ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ყურძენი

სიმართლე მწარეა, მაგრამ აფხიზლებს … 5 kar.ge რჩევა მევენახეს!

გუშინწინ, პირველად გავედი ბაზარში ყურძნის საყიდლად. ფასები მოვიკითხე. 2 ლარი ღირდა ყველაზე მაღალხარისხიანი სუფრის თითა და ალადასტური, ამაზე მეტი ფასი არცერთ ყურძენს არ ჰქონდა. 1-1,2 ლარში იყიდებოდა ძალიან ნორმალური „საჭმელი“ ყურძენი, რქაწითელი 1.5 ლარი ღირდა, ისიც მხოლოდ ერთს ჰქონდა ამ ფასში. ამ ძიებაში გადავაწყდი მშვენიერ თითას, რომელიც ცოტა ჰქონდა დარჩენილი, კილოში 1.3 ლარი გადავიხადე და სულ ვიყიდე.

შარშან ყურძნის მოსავალი ნაკლები იყო, ფასიც მეტი ჰქონდა ყურძენს და „აშენდა“ მევენახე, მაგრამ წელს საქართველოს ბევრ რეგიონში რეკორდული მოსავალი მოვიდა [ამბობენ შარშანდელზე 30% მეტი არისო, კახეთში 120,000 ტონაზე მეტიაო წინასწარი შეფასებით]. არ ვიცი ასეთი რა მოხდა, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარმა იმუშავა კარგად თუ უბრალოდ „ტუზი დაგვეცა“, მაგრამ ფაქტია, რომ მოსავალი გადასარევია. თუმცა ამ დიდმა მოსავალმა პრობლემებიც მოიტანა. მთავარი პრობლემა ყურძნის დაბალი ფასია. გუშინ გლდანის ბაზარში 1.3 ლარად ყურძენი ვიყიდე ეგეთზე შარშან 3 ლარ ნაკლებ ფასი რომ არ ჩამოდიოდა.

სუბსიდია – ყოველთვის იყო ის ჯადოსნური სიტყვა, რომლითაც კახელ მევენახე გლეხებს „აშოშმინებდა“ სახელმწიფო. თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერც-ერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა ის, რომ სუბსიდიის მეშვეობით დარგი წინ წაეწია. სუბსიდია ყოველთვის იყო საშუალება საიმისოდ, რომ უკვე გადახსნილი ჭრილობისათვის მალამო გადაესვათ და 1 წლით გაეყუჩებინათ. მაგრამ სადამდე? რა უნდა ჰქნას მევენახემ? მუდმივად უნდა სახელმწიფოს გადმოგდებული „ვაზელინის“ იმედზე იცხოვროს?

5 kar.ge რჩევა მევენახეს

  1. უყურე შენს საქმიანობას, როგორც ბიზნესს. შენ გაქვს ხარჯი, რომელიც უნდა ამოიღო. მაგრამ მიღებული შემოსავალი მარტო ხარჯის ამოსაღებად ხომ არ არის?! მოგება უნდა დაგრჩეს. ამ მოგებით უნდა განვითარდე, გაფართოვდე და უფრო მეტი აწარმოო. მეტიც, გლეხიდან ფერმერად უნდა გარდაიქმნე, ანუ მევენახეობა რეალურ მასშტაბურ ბიზნესაც აქციო. დაუძახე მეზობელს, გააკეთე კოოპერატივი, გამოუშვი შენი ბრენდის ღვინო, განვითარდი და წინ იარე. სადამდე გინდა იყო გადმოგდებული ნახრავი ძვალის, სახელად „სუბსიდიის“ იმედზე?
  1. უყურე მთავრობას, როგორც გვერდში მდგომს, დამხმარეს, მაგრამ არა როგორც მეწველ ძროხას; არ არის სახელმწიფო ვალდებული გაძლიოს სუბსიდია! არც იმის ვალდებულება აქვს მთავრობას, რომ სეტყვისგან დაზალებულს ზარალი აგინაზღაუროს. ზარალის ანაზღაურება გინდა? დააზღვიე მოსავალი. ფული გჭირდება? ისესხე, მაგრამ რა შუაშია მთავრობა? თუ ისევ საბჭოთა კავშირში გგონია თავი?
  1. უყურე ღვინის კომპანიას, ასევე როგორც ბიზნესს. შენს ყურძენში გადახდილი ფასი მისთვის ხარჯია. თუ მან ვერ გაყიდა ღვინო [ადგილობრივი ბაზარი გადაჭედილია, ექსპორტზე ცოტა გადის, თხილიც კი უფრო მეტი გადის საქართველოდან ექსპორტზე, ვიდრე ღვინო], როგორ უნდა გადაგიხადოს? თან ჯერ უნდა გადაგიხადოს, ღვინო აწარმოოს, მერე დააძველოს და ა.შ. და მერე გაყიდოს „იქ სადღაც“ მომავალში, პლიუს იმდენი მიიღოს, რომ წლების წინ, თან ამ გაქცეული ლარის ფონზე გადახდილი ხარჯები ამოიღოს და თან მოგება მიიღოს.
  1. უყურე ყურძნის ფასს, როგორც მოცემულობას, რომელსაც ბაზარი ადგენს. მოსავალი ცოტაა? ფასი მეტი იქნება, მოსავალი დიდია? ცხადია ფასი დავარდება. ეს საბაზრო კანონზომიერებაა და მას ვინც შეეწინააღმდეგება კისერს იღრძობს. არ მოგწონს ფასი? გაერთიანდი პარტნიორებთან ერთად და გააკეთე შესანახი პუნქტი, გაიტანე ბაზარზე 3, 4, 5 თვის შემდეგ და ნახავ ხუთმაგ მოგებას.
  1. უყურე ბაზარს, როგორც მექანიზმს, რომელიც დიდწილად განაპირობებს შენს წარმატებას. შეისწავლე საბაზრო კანონზომიერებები. შენთვის რეალურად ბაზარი სამ ცვლადზე დაიყვანება: ღვინის მწარმოებელი კომპანია, მომხმარებელი და დრო. ერთსაც უნდა მისწვდე, მეორესაც და მესამესაც უნდა „დაუმუღამო“, მაგრამ ნუ მოინდომებ სასწაულს, ბაზარზე სასწაულები არ ხდება. დღეს ჩვენი მომხმარებელიც ცუდ დღეშია ამ გაქცეული ლარის ფონზე, ცოტას ხარჯავს. არც ღვინის კომპანიებს ულხინთ. ასე რომ ის ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ჩვენს ირგვლივაა, ეხლა თქვენზეც აისახება.

გავა დრო და გამოჩნდებიან მევენახე ფერმერები, რომლებიც ფეხს აუწყობენ ბაზარს, მას თავის სასიკეთოდ ამუშავებენ და აღარ ექნებათ მთავრობის სუბსიდიის მოლოდინი. იმედი ვიქონიოთ, რომ ამას 2 თაობის ცვლა არ დასჭირდება.

ეხლა რა ვქნათ?

რა უნდა ჰქნათ? ადექით, წადით ბაზარში და ყურძენი იყიდეთ. აგერ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სპეციალურად ყურძნის სარეალიზაციო პუნქტები მოაწყო [სულ არაა მისი საქმე ეს, მაგრამ სხვა ვერ აკეთებს და …]. ყურძნის ფასიც ძალიან მისაღები ჩანს.

წადით და იყიდეთ ქართული ყურძენი!