რამოდენიმე დღის წინათ კახეთში ვიყავი მიწვეული პრეზენტაცია. შესვენებისას ადგილობრივებს გამოველაპარაკე, რომლებიც კონკრეტულ საქმეს არიან მოკიდებულები და დროის და ფულის ყადრი იციან. იცით რა მითხრეს? ამ ამ ქუჩას რომ გახედავ, ყველას ცოლები საბერძნეთში ჰყავთ, თვითონ კი დომინოს უბრახუნებენო … განძრევა არცერთს არ უნდაო …
ბევრი ინდიკატორია, რომლითაც ხვდები თუ რა შავადაა საქმე მსოფლიოში, მაგრამ მათ შორის ეს ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მწარედ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე. ეს არის საერთაშორისო ფულადი ჩამორიცხვები, რომლებმაც 2015 წლის ოქტომბრის თვეში 89,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი დაახლოებით 27 %-ით ნაკლებია 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით.
დეტალური ინფორმაცია აქ ნახეთ, მათ შორის ის 14 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ჩამოირიცხა. ფაქტია, რომ ამ თითქმის 90 მილიონიდან 40 მილიონი რუსეთიდანაა ჩამორიცხული … დაახლოებით 10 მილიონია აშშ-დან, ამდენივე იტალიიდან, 9 მილიონამდე საბერძნეთიდან და ა.შ.
2014 წელს საქართველოში სულ 1,44 მილიარდი აშშ დოლარი ჩამოირიცხა. წელს ცალსახად ნაკლები იქნება, მნიშვნელოვნად ნაკლები. ეს კი თითოეულ ჩვენგანს აკლდება.
უბედურება ისაა, რომ საზღვარგარეთ მომუშავეების აქეთ გამოგზავნილი ფულის დიდი ნაწილით, ისევ იმპორტული პროდუქტის შესყიდვა ხდება მათივე “დომინოს მობრახუნე” ნათესავების მიერ. ჩვენს ქვეყანაში რჩება ნარჩენი, დოვლათი კი ისევ უკან გაედინება. მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქცია უნდა ვიყიდოთ, რომ რაც შეიძლება მეტი დარჩეს ქვეყანაში და ქვეყანას მოხმარდეს!