ქართულია & kar.ge-ა!
ტყლაპი – თვითონ სიტყვას ბავშვობაში გადავყავართ … მოგონებები, ბებოს ნუგბარი… კარგად მახსოვს მზიან დღეს ხის დაფებზე გასაშრობად გამოტანილი ბებოს ტყლაპები. რა შეიძლება ამაზე მეტად ქართული იყოს? ბრენდირებული ჩურჩხელას თაობაზე მსმენია, მაგრამ ტყლაპს თუ წავაწყდებოდი ჰიპერმარკეტის დახლზე არ მეგონა.
დინასტია – ამ კომპანიის შესახებ ვიცოდი, მათი უგემრიელესი ჩურჩხელაც გასინჯული მქონდა და გამიხარდა სხვა პროდუქტიც რომ აღმოვაჩინე და თურმე ჯერ სად ვიყავი …
„ქართული ტრადიციული ხილის პროდუქტების (ჩურჩხელა, ტყლაპი, ტკბილი კვერი, თათარა, ჩირი, ხილის პიურე (საკონდიტროებისთვის), ხილის ჯემი (ნაყინისთვის ან/და საკონდიტროებისთვის).. და ა.შ. მწარმოებელი კომპანია “დინასტია” მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დაბალ ფასს და საუკეთესო ხარისხს, პროდუქცია მზადდება ნატურალური ხილისაგან ყოველგვარი დანამატების და მინარევების გარეშე. პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური, ქიმიური და მავნე ნივთიერებების დანამატების გარეშე, რეკომენდებულია ყველა ასაკისათვის, შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, ეტიკეტირებული, შესაბამისი შტრიხკოდებით. ასევე რამდენიმე პროდუქტის დამზადება დაპატენენტებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრში.“- ვკითხულობთ კომპანიის facebook გვერდზე. საიტი – http://dinastia.ge/ გათიშულია.
ტყლაპი ისეთი გემრიელი აღმოჩნდა, მართლა ბებოს გაკეთებული ტყლაპები გამახსენდა. აშკარად ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივაა ემულგატორებითა და ქიმიურად დამუშავებული იმპორტირებული სასუსნავებისა. კომპანიის პროდუქცია მხოლოდ ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტების ქსელებში შეგიძლიათ შეიძინოთ. კარფურში ტყლაპი 120 გრამიანი შეფუთვით 2 ლარი ღირდა. მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს – სასურველია ტყლაპს ეტიკეტზე ქონდეს მითითებული რომელი ხილისგანაა დამზადებული. დახლზე სხვადასხვა ვიზუალის ტყლაპები იდო და განსხვავება ვერ გავარკვიე.
მინდა ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელზეც ღირს ყურადღების გამახვილება: საწარმო მდებარეობს ქარელის რაიონის სოფელ დვანში, სასაზღვრო სოფელში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ძალიან დაზარალდა. ნედლეული არის სრულიად ადგილობრივი. კომპანია დაარსდა 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ!
ვფიქრობ მხოლოდ ეს ინფორმაცია კმარა, რომ ერთხელ მაინც შეიძინოთ „დინასტია“-ს პროდუქცია და თუ ერთხელ შეიძენთ, გარწმუნებთ, მისი მუდმივი მომხმარებელი გახდებით.
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.