რამოდენიმე წლის წინ ერთი ადამიანი დამიკავშირდა. მაშინ conference.ge -ს მეშვეობით ინტერნეტით კონსულტაციებს ვაწარმოებდი. აინტერესებდა გამოშრობის ტექნოლოგიები, რომ სიმინდის ფქვილი დაეფასოებინა. პირველად მაშინ „ჩავიხედე“ ამ თემაში და აღმოვაჩინე, რომ არც ისე ადვილი ყოფილა ამ ერთი შეხედვით ადვილი საქმის კეთება.
თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, რომ 2 დღის წინ დახლზე აღმოვაჩინე ეს სიმდიდრე. 900 გრამიან შეფუთვებში ვნახე მხოლოდ, მარკეტის ფასი 1.8 ლარი. შენახვის ვადა რაც აწერია – 3 თვე. შეფუთვა არის ქაღალდის. დამზადებულია საქართველოში. თავად სიმონდი ზუგდიდშია მოწეული. სერტიფიცირებული არის, გოსტ სერტიფიკატი აქვს. ტელეფონი არ აწერია, მაგრამ არის მისამართი – თბილისი, ჯაფარიძის ქუჩა, მეორე შესახვევი, სახლი 3. 486-იანი შტრიხ კოდი არ აქვს, თუმცა შეფუთვაზე ადგილი სამაგისოდ დატოვებულია.
ვიყიდე და გუშინ მშვენიერი მჭადებიც გამოვაცხვეთ სახლში. არომატი აქვს … თავი წისქვილში გეგონება …
ჩემი რჩევები მწარმოებელს:
- უდიდესი საქმე გაქვთ ხელთ, მაგრამ მარტო შეფუთვა და დახლზე დადება არ კმარა. ვიზუალური და კონცეპტუალური ბრენდინგი გჭირდებათ, საიტი გჭირდებათ, Facebook გვერდი გჭირდებათ;
- არ ვიცი რამდენ დახლზე გიდევთ პროდუქტი, მაგრამ აუცილებლად შეიტანეთ რაც შეიძლება მეტ ადგილზე;
- შეფუთვაზე ცოტა მეტი საკონტაქტო ინფორმაციაა საჭირო, ტელეფონი მაინც. დარწმუნებული ვარ ამ პროდუქტით ბევრი დაინტერესდება და როგორ მოგძებნონ?
თქვენც აღმოაჩინეთ ეს სიმინდის ფქვილი და გასინჯეთ!