ისტორიულად, საქართველო გამუდმებით მიისწრაფოდა ევროპული ცივილიზაციისაკენ. საუკეთესო ქართველი მოაზროვნეები და სახელმწიფო მოღვაწეები ცდილობდნენ ევროპასთან კავშირების გაღრმავებას, რისი თანამედროვე გამოხატულებაც არის ევროკავშირთან ასოცირება.
ევროკავშირთან თანამშრომლობა ისეთ ორმხრივ ღირებულებით ამოცანებს ემყარება, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, შემწყნარებლობა, კეთილდღეობა, ადამიანისა და საზოგადოების განვითარება. ევროკავშირი და საქართველო თანხმდებიან, რომ დასაშვებია ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვაც კი, თუ ეს საჭიროა საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მორალის დაცვის და წესრიგის უზრუნველყოფისთვის. ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვას, ეროვნული რესურსების გაფრთხილებას, მხატვრული, ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული საგანძურის დაცვას. შესაბამისად, ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს ისტორიულად გამოხატული მისწრაფებაა და ხელს უწყობს ქართული ისტორიული მემკვიდრეობის, იდენტობის და ტრადიციების დაცვას და შემდგომ განვითარებას.
რაც შეეხება ზოგადად ქორწინების საკითხს – საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაში არ არსებობს ჩანაწერი ქორწინების შესახებ, რომელიც მხარეებს მოუწოდებს ან ავალდებულებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. უფრო მეტიც, ევროკავშირს თავადაც არ გააჩნია კანონმდებლობა, რომელიც მის წევრებს აკისრებს ვალდებულებას. მაგალითად, ესტონეთში, კვიპროსში, მალტაში, რუმინეთში, საბერძნეთში და სლოვაკეთში ერთსქესიანთა ქორწინება ნებადართული არ არის, ხოლო ბულგარეთმა, ლატვიამ, პოლონეთმა, უნგრეთმა და ხორვატიამ ასეთი ქორწინებები კონსტიტუციით აკრძალეს. ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებულია 9 ქვეყანაში.