ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართული ჩაი

სახ. პროგრამა – ქართული ჩაი: გადასარევია, მაგრამ არ კმარა და აი რატომ …

დაილოცა ქართული ჩაი …

ეხლაც, ამ სტატიის წერის დროსაც მას ვსვამ …

შემოქმედის ჩაის, ოღონდ მაყვლისას [ახალი გამოშვებულია ბაზარზე]

იფ, რაკარგი ყოფილა?!

გამიხარდა როცა გავიგე, რომ ჩაის დარგის „გადასარჩენად“ სერიოზული მხარდამჭერი პროგრამის განხორცილება იგეგმება [სახელწოდებით – ქართული ჩაი], იმ მიზნით, რომ ჩაის 7,000 ჰექტარამდე პლანტაციის რეაბილიტაცია მოხდეს, გადამამუშავებელი საწარმოები შეიქმნას, მათი სერტიფიცირება მოხდეს და წარმოება გაიზარდოს, დასაქმება გაიზარდოს და ა.შ. ექსპორტზე გავიდეს. ეს ჯერ კიდევ ნოემბერში დაანონსდა და ეხლა გარკვეული ნაბიჯები უკვე იდგმება. მოვიძიე ინფორმაცია და ვნახე ის, რაც ამ სტატიის ქვემოთაა. გადავხედე და … იმედი გამიცრუვდა … ისევ და ისევ საუბარია  საწარმოებისათვის იაფი ფულის მიცემაზე, რომ წარმოებები გაკეთდეს. ნუთუ იაფი ფულის მიცემის იქით სამთავრობო სტრატეგოსების ფანტაზია ვერ მიდის?

და გამეცინა …

გამეცინა ამ საბჭოთა აზროვნებაზე …

ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა მთავრობა აქცენტს აკეთებს წარმოებების განვითარებაზე და ჰგონია, რომ თუ იქნება მეტი წარმოება, თუ აშენდება მეტი ფაბრიკა-ქარხანა და განვითარდება მრეწველობა, ეს ქვეყანას ფეხზე დააყენებს. დღევანდელსაც ასე ჰქონია. ყოველ შემთხვევაში მისი პროგრამებიდან წარმოებების შექმნაზე ზრუნვა ჩანს მხოლოდ და არა ბაზარზე ამ შექმნილი პროდუქტის გაყიდვაზე.

სამართლიანობისათვის უნდა დავაზუსტო: ექსპორტზე ზრუნვა მართლა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა და ამაში მთავრობა მართლა ბევრს აკეთებს, მაგრამ შიდა ბაზარი რატომ გავიწყდებათ? ამ ოკუპირებულ ტერიტორიას ვინ დაიბრუნებს?

ამ დროს ბაზრის თვალით, მომხმარებლის თვალით უნდა შეხედო ყველაფერს …

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სულ ფეხებზე კიდია ქართული ჩაიც და ძალიან ბევრი სხვა ქართული პროდუქტიც. რამდენიც არ უნდა აწარმოო, რაოდენ ახლოსაც არ უნდა მიუტანო, რამდენადაც არ უნდა უქო, რაოდენ უმაღლეს ხარისხის არ უნდა იყოს, მაინც არ იყიდის. აწარმოე რამდენი ჩაიც გინდა … მომხმარებელი საქართველოში მაინც იმ იაფს და უხარისხო შეღებილ ხმელ ფოთოლს იყიდის, რომელიც იმპორტირებულია და ოხრად ყრია ყველა სავაჭრო წერტილში.

დღეს მყიდველი არის მეფე. მყიდველთან ქართული პროდუქტის პოპულარიზებაზე/სტიმულირებაზე უნდა იმუშავოთ, რომ მოთხოვნა შეიქმნას და განვითარდეს, რომ ქართული გაიყიდოს, რომ პირველ რიგში ადგილობრივი ბაზარი დაავიბრუნოთ. ასე რთულია ამის მიხვედრა?“

პირველ რიგში შიდა ბაზარია დასაბრუნებელი, ადგილობრივ მოთხოვნაზეა სამუშაო, რომ მისი მიმართვა საქართველოში წარმოებული პროდქუტებისადმი მოხდეს. ვის რად უნდა მსოფლიოში ქართული ჩაი, როცა ამ ჩაის თავისი შიდა ბაზარზე არ აქვს პატივისცემა და დაფასება?

 

 

** მოკლე ინფორმაცია: სახელმწიფო პროგრამა – ქართული ჩაი

ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის მიზნები:

  • საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება;
  • ჩაის წარმოების ხელშეწყობა;
  • არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია (როგორც კერძო საკუთრებაში, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პლანტაციები);
  • მაღალიხარისხის ჩაის, მათ შორის ბიო ჩაის, წარმოების ხელშეწყობა;
  • საქართველოში წარმოებული ჩაის საექპორტო პოტენციალის გაზრდა;
  • მოსახლეობის დასაქმება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნა;

პროგრამის ფარგლებში:

  • მოხდება კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია
  • შეიქმნება ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოები
  • რეაბილიტაცია ჩაუტარდება 7000 ჰა-მდე ჩაის პლანტაციას

პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება:

კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში:

  • იურიდიული პირებისათვის – რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60% ,
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80% ; სასუქების ღირებულების 50% ,

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში:

  • იურიდიული პირებისათვის – რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 70%
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 90% ; სასუქების ღირებულების 50%

ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰა-ზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 2500 ლარს (დღგ -ს ჩათვლით). იმ შემთხვევაში, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰა-ზე აღემატება 2500 ლარს, თანადაფინანსების მოცულობის დადგენა განხორციელდება ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსების პირობების შესაბამისად. (2500 ლარის 60%, 70% 80%-ის ოდენობით). სასოფლოსამეურნეოკოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშვებისთვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.