უნიკალური რამ მოხდა ეგვიპტეში …
ეგვიპტის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ დაიწყო უპრეცედენტო სარეკლამო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ეგვიპტელებს საკუთარის თავის და საკუთარ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის მიმართ ნდობა გაუღვივოს, რომ მათ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყიდონ.
ეგვიპტის მთავრობის ამ კამპანიის სლოგანია – Be proud of your country’s industry და იგი პირდაპირ დასცინის ეგვიპტელების „უცხოელების კომპლექსს“ – okdet al-khawaga, რომ უცხოელს მეტი დადებითის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის, ვიდრე თავად ეგვიპტელს. ხაზგასმულია, რომ თავად ეს „კომპლექსი“ კოლონიური უღელგამოვლილი ქვეყნის „ხვედრია“ და აღნიშნულია, რომ თურმე ეგვიპტელებში განსაკუთრებით გამჯდარი ყოფილა იმპორტულის გაფეტიშებისა და ადგილობრივის კრიტიკის ჩვევა [ხომ არაფერი გეცნოთ?].
კამპანია 3 ვიდეორგოლისგან შედგება. თითოეულში ნაცვენებია ეგვიპტელების ყოველდღიურობა და აჩვენებს თუ როგორ აქებენ უცხოელს და აკნინებენ ადგილობრივს ერთი და იგივე ქმედებისათვის.
მაგრამ ამ კამპანიის მთავარი ხიბლი მაინც ისაა, რომ იგი მთავრობისგან მოდის, იუმორისტულია და კარგადაა გაკეთებული, და 1 წუთშია ჩატეული სათქმელი. მსგავსი კამპანიები ხელისუფლებას ადრეც გაუკეთებია, მაგრამ ამას სიახლე ახლავს. კამპანია აღიარებს, რომ იმპორტული უფრო მაღალი ხარისხისაა, მაგრამ მაინც ხაზს უსვამს ადგილობრივის ყიდვის მნიშვნელობას. თან შემოაქვს ხარისხის ნიშანი, რომელიც შემოწმებულ პროდუქციას მიეცემა. ნიშანი ეძლევა პროდუქციას, რომელიც მინიმუმ 40% ნედლეულს ადგილობრივს იყენებს.
კამპანია ძალიან კარგად მიიღო საზოგადოებამ. აი რას ამბობს ერთ-ერთი სერიოზული ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი: „დადგა დრო, რომ ეგვიპტელებმა ხელში აიღონ თავიანთ ქვეყანაზე ზრუნვა და ეს ეგვიპტური პროდუქციის შეძენით უნდა გააკეთონ. კამპანია მნიშვნელოვანი ნაბიჯია საჭირო მიმართულებით. ეს ქვეყანას ფეხზე დადგომაში დაეხმარება. ხალხი ჯერ სკეპტიკური იქნება, მაგრამ სხვა გზა არაა”.
და ეს ხდება ქვეყანაში, რომლის იმპორტია 88 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი, ექსპორტი კი 33 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. სავაჭრო დეფიციტია „მკვლელი“.
ნახეთ სამივე ვიდეო. სიტყვები ვერც მე გავიგე, მაგრამ პათოსი კი (y)