დიდი მადლობა შენ, რომ ამას კითხულობ. სწორედ ამის გამოა, რომ 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვა კარგად მომზადდა, სწორედ მაგიტომაა, რომ 30 დღიანი გამოწვევა წარმატებით მიდის და სწორედ ამ „ხმაურის“ კიდევ ერთი შედეგია ის აღმოჩენა, რომელიც მე დღეს გავაკეთე. გავიცანი ახალი ბრენდი – წყალტუბოს სიროფი. არა მხოლოდ გავიცანი, არამედ მწარმოებელი გაცნობისთანავე სრულფასოვნად ერთვება ჩვენს ერთობლივ ფერხულში.
წყალტუბოს სიროფი
ეს არის სიროფი, რომლის შემადგენლობაშია ხილის ნატურალური არომატიზატორი. ნახევარ ლიტრიანის ფასია 2,5 ლარი [სურათზე რასაც ხედავთ ეს სპეციალურად გადმომცა მწარმოებელმა საიმისოდ, რომ ხვალ მაესტროს დილის პირდაპირ ეთერში მივიტანოთ ნიმუშად]. 6 არომატია სულ გამოშვებული ნახევარ და ერთ ლიტრიან ბოთლებში. დაახლოებით 1:4 პროპორციით რომ შეაზავოთ წყალთან, მიიღებთ უგემრიელეს ხილის სასმელს. ცნობისათვის ამ სიროფის გამოყენებით 2,5 ლარად თავისუფლად შეიძლება მიიღოთ 5 ლიტრამდე ლიმონათი, ხილის სასმელი ასე ვთქვათ, რომელიც დაახლოებით 4.5-5 ლარი ღირს. ანუ თუ დავუკვირდებით, ეს სწორედ ის პროდუქტია, რომელიც მოსახლეობის 90%-ს გემრიელ ლიმონათს ნახევარ ფასში ჰპირდება. უზარმაზარი პოტენციალი დავინახე ამ პატარა საქმეში მე პირადად მწარმოებელთან სულ რაღაც 1 საათიანი საუბრის შედეგად.
რაში შეიძლება წყალტუბოს სიროფის გამოყენება?
ხილიანი სასმელების მოსამზადებლად, საკონდიტრო სფეროში, ნაყინის დასამზადებლად … ბოლო-ბოლო თუ გონება ადამიანს გიჭრის მოიფიქრებ რამეს. ფაქტი ისაა, რომ გამოყენება ოჯახში ამ სიროფს უკიდეგანო აქვს. მოკლედ, ყოჩაღ წყალტუბოს სიროფის მწარმოებლებს! ძალიან სერიოზული პროდუქტი აქვთ და ძალიან სერიოზული სამომავლო გეგმებიც.
სად იყიდება?
თბილისში 100-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში იყიდება, მაგრამ სპეციალურად არ გეუბნებით სად. მოიკითხეთ და იქნებ სუპერმარკეტების მეპატრონეებმაც მოიკითხონ მწარმოებელი და შეიტანონ პროდუქტი. ეს სერიოზული მხარდაჭერა იქნება, დიახ, ის ფაქტი, რომ თქვენი მოიკითხავთ მარკეტებში. ხოლო თუ ვერსად ნახავთ, მობრძანდით ჩვენთან 18-20 დეკემბერს ქარვასლაში გამოფენა-გაყიდვაზე და ადგილზე შეგეძლებათ ამ სიამოვნების დაგემოვნება.
კარგით, გაგიმხელთ ერთ ადგილს … რუსთაველზე, SMART-ში იყიდება … 🙂