამუშაო ადგილს, 2) ეკონომიკას მიუმატებს წლიურად 0,5-0,7 % ეკონომიკურ ზრდას, და 3) 4 წლის განმავლობაში საგადამხდელო ბალანსს თითქმის 1%-ით გააუმჯობესებს, რაც 220-250 მილიონი აშშ დოლარის ეკონომიკაში დატოვებას ნიშნავს.

ჩვენ ვთვლით რომ ეს გათვლები რეალურია და მეტიც, საკმაოდ კონსერვატულიც ჩანს. ვფიქრობთ მეტიცაა შესაძლებელი, გაცილებით მეტიც, ოღონდ არა ამ მეთოდებით.

სამწუხაროა მხოლოდ ერთი:

აქცენტი არ კეთდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდის გადასახედიდან. ოთხი წლის მანძილზე 1%-ით საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესება, ან 0,5-0,7 %-ით მეტი ეკონომიკური ზრდის მიღება … გვაპატიეთ, მაგრამ ზედმეტად მოკრძალებულია. მაშინ როცა რეალურად არის პოტენციალი ქვეყანაში, რომ საქმიანობის დაწყების მე-3 თუ არა მე-4 წელს უკვე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაიდოს.

მიმართულება #3-ის შეფასება: გაბედულება (8/10), რეალურობა (10/10), პოპულიზმი (2/10).

 

მიმართულება #4 – ეკონომიკური რეფორმები

ქართული ოცნების წინასაარჩევნო ეკონომიკურ პროგრამაში სამართლიანად ეთმობა ადგილი იმ 5 უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად იგეგმება.

 

კაპიტალის ბაზრის რეფორმა

მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ძირითად ამოცანადაა დასახელებული საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება, შედეგის მისაღწევად მეტად ბუნდოვანი და სუსტი ნაბიჯების ერთობლიობაა მოყვანილი. ქვეთავის შესავალში ძალიან კარგადაა ახსნილი თუ რატომ არის ეს რეფორმა მნიშვნელოვანი, ასევე კარგადაა მოცემული გრძელვადიანი მიზნები, მაგრამ კონკრეტულ „როგორ“ ნაბიჯებში სრული „ჩავარდნაა“:

  1. საუბარი არ არის საბანკო სექტორის მიერ საფონდო ბირჟის პრაქტიკულ მონოპოლიზაციაზე. კი, ნახსენებია კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება, დისკრიმინიაციის გამორიცხვა, მაგრამ ეს ზოგადია. „როგორ“ დებულებაში გზა მკვეთრი და ნათელი უნდა იყოს;
  2. საუბარია დაბეგვრის რეჟიმზე, მოსახლეობის ფინანსურ განათლებაზე, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვაზე, მაგრამ რეალურად ესენი არის „კოსმეტიკა“. მთავარი თემები დასახელებულიც კი არ არის;
  3. ქვეთავი შეიძლებოდა უფრო გაბედული ქმედებებით შევსებულიყო. რატომ? კაპიტალის ბაზრის განვითარება არის დოლარიზაციის პირდაპირი მტერი, უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომ მოსახლეობას გაუჩნდეს ლარში ინვესტირების შესაძლებლობა, ბიზნესს გაუჩნდეს ლარში ფინანსების მოზიდვის ალტერნატიული წყარო და ეკონომიკაში როგორც შიდა ინვესტიციები გაიზარდოს ერთიასად, ასევე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს იმაზე მეტად, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თემა სპეციალურად ყოვნდება მანამ, სანამ „სათანადო“ დრო არ დადგება. ამ აზრს გვიმყარებს ის ფაქტი, რომ ამ სფეროში 2012 წლის შემდეგ პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა გარდა რამოდენიმე თვის წინ სტრატეგიის დადებისა, რომელიც დიდი ჭიდილის შედეგად იქნა დაწერილი/მიღებული;

აშკარაა, რომ ეს საკითხი ქართული ოცნებისთვის პრიორიტეტი არ არის. სამაგიეროდ პრიორიტეტია საპენსიო რეფორმა.

 

საპენსიო რეფორმა

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა, რომლის სწორად განხორციელებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული ქვეყანაში. გრძელვადიან პერსპექტივაში საპენსიო სისტემამ საქართველოს ბიუჯეტს დიდი ხარჯი უნდა გამოაცალოს, ხოლო საქართველოს მოქალაქეს სამართლიანი და რეალური პენსია [და არა სოციალური დახმარება] მისცეს. ამ სისტემას ნამდვილად ექნება ეკონომიკის სტიმულირების ეფექტიც თუ იგი სწორად განხორციელდა. დათვლილია საპენსიო რეფორმის სავარაუდო ეკონომიკური ეფექტები:

  1. რეალური მშპ-ს ზრდის მაჩვენებლის 0,4-0,6 % წლიური ზრდა;
  2. 10-15 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა;
  3. ლარში დენომინირებულ გრძელვადიან სესხებზე პროცენტის დაახლოებით 2% შემცირება, სესხზე საბაზრო პროცენტების შემცირება, რაც თავის მხრიც უამრავ დადებით ეფექტს იძლევა;

მაგრამ საიდან საბუთდება ეს?

კანონპროექტი ჯერ ხომ არ გამოქვეყნებულა?

ჩვენ ხომ არ ვიცით თუნდააც რა ასაკობრივი ფენა ჩაერთვება საპენსიო სისტემაში?

ვცადოთ და შევაფასოთ იმ შემთხვევისთვის, როცა 15 წელს ზემოთ ყველა დასაქმებული პირი ჩაერთო სისტემაში.

დღეს არსებულ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის საფუძველზე საპენსიო ფონდში დამსაქმებელი გადაიხდის 2%, დასაქმებული 2%, სახელმწიფო კი დაამატებს 2%. საშემოსავლო გადასახადი 2016 წელს დაგეგმილია 2 მილიარდზე მეტი [20%]. ჩვენ არ ვიცით ამ საშემოსავლოს რა ნაწილი არის ხელფასიდან გადახდილი საშემოსავლო, მაგრამ დავუშვათ, რომ 80%. და გამოვთვალოთ მიახლოებით …

ე.ი. წელიწადში 160 მილიონს დამატებით გადაიხდის დასაქმებული, ამდენივეს სახელმწიფო და ამდენივეს დამსაქმებელი [უხეში გათვლებით]. ანუ წელიწადში საპენსიო ფონდებში შევა 500 მილიონ ლარამდე. სულ 4 წლის მანძილზე პოტენციურად დაგროვდება 2 მილიარდი ლარი + ეკონომიკური საქმიანობისაგან მიღებული შემოსავალი. და ეს თანაბრად უნდა გაიღონ მოქალაქემ, ბიზნესმა და სახელმწიფომ, თითოეულმა 700 მილიონ ლარამდე მაინც ჯამში 4 წლის მანძილზე.

რამდენი გაიცემა ამ ხნის განმავლობაში და ვისთვის? უკვე დაიწყება სახელმწიფოსთვის შეხიდება პენსიის, უკაცრავად, სოციალური დახმარების გადახდაში? ეს ჩვენ არ ვიცით …

საპენსიო ფონდებში რეალურად გადაიხდება ფული, რომელიც უნდა ინვესტირდეს და შემოსავალი გამოიმუშავოს. ეს შიდა ინვესტიციაა, რომელიც ასევე საბანკო სისტემის სერიოზული კონკურენტი ხდება. კონკურენცია კი პროცენტს დასწევს თუ რა თქმა უნდა საბანკო სისტემამ საპენსიო სისტემა ისე არ ჩაყლაპა, როგორც საფონდო ბირჟა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს სათანადო კანონი როგორ მიიღება და ვინ/რა დაარეგულირებს ამ სფეროს. სამუშაო ადგილების შექმნის თემა ზემოთ მიმოვიხილეთ, დასაქმების თავში. 2 მილიარდი ლარის შიდა ინვესტიცია კი ჩვენი აზრით იმაზე მეტად გაზრდის რეალურ მშპ-ს და შესაბამისად ეკონომიკას, ვიდრე მოყვანილი 0,4-0,6 %-ია.

ეს დასკვნები რომ რეალურთან ახლოსაა შეიძლება იმითაც დავადასტუროთ, რომ 2016 წლის შემოდგომაზე საქართველოს საბანკო სისტემაში არნახული გამსხვილების პროცესები მიმდინარეობს. აშკარაა, რომ ბანკებმა იციან რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცი. ისინი გრძნობენ გაერთიანების აუცილებლობას მომავალი გამოწვევების ფონზე და ემზადებიან. მაგრამ კონკრეტულად რისთვის?

სხვა შეკითხვაა შექმნის კი ეს სისტემა 10-15,000 სამუშაო ადგილს? რის ხარჯზე? ეს ფული რომ უცებ არ ჩნდება? ეს ფული ხომ აკლდება სახელმწიფოს, კერძო სექტორს და მოსახლეობას? ანუ ამ მიმართულების შექმნის, სხვა მიმართლებებით მოკლავს სამუშაო ადგილებს [სხვა დარგებიდან სამუშაო ძალის გადმოსვლა, მეტი კონკურენცია იწვევს შემოსავლების შემცირებას და ადამიანების გათავისუფლებას]. ბალანსი რა იქნება ჩვენ ეს ახლა ვერ გვეცოდინება.

ამ ეტაპზე ასევე რთული სათქმელია ეს რეფორმა მოახდენს თუ არა ეკონომიკის სტიმულირებას ისე, რომ 0,4-0,6 ეკონომიკური ზრდა მივიღოთ.

 

მიწის რეფორმა

სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაცია მეტად მნიშვნელოვანი აქტივობაა და იგი 2016 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. დღეს მიწების 25% არის რეგისტრირებული. პროგრამაში მოცემულია გზები, თუ კონკრეტულად როგორ შეეეწყობა ხელი მიწის რეგისტრაციის მსურველებს, რომ დაარეგისტრირონ მიწები. კონკრეტულადაა მოცემული თუ როგორ მოხდება ეს მაღალმთიან რეგიონებში.

 

საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემა

უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალი პროექტი განხორციელდა სადაც ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა არის მოთხოვნა, და ეს ხშირად ფინანსურ მონაწილეობაზე დაიყვანება. რეფორმა უკავშირდება სათანადო კანონმდებლობის დახვეწას, რაც ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს, თუმცა დეტალებში მოცემული არაა როგორ მოხდება ეს.

ფაქტი ერთია, ამ ტიპის თანამშრომლობებით გაცილებით მეტი ეფექტი ეძლევა მთავრობის მით გადადგმულ ყოველ ნაბიჯს, რაც ყველასთვის სასარგებლო უნდა იყოს და ეკონომიკის განვითარებისთვისაა სასარგებლო პირველ რიგში.

 

ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული სხვა ეკონომიკური რეფორმები

ვფიქრობთ მთელს ეკონომიკურ პროგრამაში ეს პუნქტია, რომელსაც ყველაზე მეტად აკლია კონკრეტიკა. არადა თემა უმნიშვნელოვანესია. პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი გარდა იმისა, რომ ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი.

 

რომ შევაჯამოთ ეკონომიკური რეფორმების მიმართულება,

5 შემოთავაზებული მიმართულებიდან სამი კარგადაა „ჩაშლილი“ [საპენსიო რეფორმა, მიწის რეფორმა, საჯარო-კერძო პარტნიორობის], ერთი მეტად მოკრძალებულადაა წარმოდგენილი [კაპიტალის ბაზარი] და ერთი არადამაკმაყოფილებლადაა „გაშიფრული“ [ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული სხვა ეკონომიკური რეფორმები].

მიმართულება #4-ის შეფასება: გაბედულება (5/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (2/10).

 

მიმართულება #5 – სივრცითი მოწყობა

სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვა ფრიად საინტერესო მიმართულებაა, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ მიმართულია ქვეყანაში არსებული პოტენციალის უფრო რაციონალური გამოყენებისაკენ. მოცემულია საქართველოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ამოცანები: ქალაქსა და სოფელს შორის ურთიერთკავშირის განხორციელება, მაღალხარისხიანი მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობა, ქვეყნის ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ინვესტიციების სტიმულებისა და მიმზიდველი გარემოს შექმნა, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება.

რეალურად აქ ხდება სხვადასხვა მიმართულებით არსებული პოლიტიკების ისეთი კოორდინაცია, რომ საერთო სარგებელი იყოს მაქსიმალური. როგორც ჩანს ამ მიმართულებით უკვე საკმაოდ სამუშაოებია გაწეული და ისინი ჩამოთვლილია კიდეც დოკუმენტში.

დაგეგმილია შემდგომი კონკრეტული აქტივობებიც: საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემის მომზადება, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დასრულება, რეგიონებში სივრცითი მოწყობის გეგმების შემუშავება. ცალკე გამოყოფილი საქართველოს 4 სეზონის ტურისტულ ზონად გადაქცევისკენ მიმართული ღონისძიებები.

მიმართულებას აკლია გზა, თუ როგორ დაითვლება მიღებული შედეგები.

მიმართულება #1-ის შეფასება: გაბედულება (5/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (1/10).

 

მიმართულება #6 – თავისუფალი საგარეო სავაჭრო ურთიერთობები

ამ ნაწილში თავიდანვე განსაზღვრულია, რომ ქართული ოცნების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მიღებული შესაძლებლობების ეფექტური და სწრაფი გამოყენება.

პროგრამაში განსაზღვრულია ის მიმართულებები, რაც დაგეგმილია და ჩვენი აზრით აქ არის ის, რაც ამ ეტაპზე არის აუცილებლად გასაკეთებელი სახელმწიფოს მიერ:

  1. ბიზნესისათვის დახმარება ახალ ბაზრებზე შესვლაში ექსპორტის ხარჯების შემცირების გზით და ექსპორტთან დაკავშირებული რისკების დაზღვევაში;
  2. ქართველი ექსპორტიორების ინფორმირებისათვის ონლაინ პლატფორმის შექმნა, სადაც სხვადასხვა პროდუქტებზე სხვადასხვა ბაზრებიდან ინფორმაცია შეიკრიბება;
  3. კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შექმნა საელჩოებში;
  4. ქართული საწარმოების, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, მხარდაჭერა, რომ მათ ბოლომდე ისარგებლონ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების სარგებელით;
  5. წინასწარ, წლის დასაწყისში იქნება ცნობილი მისაღები რეგულაციების ნუსხა და მათი შემოღება მოხდება საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით;

შენიშვნები:

მიმართულებას აკლია კონკრეტული, რიცხვებში გამოხარული მიზნები. ექსპორტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მიზნების არ დასმა აშკარა მინუსია. ასევე პრიორიტეტია FDI და არც ამ მხრივ არის დასმული კონკრეტული მიზნები. გარდა ამისა პროგრამა არ აკონკრეტებს ამ მიმართულებით გასაწევ ბიუჯეტს, არადა ეს მნიშვნელოვანია. დღემდე არ ხდება სახელმწიფო პროგრამების გავლენის კვლევა, ეფექტიანობის ანგარიში.

ვფიქრობთ ექსპორტი, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მეტის შემომტანია [2,2 მილიარდი $ 2015 წელს] და FDI [1.564 მილიარდი $ 2015 წელს] უმთავრესი პრიორიტეტები უნდა იყვნენ და იმსახურებენ იმაზე მეტს ვიდრე პროგრამაში ჩამოყალიბებულ 56 მოკლე სტრიქონში ეტევა.

მიმართულება #6-ის შეფასება: გაბედულება (3/10), რეალურობა (8/10), პოპულიზმი (2/10).

 

მიმართულება #7 – ინფრასტრუქტურული განვითარება

ეს თავი იწყება მდგომარეობის ანალიზით, სადაც უკვე შესრულებული საქმიანობის კონკრეტული შედეგებია მოყვანილი.

და იქვე, პირველივე აბზაცშია მონაცემებით მანიპულაცია. კერძოდ, ჩანაწერია ასეთი: „2006-2012 წლებში ავტობანზე ყოველწლიურად შენდებოდა საშუალოდ 10 კმ, ხოლო 2013-2015 წლებში 28 კმ“. ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს საშუალება მოვიპოვოთ დეტალური ინფორმაცია, თუმცა ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ:

  1. ამ სფეროში 7 წლიანი საშუალო შედარდეს 3 წლიან საშუალოს – არასწორია;
  2. ეს არის სფერო, სადაც ტემპების აკრეფა ნელა ხდება, შემდეგ კი საქმიანობები შედარებით სწრაფად მიმდინარეობს ამიტომ საწყისი პერიოდის ტემპების შედარება საბოლოო პერიოდის ტემპებს უბრალოდ არასწორია;
  3. აიღეთ ჯამურად რამდენი კილომეტრი გზა დაიგო 2012 წელს და შეადარეთ ის 2013 წელს. აი იქ გამოჩნდება რეალური სურათი „გადასვლის“ პერიოდში;
  4. შეკითხვა: 2013-2015 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან, რამდენი დაიგეგმა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და გამხორციელდა მის შემდეგ?

ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტია და წარმოდგენილი ეკონომიკურ პროგრამაში კონკრეტული ნაბიჯების გეგმაა მოცემული. და ფრიად ამბიციური მიზნებია დასმული, რომ საქართველო რეალურად გადაიქცეს ტრანზიტულ ჰაბად:

  1. 2020 წლამდე 800 კმ-ზე მეტი სიგრძის და 3,5 მილიარდი აშშ დოლარის საგზაო ინფრასტრუქტურის დაგება, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ დასავლეთის ავტობანის დასრულებას;
  2. 2020 წლისთვის დამატებით 360,000 ადამიანისათვის სასმელი წლის 24 საათიანი მიწოდების აღდგენა. ხოლო 20,000 ადამიანისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესება;
  3. ნარჩენების მართვის სტანდარტების ამაღლება და სათანადო ღონისძიებების გატარება;
  4. 800 კილომეტრიანი ინფრასტრუქტურის აშენება რის შედეგადაც 800,000-მდე ადამიანი ინტერნეტს მიიღებს და ქვეყნის მოსახლეობის 90% -ს ექნება წვდომა ინტერნეტთან;

მიზნები რა თქმა უნდა ამბიციურია, მაგრამ მითითებული არაა საიდან გამოჩნდება ფული ამ საქმისთვის. 4 მიმართულებით გასაწევი საქმიანობებიდან ბიუჯეტი მხოლოდ ერთის ჩანს. რატომ?

მიმართულება #7-ის შეფასება: გაბედულება (8/10), რეალურობა (7/10), პოპულიზმი (5/10).

 

მიმართულება #8 – დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკა

ქართული ოცნების ეკონომიკურ პროგრამაში წარმოდგენილია ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი დარგების გარდაქმნა-განვითარებაზე გათვლილი ნაბიჯები 4 კონკრეტული მიმართულებით: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და ტურიზმი.

 

ენერგეტიკა

ქვეთავის პირველ სამ აბზაცში მეტად ღრმა ანალიზია მოცემული იმასთან დაკავშირებით, თუ რა სასიკეთო ძვრები მიმდინარეობს ქართულ ენერგეტიკაში. დასმულია მიზნები, მოყვანილია როგორც პროექტების ნუსხა, ასევე სათანადო ხარჯებისა და შედეგების სტატისტიკა, რომელიც თავის მხრივ შედარებულია წინა ხელისუფლების მიღწევებს. მაგალითად:

  1. ელექტრო ენერგიის გენერაციის ახალი ობიექტების განვითარება, შექმნილი დადგმული სიმძლავრეების მოცულობა;
  2. ექსპლუატაციაში შესული ჰიდროელექტროსადგურების მოცულობა, მათ შორის ქარის სადგურიც;
  3. მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემის ხაზების მშენებლობა;
  4. შაჰ-დენიზის მილსადენის გაფართოვების სამუშაოები, რომელშიც სხვადასხვა ეტაპზე 2000 ადამიანი დასაქმდება და 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება;
  5. ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის პროექტი;
  6. აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის სრული რეაბილიტაციის პროექტი;
  7. 210-280 მილიონი კუბამეტრის მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი;
  8. გაზმომარაგებისა და ელეტრომომარაგების პროექტები;

ყველაფერი იდეალურად გამოიყურება, რომ არა მონაცემებით მანიპულირების ორი შემთხვევა:

პირველი …

„2007-2012 წლებში შექმნილი დადგმული სიმძლავრის მოცულობამ 8 მეგავატი, ხოლო 2013-2016 წლებში 415 მეგავატი შეადგინა. 2007-2012 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 5 ჰიდროელექტროსადგური, 2013-2016 წლებში – 16 ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის ერთ ქარის სადგური. 2007-2012 წლებში პოტენციურ ინვესტორებთან გაფორმდა 10 მემორანდუმი, 2013-2016 წლებში კი ეს ციფრი 70-მდე გაიზარდა. 2013-2016 წლებში აშენდა 403 კილომეტრის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურა. 2007-2012 წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 135 კმ, ხოლო 2013-2016 წლებში 168 კმ სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენი.

შეკითხვები მონაცემებით მანიპულაციის ზედა შემთხვევასთან დაკავშირებით:

  1. რატომ ადარებთ 7 წლიან პერიოდს 4 წლიანს? იქნებ გვიჩვენოთ როგორი იყო ყველა ეს მონაცემი 2012 წელს და 2013 წელს, რომ გადასვლა დავინახოთ? განა ამ საქმიანობების დაწყება არაა ურთულესი, ხოლო დალაგება-აწყობის შემდეგ სწრაფად არ მიდის?
  2. 2007-2012 წლებში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურა საერთოდ არ აშენებულა?
  3. დადგმული სიმძლავრე რომ ჩაიბარო, რამდენი ხნით ადრე არის საჭირო რომ იმ კონკრეტულ პროექტზე დაიწყო მუშაობა? 2013-2016 წლებში მწყობრში შესული 16 ელექტროსადგურიდან რამდენზე დაიწყო დაგეგმვითი სამუშაები 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ?

მეორე …

„თუ 2008-2012 წლებში გაზმომარაგების ქსელში მხოლოდ 124 ათასი აბონენტი ჩაერთო, 2013-2016 წლებში ეს მაჩვენებელი 175 ათასს გადაცდა“. დავსვამდით იგივე ტიპის შეკითხვებს, მაგრამ ვფიქრობთ „message delivered“. ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ ფაქტების გადამოწმებას, მაგრამ გადამოწმების შემთხვევაშიც ალბათ დაახლოებით იგივე შემთხვევა იქნება, რაც დასაქმების მონაცემების გადამოწმებისას ზემოთ გამოჩნდა.

ენერგეტიკის სექტორი ასევე გამოირჩევა 2020 წლამდე დასახული ფრიად ამბიციური მიზნებით, რომელთა შორისაა:

  1. დადგმული სიმძლავრე სულ მცირე 500 მეგავატი;
  2. სულ მცირე 3 მილიარდი ლარის ინვესტიცია;
  3. გაზისა და ელექტროენერგიის უსაფრთხო და სტაბილური გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ინფრასტრუქტურის შექმნა;
  4. გაზსაცავის შექმნა;
  5. ენერგეტიკული კანონმდებლობის მოდერნიზაცია;
  6. საქართველოს სატრანზიტო როლის გაძლიერება;
  7. სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება;
  8. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა;
  9. პრიორიტეტად დარჩება განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურად ათვისება;
  10. ენერგოდამზოგველი და ენერგოეფექტური პოლიტიკის განხორციელება;
  11. დამატებითი 200,000 ადამიანი მიიღებს ბუნებრივ გაზს;
  12. უშუქო სოფლებში 1000 ოჯახი მიიღებს ელექტროენერგიას და არცერთი სოფელი არ დარჩება ელეტროენერგიის გარეშე;

 

სოფლის მეურნეობა

ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე წამოიწყო მასშტაბური რეფორმები სოფლის მეურნეობაში. შეიქმნა სტრატეგია 2015-2020 და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო მისი განხორციელება. სწორედ მიღწევების ჩამონათვალს ეთმობა ქვეთავის დიდი ნაწილი, რომელსაც მოსდევს შემდგომი ნაბიჯების სია.

კონკრეტული შედეგების ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელია და დავაკოპირებდით თავად დოკუმენტი რომ არ იყოს ტექნიკური წუნით გაკეთებული. ფაქტი ერთია: სოფლის მეურნეობაში სერიოზული ძვრები მოხდა 2013-2016 წლებში და მათი კონკრეტული შედეგები [რიცხვებში] დეტალურადაა მოცემული წინასააარჩევნო ეკონომიკურ პროგრამაში.

მომავალში გასაკეთებელ/გასაგრძელებელ საქმიანობებში ჩამოთვლილია [ოღონდ ძირითადში კონკრეტული რიცხვითი მიზნების მითითების გარეშე]:

  1. კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა სტრატეგიული მიმართულებაა;
  2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის რეფორმა;
  3. მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების დანერგვა;
  4. საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი მცირე ფერმერებისათვის. არსებული აგროდაზღვევის პროექტის დახვეწა;
  5. მელიორირებული მიწების ფართობის ზრდა 200 ათას ჰექტრამდე;
  6. დარგში დასაქმებულთა ცოდნის ამაღლება;
  7. ფერმერების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა;
  8. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის ზრდა;
  9. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება;
  10. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება;
  11. გაგრძელდება საქმიანობები ბიოაგრომეურნეობების, ქართული ადგილწარმოშობის, დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მიმართულებით;
  12. საერთო ეროვნული და რეგიონალური პროგრამები კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დასამკვიდრებლად;
  13. გაუმჯობესდება მონაცემთა შეგროვების, გავრცელების და გამოყენების კოორდინირებული სტატისტიკური სისტემა;

უდაოა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით 2013-2016 წლების მიღწევები დიდია და ისინი კონკრეტულ რიცხვებში გამოიხატება. არანაკლებ ამბიციურია მიზნები 2020 წლისათვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შესრულებულ პროექტებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა სამთავრობო პროექტთან მიმართებაში დგას: იხარჯება გადასახადების გადამხდელის ფული და შედეგები ითვლება რამდენი საწარმოს მხარდაჭერა მოხდა, რამდენი ფული დაიხარჯა, რამდენი სესხი გაიცა, რა მოცულობის სესხი გაიცა, რამდენი საწარმო შეიქმნა, რამდენი ადამიანი დასაქმდა. არ ითვლება ის, რაც უნდა ასევე ითვლებოდეს … თუნდაც ის, თუ გადასახადის გადამხდელს რა დაუბრუნდა საერთო სიკეთის სახით იმ ინვესტიციიდან, ან ის, თუ იმ ერთი საწარმოს მხარდაჭერის შედეგად რამდენად გაზარდა მან გაყიდვები და რამდენად მდგრადი გახდა, ან ის, თუ იმ ერთი საწარმოს მხარდაჭერამ ავნო თუ არა მის დარგში მისივე მეორე კონკურენტს, ან მოკლა თუ არა სხვა სამუშაო ადგილები და ა.შ.. სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობას ანგარიშობენ, აი ეფექტიანობას და საერთო ზეგავლენას არა. ეს „დაღი“ პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო პროგრამას გასდევს თან.

 

ტრანსპორტი

ამ ქვეთავში გამოიყოფა ორი მნიშვნელოვანი პროექტი: საფუძველი ჩაეყარა ანაკლიის საზღვაო პორტის მშენებლობას და დასრულდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი. მთავარი ამოცანა ამ მიმართლებით არის საქართველო იქცეს სატრანსპორტო ჰაბად. დაგეგმილი სამუშაოებია:

  1. საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაცია და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება;
  2. სატრანსპორტო სისტემების სრულყოფა;
  3. „ღია ცის“ პოლიტიკის გატარება;
  4. ევროგაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება;
  5. ხელი შეეწყობა მცირე ავიაციისა და სატრანსპორტიო ინფრასტრუქტურის განვითარებას მთიან რეგიონებში;
  6. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება;
  7. მოხდება საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებთან;

ამ სფეროში გასაკეთებელი ნამდვილად ბევრია. თავად ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ვიზიტორების 80%-ზე მეტი სახმელეთო გზით შემოდის ქვეყანაში, არ არის დადებითი მოვლენა.

 

ტურიზმი

ტურიზმის განვითარება ქართული ოცნების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეთავის დასაწყისშივე მოცემულია საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა, რომელმაც 2015 წლისათვის 5,5 მილიონს გადააჭარბა, 2016 წლისათვის კი 6.5 მილიონია პროგნოზი, რომელიც 2,1 მილიარდ $ შემოიტანს ქვეყანაში. ხაზგასმულია „აწარმოე საქართველოს“ კომპონენტი „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც რეგიონებში სასტუმროების შექმნას წაახალისებს.

რა იგეგმება:

  1. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
  2. უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით მარკეტინგული აქტივობების გააქტიურება;
  3. დაცული ტერიტორიების გაფართოვება და ეკოტურიზმის ხელშეწყობა;
  4. სხვადასხვა ტიპის ტურიზმის განვითარება;
  5. საქმიანი ტურიზმის წახალისება;
  6. აქცენტი მომსახურების სფეროში მომუშავე პერსონალის გადამზადებაზე;
  7. ზამთრის კურორტების შემდგომი განვითარება;
  8. სახელმწიფო და კერძო სექტორების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ტურისტული პროდუქტების შექმნის და მარკეტინგის მიმართულებით;

მიზნები 2020 წლისათვის:

  1. საქართველოს გადაქცევა 4 სეზონის ტურისტულ ქვეყნად;
  2. 8 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი;
  3. 3,5 მილიარდი აშშ დოლარი შემოსავალი 4 წლიანი პერიოდის ბოლო წელიწადს;
  4. ტურიზმთან ასოცირებულ ინდუსტრიებში სამუშაო ადგილების საშუალო წლიური რაოდენობა გაიზრდება არანაკლებ 80 ათასით;

გამოვთვალოთ რამდენად რეალურია ამ მიზნების შესრულება:

  1. საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის ტემპს თუ გავითვალისწინებთ სავსებით შესაძლებელია მომდევნო 4 წლის მანძილზე წელიწადში 8 მილიონიან ზღვარს გადავცილდეთ;
  2. 2015 წელს 5,9 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორმა ჯამში 1,935 მილიარდი $ დატოვა ქვეყანაში [ეს მეტად უხეში შეფასებაა, რომელშიც რეალურად 10-15% ცდომილება მაინცაა ამ სფეროს სპეციალისტების მოსაზრებით]. თუ დავთვლით 5,9-დან 8 მილიონამდე ზრდა არის 35%. 1,935 მილიარდი $-დან 3,5 მილიარდამდე ზრდა კი არის თითქმის 80%-იანი. ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ საერთაშორისო ვიზიტორებში ტურისტების [განსაკუთრებით მხარჯველი ტურისტების] რაოდენობა მოიმატებს. ამ ეტაპზე რამის მტკიცება ძალიან რთულია. არსებული მონაცემებით ტურიზმიდან შემოსავლების 2020 წლისათვის 3,5 მილიარდ აშშ დოლარამდე გათვლა რეალური არ ჩანს;
  3. დასაქმების კუთხით შეფასება ზემოთ გავაკეთეთ. ტურიზმის ინდუსტრიას აქვს შესაძლებლობა შექმნას დამატებით 50,000-მდე სამუშაო ადგილი 2020 წლამდე, ოღონდ რთულია მტკიცება თუ რის ხარჯზე მოხდება ეს;

მიმართულება #8-ის შეფასება: გაბედულება (8/10), რეალურობა (8/10), პოპულიზმი (5/10).

 

მიმართულება #9 – რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა

ასიმეტრიულად განვითარებულ საქართველოს რეგიონების ისე განვითარება, რომ უთანასწორობა აღმოიფხვრას ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. სამწუხაროა, რომ სიტუაციის ანალიზი იწყება მონაცემთა მანიპულაციით. კერძოდ: ციტატა – „ბიზნესის მთლიან ბრუნვაში თბილისის წილი 2004 წელს არსებული 61 %-დან 2012 წლისთვის 75 %-მდე გაიზარდა“. და ამის შემდეგ მოცემული არ არის რა იყო პროცენტი 2015 წელს.

ჩვენ გადავამოწმეთ და აი ფაქტები: აქ, საქსტატის საიტზე მოცემულია წლების განმავლობაში ბრუნვები ქალაქ თბილისში და რეგიონებში:

  1. 2004 წელს საერთო ბრუნვა იყო 7,25 მილიარდი ლარი, თბილისის ბრუნვა იყო – 4.45 მილიარდი ლარი, ანუ 61,47%;
  2. 2012 წელს საერთო ბრუნვა იყო 42,04 მილიარდი ლარი, თბილისის ბრუნვა კი იყო – 31.32 მილიარდი ლარი, ანუ 74,49%;
  3. 2013 წელს საერთო ბრუნვა იყო 44.32 მილიარდი ლარი, თბილისის ბრუნვა კი იყო 31.96 მილიარდი, ანუ 72,09 %;
  4. 2014 წელს საერთო ბრუნვა იყო 50.06 მილიარდი ლარი, თბილისის ბრუნვა კი იყო 35.99 მილიარდი, ანუ 71,90%;
  5. 2015 წელს საერთო ბრუნვა იყო 52.84 მილიარდი ლარი, თბილისის ბრუნვა კი იყო 38.09 მილიარდი, ანუ 72,05%;
  6. 2016 წლის პირველ ორ კვარტალში კი საერთო ბრუნვა იყო 26.97 მილიარდი ლარი, თბილისის ბრუნვა კი იყო 19.50 მლიარდი, ანუ 72,37%;

დასკვნა: 4 წლის განმავლობაში 72%-ს ქვემოთ ჩამოსვლა ვერც ქართული ოცნების მთავრობამ მოახერხა. იქნებ ეს უბრალოდ იმაზე უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე რომელიმე მთავრობას შეუძლია დაძლიოს ამ ეტაპზე? რას სთავაზობს  ქართული ოცნება საქართველოს რეგიონებს?

პროგრამაში ნახსენებია, რომ არსებობს 9 რეგიონის განვითარების სტრატეგია და საამისოდ გამოყოფილია 3 მილიარდი ლარი, მაგრამ მითითებული არ არის ამ დაფინანსების წყარო.

პროგრამაში ცალკე გამოყოფილია თუ რა კეთდება მაღალმთიანი რეგიონებისათვის, რაც ცალსახად დადებითია. დეტალურადაა წარმოდგენილი მთის კანონის კონკრეტული სარგებელი მთის მოსახლეობისათვის. და რაც მთავარია, წარმოდგენილია 11 ნაბიჯი, თუ რა უნდა გაკეთდეს რეგიონების სწრაფი განვითარებისათვის, რომელთაგან არცერთს არა აქვს კონკრეტული, რიცხვებით გამოხატული მიზნები.

მიმართულება #9-ის შეფასება: გაბედულება (2/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (6/10).

 

მიმართულება #10 – გარემოს დაცვა

ქართული ოცნების წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა გარემოს დაცვას პრიორიტეტად აღიარებს და კონკრეტული სტატისტიკა მოჰყავს თუ რა გაკეთდა 2012 წლიდან ამ სფეროში. მიუხედავად გაწეული საქმიანობისა სულ ახლახან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა დაბინძურებული ჰაერის გამო გარდაცვლილთა რაოდენობით.

დაგეგმილია ნაბიჯები, რომლებიც გარემოს დაცვის მიმართულებით უნდა გადაიდგას. სულ 14 ნაბიჯია, რომელთაგან არცერთია რიცხვით ფორმაში გამოხატული.

  1. გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება;
  2. ჩამოყალიბდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა;
  3. ქვეყნის სივრცითი მოწყობის და ქალაქების განვითარების გეგმებს, ასევე სხვა გეგმა-პროექტებს ჩაუტარდებათ გარემოსდაცვითი შეფასება;
  4. ჩამოყალიბდება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ეფექტიანი სისტემა;
  5. მოწესრიგდება სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და მოპოვების საკითხები;
  6. სახელმწიფო უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების გაფართოებას და ეკოტურიზმის ხელშეწყობას [ეს დებულება მეორდება, ტურიზმის ქვეთავშიცაა მოცემული. შეცდომაა?]
  7. დამკვიდრდება ტყეების მოვლის, დაცვის და აღდგენის ეფექტიანი მექანიზმები;
  8. გაგრძელდება მერქნულ რესურსზე ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება;
  9. სახელმწიფო ხელს შეუწყობს ბიომასისა და ტყეში არსებული ნარჩენების გადამუშავებით ალტერნატიული ენერგორესურსების შექმნას;
  10. გამწვანება და მასთან დაკავშირებული საქმიანობები პრიორიტეტია;
  11. გაფართოვდება მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური დაკვირვების ქსელი, რაც ხელს შეუწყობს ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვას;
  12. გაუმჯობესდება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა;
  13. გაუმჯობესდება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კონტროლის სისტემა;
  14. გაგრძელდება გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით საქმიანობები;

მიმართულება #10-ის შეფასება: გაბედულება (5/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (5/10).

 

მოძრაობა KAR.GE-ს შეთავაზება

ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ეკონომიკის კი თითქმის 90%. ეს იგრძნობა სუპერმარკეტების დახლებზე, ბაზარში, B2B გარიგებებში, სადაც გარიგებების 90%-მდე არაქართული წარმოების პროდუქციაზე ხდება. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2015 წელს 5.5 მილიარდ USD-ზე მეტი იყო და წლიდან წლამდე ასეა. მიუხედავად ამისა გამოსავალი არსებობს.

ჩვენ უკვე გვაქვს უდიდესი შიდა აუმოქმედებელი რესურსი. საქართველოში 2015 წელს მთავრობამ დახარჯა 3.2 მილიარდი ლარი, მოსახლეობამ დახარჯა 12 მილიარდი ლარი, არასახელმწიფო ორგანიზაციებმა [უცხოური ინვესტიციების გამოკლებით] დახარჯეს დაახლოებით 6 მილიარდ ლარამდე. ჯამში 2015 წელს 21 მილიარდ ლარამდე შიდა ინვესტიცია განხორციელდა [დიახ, ეს ინვესტიციაა]. ეს უზარმაზარი შიდა რესურსია, რომელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის, რეალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უდიდესი პოტენციალი აქვს. ჩვენს მიერ დამუშავების პროცესში მყოფ ეკონომიკურ პროგრამაში ამ პოტენციალის ამოქმედების რამოდენიმე კონკრეტული ნაბიჯი გვაქვს, რომელთაგან აქ მოვიყვანთ მხოლოდ სამს:

  1. საქართველოს მოსახლეობაში ქართული ხარისხიანი ნაწარმის პოპულარიზებაზე და გაყიდვების ზრდაზე მიმართული აქტივობების განხორცილება საიმისოდ, რომ მეტი ფული დაიხარჯოს ქართულ ნაწარმში. ეს ნიშნავს, რომ დოვლათი ქვეყნიდან არ გაედინება, რჩება ქვეყანაში, ბრუნავს და „მრავლდება“;
  2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა და სახელმწიფო შესყიდვებისას/ტენდერებისას საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის ფასში უპირატესობის მინიჭება 10% მაინც [ან სხვა სახის მხარდაჭერა];
  3. საჭიროა საქართველოში ბანკების, როგორც კონკურენტი დარგის კონტროლისგან დამოუკიდებელი საფონდო ბაზრის განვითარება, რათა ადგილზე გაჩნდეს ლარის ინვესტირების საშუალებები, ადგილობრივი ბიზნესისათვის შეიქმნას კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიული გზები და გაიზარდოს საქართველოს ბაზრის ლიკვიდურობა და კაპიტალიზაცია, რაც მას უფრო მიმზიდველს გახდის უცხოელი ინვესტორებისათვის.

თუ 2 საათით ჩვენი მოსმენის სურვილი იქნება რეალური გადაწყვეტილების მიმღებთა წრეს, ჩვენ წარმოვადგენთ რეალურ დროში გაწერილ გეგმას და დავასაბუთებთ მას ნებისმიერი სკეპტიკოსის წინაშე, მათ შორის საჯაროდაც. ჩვენს მიერ შემოთავაზებული სერიოზული ნაბიჯების გადადგმას უცილობლად მოჰყვება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც 6-8 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგებას მოიტანს შედეგად. კონკრეტული მოქალაქისთვის კი ეს ჯიბეში ორჯერ მეტ შემოსავალს ნიშნავს.

 

განმარტებები შეფასების სისტემასთან დაკავშირებით

შეფასების სისტემა 3 კრიტერიუმს ეყრდნობა. ფასდება თითოეული გზავნილი და ბოლოს კეთდება საერთო შეფასება.

  1. გაბედულობა – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ხაზს უსვამს თუ რამდენად გაბედული/რადიკალურია გზავნილი ყველა იმ გზავნილს შორის, რომელიც ხშირად გვსმენია წინასაარჩევნოდ.
  2. რეალურობა – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ითვალისწინებს თუ რამდენად შეუძლია ამ კონკრეტულ გუნდს ამ კონკრეტული გზავნილის განხორციელება ა) პარლამენტში და მთავრობაში მოსვლის ალბათობის, ბ) საკუთარი შესაძლებლობების, გ) სხვა ძალებთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნის და ისტორიის გათვალისწინებით.
  3. პოპულიზმი – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ითვალისწინებს ამომრჩევლის სურვილებზე გზავნილის/შეთავაზების განზრახ მორგების ხარისხს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის გზით ხმების მოსაპოვებლად. ქმედება, რომელიც ფართო მასის ინტერესს ემსახურება, მაგრამ აუცილებელია, ჩვენი აზრით ვერ ჩაითვლება პოპულიზმად.

ამ სამი კრიტერიუმით დადგენილი ქულების მიხედვით დგება მთავარი შეფასება: შეუძლია თუ არა ამ ეკონომიკურ პროგრამას დადოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მომდევნო 4 წლიდან რომელიმე წელს.

 

გამოყენებული მასალები:

#1 – წინასაარჩევნო პროგრამა – http://41.ge/program

#2 – ოცნების ეკონომიკური ხედვა, ეკონომეტრი, კახა კუჭავა – http://1tv.ge/ge/videos/view/169239.html – https://www.youtube.com/watch?v=RVYMWJoDA-c