ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
აფერისტ

როგორ მოვატყუოთ მომხმარებელი? [“ინსტრუქცია” აფერისტი მეწარმეებისათვის]

როგორ მოვატყუოთ მომხმარებელი და „შევასაღოთ“ მას არაქართული წარმოების პროდუქცია [მაგალითად ჩინური, რუსული თურქული და ა.შ.] როგორც ქართული?

ეძღვნება ღრუზინ ბიზ[მ]ესმენ იმპორტიორთა იმ უმრავლესობას, რომლებსაც ჩვენს ხარჯზე „კეთდება“  …

საქართველოში მოქმედ აფერისტ მეწარმეებს შემოქმედებას ვერ დაუწუნებ, ვერც ფანტაზიას. აშკარაა, რომ ისინი გრძნობენ ბაზარს და კარგადა წველიან კიდეც. მეტი არაა ჩემი მტერი რომელიმე მათგანმა ეს ნაწერი წაიკითხოს, მაგრამ იმედი მაქვს ფხიზელი მომხმარებლები წაიკითხავენ და გარრთხილდებიან …

„ღრუზინი ბიზ[მ]ესმენის“ აზრი 1: ქართველი მომხმარებელი ნელ-ნელა ინტერესდება ქართულენოვანი ეტიკეტებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ამიტომ პირველი „რეცეპტი“ რომელსაც საქართველოში მყიდველების დიდი ნაწილი უცებ „ჭამს“ არის – პროდუქტისთვის ქართულენოვანი ეტიკეტის გაკეთება.

ჩემი კომენტარი: ადრე, დიდი ხნის განმავლობაში მეც მეგონა, რომ თუ პროდუქტზე განთავსებული იყო ქართული წარწერა, ანუ ქართულ ენაზე შესრულებული ეტიკეტი ჰქონდა, ესე იგი ის საქართველოში იყო წარმოებული. ქართულ საქმეში რომ ჩავიძირე მაშინ მივხვდი, რომ ვცდებოდი. იმ პერიოდში იმპორტიორებმა მასიურად დაიწყეს ქართულენოვანი ეტიკეტების მიკვრა. აი მაგალითად, ბრენდი „ჩვენი სუფრა“, რომლის ფარგლებში ზეთიდან დაწყებული მაიონეზით დამთავრებული უამრავი საკვები პროდუქტი იწარმოება, სულაც არ არის საქართველოში წარმოებული, აზერბაიჯანში იწარმოება. ზეთების დიდი ნაწილი, რომელთაც ქართულენოვანი ეტიკეტი აქვს, რუსეთშია წარმოებული. და ა.შ.

„ღრუზინი ბიზ[მ]ესმენის“ აზრი 2: ჰმ, დაინტერესებული მომხმარებლების ნაწილი უკვე აღარ „ჭამს“ ქართულენოვანი ეტიკეტის „აფიორას“ და შტრიხ კოდს უყურებს. თუ 486-ით არ იწყება, არ ყიდულობს. მაშინ ჩვენც დავხვეწოთ მეთოდები და გამოვიყენოთ შტრიხ კოდი – 486.

ჩემი კომენტარი: მას შემდეგ რაც აღმოვაჩინე, რომ ქართულენოვანი ეტიკეტი ბევრს არაფერს ნიშნავდა, ყურადღება მივაქციე შტრიხ კოდს. ქართული კომპანიის მიერ ბაზარზე პროდუციის შტრიხ კოდის გამოტანა დაუშვებელია. პროდუქტზე შტრიხ კოდი უნდა ეწეროს. ამ ცოდნაზე დაყრდნობით მეც „მივაწექი“ 486-იანებს. მეგონა ეს საკმარისი იყო, მაგრამ მალევე აღმოვაჩინე, რომ საქართველოში რეგისტრირებული მყოფი კომპანია იღებს შტრიხ კოდს პროდუქტისთვის, რომელსაც მთლიანად უკვეთავს ჩინეთში და ჩამოდის ქართულ ეტიკეტიანი და 486 შტრიხკოდიანი გაშანშალებული ჩინური წარმოების პროდუქტი, რომლითაც ტყუვდება მოსახლეობა [მაგალითად არაქისების უმრავლესობა ასეა წარმოებული].

„ღრუზინი ბიზ[მ]ესმენის“ აზრი 3: ჰმ, ისწავლეს ხომ? 486-იანსაც აღარ „ჭამენ“ ხომ? ეტიკეტს სრულად კითხულობენ ხომ? მწარმოებელ ქვეყანას და წარმოების მისამართს უყურებენ ხომ? ჰოდა ჩვენც დავხვეწოთ მეთოდები და ეტიკეტზე ან ყველაფერი არ მივუთითოთ ანდა … მაიმუნის წელია ბოლო-ბოლო …

ჩემი კომენტარი: ეტიკეტი ქართულენოვანია, შტრიხ კოდი ქართულია, მაგრამ მწარმოებელი სხვა ქვეყანაა; არადა აწერია საქართველო, ან არ აწერია. უბედურება იმაშია, რომ ეტიკეტსაც ვეღარ ვენდობი უკვე, ვინაიდან ამ სფეროს რეალური „პატრონი“ მე არ ვიცი. კანონის მიხედვით არასწორ ეტიკეტირებაზე არის ჯარიმა 1000 ლარი, განმეორებით შემთხვევაზე კი 5,000 ლარი, მაგრამ სად ვსდიო ამას მე უბრალო მოქალაქემ? რომელია წყარო, რომელიც მეტყვის რომელია მართლა საქართველოში წარმოებული პროდუქცია და რომელი არა?

ანუ,
გინდოდეს იყიდო ქართული არ კმარა …
კარგად  უნდა იცოდე ქართული პროდუქციის ამოცნობაც …
თორემ ადვილად მოტყუვდები …
და შენს მამასისხლად ნაშოვნ ფულს, ისევ ქარს გაატან, საზღვარგარეთ …
სწორედ ამიტომ წარმოგიდგინეთ 3 გზა, რომ გაფრთხილდეთ და უკეთ ამოიცნოთ ქართული წარმოების პროდუქცია.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ kar.ge კატალოგზე მუშაობა, სადაც მხოლოდ იმ პროდუქციას წარმოვაჩენთ, რომლებიც მართლა საქართველოში იწარმოება.

თუ გახსოვთ ბოლოს როდის მოტყუვდით [ქართულის ყიდვა გინდოდათ და არაქართული იყიდეთ] და როგორ?