ყავის ეს ქართული ბრენდი სულ ახლახან გამოჩნდა, მაგრამ მისი ყიდვა პრაქტიკულად ყველგან შეიძლება. ეს 50 გრამიანი “ნატიფი” ყავის პაკეტი 1 ლარად შევიძინე. ვაღიარებ: ყავის დიდი გურმანი არ ვარ, მაგრამ კარგ ყავას ვაფასებ და აშკარაა, რომ ეს კარგი ყავაა!
ყავა ჩერი
ნახეთ ვებსაიტი და ნახეთ Facebook გვერდი. შემდეგ თქვენს უახლოეს სუპერმარკეტს ეწვიეთ და ჩერი მოიკითხეთ, იყიდეთ, კარგად მოადუღეთ, დატკბით განუმეორებელი გემოთი და … შთაბეჭდილება? აი ასე უნდა საქმის კეთება! ვგულისხმობ როგორც წარმოების მხარეს, ასევე მარკეტინგის მხარესაც.
ყავა დაფქულია უმაღლესი ხარისხის წმინდა კონსისტენციის დონემდე და დაფასოებულია უახლესი დანადგარით შეფუთვაში, სადაც ვერ აღწევს ჟანგბადი. ამასთან ნახშიროჟანგი გამოიყოფა სპეციალური სარქველის საშუალებით. შედეგად ყავის სურნელი და არომატი დიდი ხნის განმავლობაში არის შენარჩუნებული და ყავა არის ყოველთვის ახალი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად იქმნება რჩეული და დახვეწილი პროდუქტი. ამჟამად იწარმოება ოთხი დასახელების ყავა.
ცხადია ყავა საქართველოში არ მოჰყავთ [ჯერჯერობით]. თავად ყავის მარცვალი იმპორტირებულია. შემდეგ ხდება მისი მოხალვა, დაფქვა და დაფასოება. ნედლეულის იმპორტი ხდება, მაგრამ ბრენდი ქართულია და კარგადაცაა შექმნილი, საბოლოო პროდუქტი იწარმოება საქართველოში, ასე რომ აქ ცალსახად ქართული საქმე კეთდება!
ჩემთვის გასახარი ფაქტია, რომ ჩერი მონაწილეობას მიიღებს 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვაში, რომელსაც მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა მართავენ ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში. აუცილებლად გვეწვიეთ! ძალიან ბევრ ხარისხიან ქართულ პროდუქტს აღმოაჩენთ ჩვენთან!