ქართულია და kar.ge
როცა დახლს ვუახლოვდები, მაქვს მოთხოვნილება რომ სამიზნე ობიექტი იყოს კარგად შეფუთული, ჩემს საჭიროებებზე მორგებული მახასიათებლებით და რაღაც უფრო მეტიც ვიდრე მჭირდება.
ეს რაღაც, უფრო მეტი, ბუნდოვანი, არაკონკრეტული და მეტწილად სიტყვად გაუცხადებელი მოთხოვნილებაა. ჩემი სამომხმარებლო ერთგულება მეწარმის მხრიდან ამ გაუცნობიერებელ მოთხოვნებზე პასუხით იზომება.
კულინარიული ექსპერიმენტები მომწონს. საყიდლებზეც მეტ-ნაკლებად მონიშნული სურვილებით მივაბიჯებ ხოლმე. მაგრამ ისეთ სამოყვარულო სფეროებში, როგორიც ჩემთვის კულინარიაა, იმპროვიზაციები უფრო საინტერესოდ გამოიყურება. იმპროვიზაციებს ისე არაფერი მიადვილებს, როგორც გემოს დანამატები.
სუნელები ყველაზე ხშირადაა ჩემს მოძრავ სამიზნეზე წამოგებული. ბაზარში მისი შეძენა მიჭირს – მხოლოდ რამდენიმე მათგანის ცნობა შემიძლია და იმიტომ.
ქართულ ბაზარზე არის მწარმოებელი, რომელიც ჩემს შეზღუდულ კულინარიულ მეხსიერებასა და მდიდარ ფანტაზიას 30 ერთეულიანი ასორტიმენტით აზღვევს. ჩვენი თანამშრომლობა დახლზე უკვე სამი წელიწადია წარმატებით გრძელდება.
ახლა ამ ასორტიმენტის სახელებს პლასტმასის მომცრო ქილებიდან გადმოვწერ და ვეცდები კიდევ რამდენიმეს სახელი დავიმახსოვრო და დაგამახსოვროთ, ან უბრალოდ გაგახსენოთ: ბაჰარი, ძირა, მდოგვი, კამა, ჯინჯოფილი, აჯიკა, დარიჩინი, კარდამონი, ტარხუნა, უცხო სუნელი, ხმელი სუნელი, წითელი წიწაკა, ხახვი, ზაფრანა, ნიორი, ჯავზი, ქინძი, კვლიავი, მიხაკი, კოწახური, ორეგანო, პიტნა, ქართული მარილი, ქონდარი, ქოქოსი, რეჰანი, როზმარინი, შავი პილპილი, სვანური მარილი და შაშკვლავი.
ოცდაათივეს ვიყენებ. 🙂
მერე რა რომ ზოგიერთის შეძენისას უბრალოდ სუნი მომეწონა და გამოყენების ადგილი კულინარიული ინსპირაციის შედეგით განისაზღვრა.
მწარმოებელი „ბლექ სი ჯორჯია“ უკვე თერთმეტი წელია ოპერირებს ბაზარზე და მხოლოდ სუნელებს არ აწარმოებს. გამიკვირდა, ვებ სივრცეში მათ საიტს რომ ვერ მივაკვლიე, მხოლოდ პირწიგნაკის სოციალური გვერდი აქვთ.
სასიამოვნოა, რომ მეორადი ტარის ორიგინალური მოდელების განვითარებასაც ცდილობენ საყოფაცხოვრებო გამოყენებისათვის. ტარა მასალების ნიმუშების ნახვა სოციალურ გვერდზე შეგიძლიათ.
სუნელებს გუდვილში ვყიდულობ და 1.20 ლარიდან 2 ლარამდეა ფასები. სუნელების უმეტესობა საქართველოშია წარმოებული. რასაც მშობლიური მიწა არ იძლევა, იმას უბრალოდ აფასოებენ.
ჩემი აზრით, აჯობებს არ შემოიფარგლოთ შეჩვეული რეცეპტებით და გახდეთ შემოქმედი კულინარი, მერე რა თუ მხოლოდ მოყვარული. გემრიელ ქართულ სამზარეულოს გემოს განახლება სჭირდება, ახალი ტრადიციებისა და თქვენი ინდივიდუალური ხელწერის შესაქმნელად.