მოძრაობა kar.ge ორივე ხელით, ვებსაიტით, Facebook გვერდით და ყველა თავისი რესურსით მხარს უჭერს ამ ტიპის ღონისძიებებს. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოში ბევრი გვაქვს ხარისხიანი პროდუქტი. თუ მყიდველებისათვის მიწოდებაც შესაბამისად მოხდება, იგი გაიყიდება და თან ისე, რომ სერიოზულ მოგვერდსაც კი გაუკეთებს იმპორტს.
26-27 სექტემბერს ბუკიას ბაღში გადასარევი ხალხის მიერ ორგანიზებული გადასარევი ღონისძიება შედგა. რეალურად ეს იყო ფერმერთა ბაზარი. ქვემოთ 36 სურათზე კარგადაა აღწერილი თუ რა იყო გამოფენილი და რა იყიდებოდა. ბუნებრივია მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ თუ რა მომეწონა და რის გაუმჯობესებასაც ვისურვებდი სამომავლოდ:
პლიუსები
- ადგილი – ბუკიას ბაღი ნამდვილად კარგად იქნა შერჩეული. იქვე მეტროს ამოსასვლელია, სადაც ხალხის მუდმივი ნაკადია. იმდენად კარგი ნაკადი, რომ ჩემი თვალით ვუყურებდი თუ რა ეფექტი ჰქონდა ამას გაყიდვებზე. ფერმერული პროდუქტი ხომ ისედაც ჰიტია, თან როცა ხალხის ნაკადი არ წყდება ხო მით უმეტეს. დახარჯვა რომც არ გინდოდეს, მაინც დაგახარჯინებდა …
- ორგანიზატორებმა ძალიან გარისკეს, მაგრამ რისკმა ამ შემთხვევაში გაამართლა. ღია ცის ქვეშ ასეთი ღონისძიების ამ დროს გაკეთება … ბედად ამინდიც შესანიშნავი გამოდგა და არც ქარი იყო. მოკლედ გამართლებაც ამას ჰქვია!
- პრომო ვიდეოები, რომლებიც წინასწარ მომზადდა. სხვადასხვა ადამიანისგან ჩაწერეს მიმართვა და ის ტრიალებდა ინტერნეტში. რაც ნამდვილად კარგი სვლა იყო. ეს ნამდვილად არის ის კარგი რამ, რასაც ჩვენ მაგალითად მომავალში გავითვალისწინებთ ჩვენი ღონისძიებების ორგანიზებისას.
ორი რჩევას შევთავაზებდი ორგანიზატორებს
- მესიჯი, რომელიც ბრუნავდა – „მეტი ადგილობრივი პროდუქცია – მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს“ არ მომეწონა. აჯობებდა თუ მცირე მეურნეების მაგივრად სიტყვა „ფერმერი“ იქნებოდა გამოყენებული [და არა „გლეხი“] ქართულ გზავნილშიც. უფრო გასაგებია და უფრო მიუთითებს „სწორ“ მიმართულებას. და სიტყვა „მხარდაჭერა“ – ძალიან ზოგადია. ჯობია პირდაპირ „იყიდე“ ეწეროს … გასაგებიცაა და ქმედებისკენ უბიძგებს [ეს ბაზრობის გზავნილია და არა ორგანიზატორების, რომლებიც მხარდაჭერას აკეთებენ მართლა]. თან ინგლისურად ეს ასეა დაწერილი – More local production. More Support for local farmers. ქართული და ინგლისური ვარიანტები ორ ადგილასაა აცდენილია ერთმანეთისგან. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის კამპანიები “Buy Local“ სლოგანით იმართება, რომლის გამოყენებაც აჯობებდა ამ შემთხვევაში. გენიალობა ხომ სიმარტივეშია მეგობრებო?!
- ჩემი აზრით მონაწილეები თანხას უნდა იხდიდნენ იმაში, რომ ასეთი ღონისძიებაში მონაწილეობენ და პროდუქტის გაყიდვის შანსი აქვთ. თუნდაც იმიტომ, რომ გაღებული უზარმაზარი ხარჯის ნაწილი მაინც დაიფაროს, თუნდაც სიმბოლურად. ფერმერმა უნდა იგრძნოს, რომ შედეგში – გაყიდვებში ფული უნდა გადაიხადოს. ასე [როცა ეს სერვისი უფასოა] ფუჭდება ბაზარი და ფერმერს/მონაწილეს/კომპანიას ჰგონია, რომ მას ეს უნდა „ვიღაცამ“ გაუკეთოს და თვითონ არ უნდა გაიღოს წვლილი. ეს კი მას იმუნიტეტს ჩანასახშივე უკლავს.
ეხლა კი ფოტოკოლაჟი …