ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გაგამარუ

იამაყეთ! იაპონიაში ქართველი სუმოისტის – გაგამარუს გამოსახულებით ნამცხვარი გამოუშვეს

რაოდენ სასიამოვნო და საამაყოა, როცა უცხო ქვეყანაში ქართველ სპორტსმენს ისე აფასებენ, რომ მისი გამოსახულებით ნამცხვარსაც კი უშვებენ… და რაოდენ სამწუხაროა, როცა მას საკუთარ სამშობლოში მოსახლეობის 20%-იც კი არ იცნობს…

გაგამარუ – ეს სახელი საქართველოში, ალბათ, მხოლოდ ვიწრო წრეებში თუ იციან და ისიც მხოლოდ სპორტში ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა. იაპონიაში კი ამ საბრძოლო მეტსახელით (შიკონა) მოასპარეზე ქართველი სუმოისტი, თეიმურაზ (გაგა) ჯუღელი უდიდესი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში. ამ პოპულარობის ხარისხი კი იმდენად მაღალია, რომ იაპონური სუმოს ასოციაციამ გაგამარუს სახელითა და გამოსახულებით, არც მეტი, არც ნაკლები, ნამცხვარი/ორცხობილა გამოუშვა. ვერ გეტყვით, რამდენად სერიული სახე მიეცემა ამ ნამცხვრის წარმოებას. თუმცა, სულაც ერთჯერადი რომ იყოს, მაინც აღსანიშნი ფაქტია, რადგან ეს ჩვენი სპორტსმენის დაფასებაზე მეტყველებს.

გაგა ჯუღელი (გაგამარუ), ლევან ცაგურიასა (კოკკაი) და ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) შემდეგ, მესამე ქართველი სუმოისტი გახლავთ, რომელიც 2009 წლიდან ელიტარულ სუმოში გამოდის და სეკიტორის საპატიო სახელსაც ატარებს. ჩვენი გოლიათი ამჟამად უმაღლეს დივიზიონში 42 საუკეთესო სუმოისტს შორის ირიცხება, ისევე როგორც მეორე ჩვენებური, ტოჩინოშინი. ქართული სუმოს პიონერმა, კოკკაიმ კი სამიოდე წლის წინ დაანება თავი სპორტულ კარიერას.

აი ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის იაპონელთა ნაციონალური სპორტის ელიტარულ დივიზიონში 2 მოქმედი ფალავნის ყოლა კი, მერწმუნეთ, ძალიან დიდი მიღწევა და საამაყო ამბავია!

კარიერის მანძილზე გაგამარუს 2-ჯერ აქვს მიღებული მებრძოლი სულის გამოვლენისათვის დაწესებული პრიზი – კანტო-შო, ერთხელ ფლობდა უმაღლესი დივიზიონის ვიცე-ჩემპიონის სტატუსს, ხოლო ერთხელ კომუსუბის მეტად პრესტიჟული ტიტულიც უტარებია, რომელიც რანგით მე-4 გახლავთ სუმოს იერარქიაში.

ხვალ ტოკიოში სტარტს აიღებს ნაცუ ბაშოდ წოდებული წლის რიგით მე-3 სუპერტურნირი და წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სუმოისტებს!

P.S.

ვისაც უფრო მეტად დაგაინტერესებთ ქართველ სუმოისტთა მიღწევები და სპორტის ეს მეტად ვაჟკაცური, ელიტარული სახეობა, ეწვიეთ ქართული სუმოს ქომაგთა Facebook გვერდს და დაუმეგობრდით.