საქართველოს მიერ გამოუყენებელი საექსპორტო პოტენციალის ამ გამოქვეყნებული ანალიზის წაკითხვის შემდეგ ნიაზ დიასამიძის ჰანგების ფონზე ამ ტექსტს ვწერ და ჩემთვის ვფიქრობ …
ქართული პროდუქტის ყიდვა კარგად დაგეგმილ სპეცოპერაციას ჰგავს, სადაც 3 სასწაული უნდა მოხდეს. პირველი მაშინ მოხდება, თუ მყიდველმა რაღაცის შეძენისას ქართული ვარიანტი საერთოდ გონებაში მაინც განიხილა; მეორე სასწაული მაშინ ხდება, თუ რაც მას უნდა ის პროდუქტი სავაჭრო ქსელში საერთოდ ნახა; ხოლო თუ პროდუქტის ფასის და ხარისხის კომბინაციამ მყიდველი არ დააფრთხო, ეს უკვე მესამე სასწაული იქნება.
წარმოიდგინეთ საცერი, ჩვეულებრივი საცერი. მასში რაც არ უნდა წყალი ჩაასხა, შიგნით მაინც არაფერი დაკავდება. იმისათვის რომ წყალი დაგროვდეს საცერს ხვრელები რიგ-რიგობით უნდა დაუხშო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საცერში წყლის ჩასხმის სიჩქარე საცერიდან წყლის გადინების სიჩქარეზე მეტი იქნება, შეიძლება მასში წყლის დაგროვება.
იგივე პრინციპია ქვეყანის შემთხვევაშიც. ფართოდ მიღებული „ლეგენდის“ თანახმად მეტი ექსპორტი, მეტი ინვესტიციები, მეტად ლიბერალური ბიზნეს გარემო და ა.შ. არის სწორედ ის გზა, რომელმაც ქართული ეკონომიკა უნდა ააყვავოს … მაგრამ როგორ უნდა აყვავდეს ეს ეკონომიკა როცა ამდენი ხვრელიდან გაედინება დოვლათი?
რა უფრო რთულია პროდუქტის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა? ეს კვანტური ფიზიკა არ არის: უფრო ადვილია ბიზნეს კომპანიების მიერ ჯერ ადგილობრივი ბაზრის ათვისება, იმიტომ, რომ იგი შენია, შენ მას იცნობ, და მას შემდეგ რაც იგი ათვისებული გაქვს, მერე სვამ უფრო რთულ ამოცანებს. ცხადია გააჩნია თემას, მაგრამ ლოგიკა მარტივია: ჯერ ის ბაზრები უნდა აითვისოთ, სადაც ნაკლები დანახარჯით მეტის გაყიდვა შეგიძლიათ.
და ვსვამ შეკითხვას: როგორ გადავაქციოთ ქართული წარმოების პროდუქტის ყიდვა კარგად დაგეგმილი „სპეცოპერაციიდან“ ცხოვრების წესად?