“უღონობა ქვეყნისა მარტო უფულობა და უქონლობა კი არ არის, როგორც ეხლა ბევრსა ჰგონია, არამედ უფრო ისა, როცა სათნოებიანი, კეთილ-მომქმედი, მაღალ-ზნეობის კაცი არა ჰყავს”
ილია ჭავჭავაძე, 1837-1907
რაც მეტად ვიძირები ჩვენი ტიტანების სიბრძნეში, მით მეტად ნათელი ხდება შემდეგი: დრო გადის, მაგრამ ქართული საზოგადოება თითქოს არ იცვლება. მაშინაც ასე ყოფილა და ეხლაც ასეა, რომ ბევრი ქვეყნის სიძლიერეს ზომავს ფულით და ქონებით, მაშინ როცა ქვეყნის რეალური სიძლიერე მის საზოგადოებაშია, თითოეულ ადამიანშია, თითოეული ადამიანის ყოველდღიურ გადაწყვეტილებაშია.
ჩვენ 4 წელიწადში ერთხელ მივაკითხავთ ხოლმე საარჩევნო ურნებს და ვირჩევთ ადამიანებს რომლებსაც მომდევნო 4 წელი როგორც წესი გადაგდებულები ვყავართ. გვგონია, რომ მხოლოდ ეს გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. არადა ამ დროს ყოველდღიურად ვაკეთებთ არჩევას, ქვეყნისთვის არანაკლები მნიშვნელობის არჩევანს, რომელსაც არც კი ვიაზრებთ რომ ვაკეთებთ.
ყოველ ჯერზე როცა რამეს ყიდულობ შენ აკეთებ არჩევანს დაეხმარო საკუთარ ქვეყანას, ბიზნესს და საკუთარ თავს, თუ რომელიმე სხვა ქვეყანას, სხვა ქვეყნის ბიზნესს და სხვა ქვეყნის მოქალაქეს. იყიდე ქართული და დაეხმარე საკუთარ თავს! ჩემი აზრით ასეთი ადამიანების სიმრავლეა დღეს მთავარი სიმდიდრე და არა ყანწპატრიოტებისა.