28 მილიონი მცირე ბიზნესი – სწორედ ესაა აშშ-ს სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი ბურჯი, რომელიც ყოველი 3 ახალი სამუშაო ადგილიდან 2-ს ქმნის, 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით კი 4 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. ყოველი მეორე ამერიკელი ან ფლობს მცირე ბიზნესს ან მცირე ბიზნესშია დასაქმებული. შესაბამისად ამ სექტორის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკული საზოგადოებისათვის.
სწორედ ამიტომ 1-7 მაისის პერიოდში აშშ-ში მცირე ბიზნესის ეროვნული კვირეული – National Small Business Week მიმდინარეობს – https://www.sba.gov/nsbw/. კვირეული 1963 წლიდან ტარდება და ჩვეულებრივ აშშ მთავრობისა და კერძო ბიზნესის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. ღონისძიება როგორც წესი აშშ პრეზიდენტის მიმართვით იწყება და მთელ რიგ ღონისძიებებს მოიცავს ქვეყნის მასშტაბით. ამჯერად 10 რეგიონის 68 რაიონის მასშტაბით ჩატარებულ ღონისძიებები უფრო საგანამანათლებლო დანიშნულებისაა და მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღება მცირე ბიზნესისკენ მიაპყროს, მცირე ბიზნესის ყურადღება კი განათლებისკენ. ღონისძიების ჰეშტეგია – #DreamSmallBiz; სლოგანი კი – “Dream Big, Start Small.”
რა ხდება NSBW დროს განსაკუთრებული? როგორ უკეთებენ პოპულარიზებას მცირე ბიზნესს აშშ-ში? რა სახის მხარდაჭერა აქვს აშშ-ში მცირე ბიზნესს სახელმწიფოსგან და მოსახლეობისაგან? როგორ ერთვებიან Google, Facebook და Twitter აშშ-ს მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში?
- მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოგზაურობა ქვეყნის მასშტაბით და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება. ამ ღონისძიებებზე დასწრება ყველას შეუძლია უფასოდ – https://www.sba.gov/nsbw/events
- თუ ვერ ესწრები ღონისძიებას, კვირეულის ვებსაიტიდან შეგიძლია პირდაპირ ეთერს ინტერნეტით უყურო – https://www.sba.gov/nsbw/
- პროექტში Google-იც ჩართულია და სპეციალური ვებსაიტის მეშვეობით ონლაინ ბიზნესის ზრდის სემინარებს ატარებს – https://www.gybo.com/get-started
- NSBW ვებინარები, სადაც დაინტერესებულებს მცირე ბიზნესის ოპერირების სხვადასხვა ნიუანსების შესახებ ასწავლიან. აი განრიგი – https://www.sba.gov/nsbw/webinars
- პროცესს Facebook-იც უერთდება და სპეციალურ ქსელურ ღონისძიებას – „Boost Your Business“ ატარებს – https://boostyourbusinesspopup.eventfarm.com/events/index/7fff5387-0000-4552-a413-0018750cb499;
- პროცესს Twitter -იც უერთდება და ბიზნესის გაფართოების საკითხებთან დაკავშირებით “#TweetHour”-ს ატარებს;
- სპეციალური სემინარები ტარდება კაპიტალის მოზიდვასა და სესხის აღების საკითხებთან დაკავშირებით მიზნობრივი ჯგუფებისათვის;
რა თქმა უნდა NSBW განათლებაზეა კონცენტრირებული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ღონისძიებების დიდი რაოდენობის ადგილს [ინტერნეტი], უნარიან მცირე ბიზნესს ფრიად საინტერესო შესაძლებლობა ეძლევა „თავი გამოიჩინოს“ სხვადასხვა ორიგინალური მარკეტინგული აქტივობებით [მაგალითად „აედევნოს“ ჰეშტეგს].
ისურვებდით მსგავსის ჩატარებას საქართველოში?