ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სრული სიგიჟეა: 60,000 ფუნტს რძის ტრანსპორტირებაში ფერმა როგორ გადაიხდის?

ეს შოტლანდიური პრეცედენტი ფრიად საყურადღებოა ქართველი ფერმერებისათვის და თუ რატომ, ჩაიკითხეთ და მიხვდებით …

ბრიტანული გამოცემა pressandjournal.co.uk იუწყება, რომ [ სტატია ] შოტლანდიის ერთ-ერთ ჩრდილოურ რეგიონში დახურეს რძის ჩასაბარებელი საწარმო, რომელსაც 43 ადგილობრივი ფერმა რძეს ყოველდღიურად აბარებდა. 12 მათგანმა მიიღო სპეციალური შეთავაზება რძის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, 31-ს კი ტრანსპორტირების ხარჯი თვითონ დააწვება.

ერთ-ერთმა ფერმერმა – Roy Mitchell-მა, რომელიც 320 ჰოლშტეინის ჯიშის ძროხას უვლის, გადაითვალა და აღმოჩნდა, რომ წლის განმავლობაში თუ მან თითო ლიტრის ტრანსპორტირებაზე 1,75 პენსი იხადა, ჯამში 55-60,000-მდე ფუნტის დამატებით გადახდა მხოლოდ რძის ჩასაბარებელ საწარმომდე ტრანსპორტირებაში მოუწევს. და ეს მხოლოდ მას. მისნაირი კი 30 ფერმერია კიდევ რეგიონში. ყველაფერი რძის საწარმოს – Muller-ის სათაო კომპანიის გადაწყვეტილება, რომ იმ რეგიონში რძის ჩამბარებელი საწარმო დახუროს. მიზეზი კი ისაა, რომ რძის ბაზარზე ფასები ძალიან დაეცა და კომპანიისათვის აზრი აღარ აქვს 43 ფერმერისთვის საწარმო შეინარჩუნოს.

რა შედეგს მოიტანს ეს? უარეს შემთხვევაში 43 ფერმის განადგურებას და ასობით ადამიანის სამუშაოს გარეშე დატოვებას, უკეთეს შემთხვევაში კი ზარალზე წასვლას, იმიტომ რომ ასეთი ფერმისთვის წელიწადში 55-60,000 ფუნტი [85-90,000 USD] ძაააალიან დიდი თანხაა. ამიტომ Roy Mitchell-მა The Local Milk is Miles Better კამპანია წამოიწყო, რომ ადგილობრივი ფერმერების რძის გაყიდვები როგორმე გაზარდოს და/ან რეგიონში რძის ჩამბარებელი ახალი საწარმო შეიქმნას.

ეს ამბავი იმიტომ არ მომიტანია, რომ ან ფერმერი გავამართლოთ, ან რძის საწარმო გავამტყუნოთ. ბაზარზე ფასი დავარდა და ყველა გადარჩენას ცდილობს. ეს ფაქტი ნათელი ილუსტრაციაა იმისა, თუ რაში სჭირდება ფერმერს რეალური დახმარება ამ შემთხვევაში: ბაზრამდე პროდუქციის ტრანსპორტირებაში, ანუ დისტრიბუციაში.

 

საქართველოს რეალობაში რომ დავბრუნდეთ … რა შეიძლება აქედან ვისწავლოთ?

[სახელმწიფოს ეხება ეს პირველ რიგში]

ზემოთ აღწერილი მაგალითი ამტკიცებს, რომ ფერმიდან პროდუქციის ტრანსპორტირება ბაზრამდე ძალიან ძვირია მცირე მწარმოებლისათვის. ძალიან ძვირი. სხვა დანარჩენთან ერთად ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც სოფლად დასაქმებულებს თავისი მოსავლის წარმოების ზრდა რაღაც ზღვარს მიღმა აღარ აინტერესებთ, მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელი რჩება, მოსავალი კი ან მიწაში ლპება ან ხეზე.

როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა?

წარმოიდგინეთ რეგიონი, სადაც გინდა საქონლის ფერმების განვითარება. ჩადგი იქვე რძის ჩასაბარებელი საწარმო და გარდა იმისა, რომ უამრავ ხარჯს უზოგავ ფერმერს, ხალხს ადგილზე დაამაგრებ. გრანტი ან იაფი სესხი კი არ უნდა მისცე, ან გადასახადები შეუმცირო, ან არასამართლიანი სუბსიდია კი არ უნდა მისცე, არამედ ბაზრამდე წვდომაში უნდა მიეხმარო. ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, პროდუქციის რეალიზაციაში უნდა მიეხმარო. ეს რძის თემაზე დავწერე, თორემ ყველა სს პროდუქციის შემთხვევაში იგივე პრინციპია გინდა ქლიავი ყოფილა ეს და გინდა გოგრა.

ცხადია საქართველოს სახელმწიფო შორს უნდა იყოს მსგავსი საწარმოების ან დისტრიბუციის ქსელების შექმისგან, მაგრამ აი არსებული კომპანიების წახალისება კი ნამდვილად შეუძლია და აი როგორ [რამოდენიმე გზა]:

  1. გამოაცხადე, რომ სახელმწიფო შესყიდვებში ვიყიდი მხოლოდ ქართული წარმოების რძეს და დამერწმუნეთ ბევრი რამ თავისით დალაგდება;
  2. გამოაცხადე კონკურსი სადისტრიბუციო კომპანიებისათვის, რომლებიც რეგიონებში ჩასაბარებელ სისტემას დაალაგებენ და მის ქვეშ ბევრი რამ თავისით დალაგდება;
  3. გამოაცხადე კონკურსი რითეილ ქსელებისათვის ქართული პროდუქციის გაყიდვისათვის დახლის გამოყოფის შესახებ და მის ქვემოთ ყველაფერი თავისით დალაგდება;

მოკლედ, უამრავი „მშვიდობიანი“ გზაა საიმისოდ, რომ შედეგი დახარჯულ 1 ლარზე მეტი დაიდოს. სათანადო „ბალახი“-ს ჩამოკიდებაა მხოლოდ საჭირო და დანარჩენს ჩვენი გამრჯე ხალხი თვითონ მიხედავს. ჩვემს მიერ გადახდილი გადასახადებიც ჭკვიანურად დაიხარჯება და საქართველოს მოქალაქეებიც რეალურ ხეირს ნახავენ ჯიბეში.