ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
იაპონია-გერმანია-japan-germany

გაკვეთილები ორი გიგანტისგან …

ქართული ბიზნესი სავალალო მდგომარეობაშია. რატომ? იმიტომ რომ დუღს არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, არაეთიკურობა, უდისციპლინობა და ა.შ. ამ სიას უამრავჯერ გავყვებით და მჯერა, რომ თითოეულ თქვენგანს გქონიათ შეხება ამ ყველაფერთან რამეთუ საქართველოში ცხოვრობთ და დიდი ალბათობით გაწუხებთ ის მძაფრი პრობლემები.  დამსაქმებლები და დასაქმებულები ერთმანეთზე უარესები არიან დღევანდელ ქვეყანაში. დამსაქმებლები იქცევიან როგორც მონათმფლობლები, მათი პერსონალი კი ფეისბუქზე არის მთელი სამუშაო დღე (მაშინაც კი როცა დაბლოკილი აქვთ).

დღეს უამრავი ქართველი მიდის სხვა ქვეყნებში რომ ოჯახი არჩინოს, თვითრეალიზდეს ან თუნდაც გაექცეს ამ ყველაფერს რაც აქ ხდება. არავის სიამოვნებს სამას ლარზე კონსულტანტად მუშაობა კვირაში სამოცი საათი, ან ოთხას ლარად მუშად მუშაობა და წელის მოწყვეტა. ხალხს ოჯახი ჰყავს სარჩენი, ცხოვრება ასაწყობი და იმის ბედნიერება ყველას არ აქვს მაღალანაზღაურებადი სამსახური იშოვოს, ქვეყნის დიდი ნაწილი თვიდან თვემდე ძლივს ცხოვრობს. მოკლედ, ქვეყანა ცუდადაა.

აი ეს არის ჩვენი დღევანდელი მოცემულობა. ნებისმიერ ქვეყნის მოყვარულ მოქალაქეს ან უბრალოდ საზოგადოების რიგით წევრს რომელსაც აწუხებს ეს საკითხი აუცილებლად გაუჩნდება კითხვა „რა ვუშველოთ ამ ყველაფერს?“. დარწმუნებული ვარ რადგანაც ამას კითხულობთ თქვენც გაგიჩნდათ ეს შეკითხვა.

მაგალითისთვის თუ როგორ გახდა მიმზიდველი ესა თუ ის დღეს წარმატებული ქვეყანა მე მინდა ორი ქვეყნის ისტორიაზე მოგითხროთ. ეს ორივე ქვეყანა არის სხვადასხვა ინდუსტრიებში მუშაობის ეტალონი, კორპორატული და საწარმოო ეთიკის, შრომის, დამქირავებელს და დაქირავებულს შორის დამოკიდებულების და უამრავი კარგი რამის სტანდარტი. ამ ქვეყნებში არის ისეთი ინდუსტრიები განვითარებული როგორიცაა ავტოინდუსტრია, ელექტრონიკა, მძიმე მრეწველობა და ა.შ. თქვენ ყოველდღიურად მოიხმართ მათი წარმოების პროდუქციას. ეს ქვეყნები არიან გერმანია და იაპონია. ამ ქვეყნებს წარმოების და კორპორატიული კულტურის დიდი ისტორია აქვთ.  მაგალითისთვის იაპონური კონგო გუმი მეექვსე საუკუნიდან აშენებს ხოლო გერმანული შტაფელტერ ჰოფი წურავს ღვინოს, რომელსაც მეცხრე საუკუნეში წურავდა.

 

ამ ქვეყნების ისტორია მეტნაკლებად ყველამ კარგად იცის, მაგრამ მე მინდა მათ დამაკავშირებელ ორ დაუწერელ კანონთა კრებულზე გიამბოთ.

იაპონიაში საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდა ბუშიდოს კოდექსი, რომელიც იაპონურ სამხედრო და საერო ღირებულებებს შეიცავდა. მისი პირველი ტექსტი „კოჯიკი“ არის 721 წლით დათარიღებული. იგი დაფუძნებულია რვა ძირითად ფასეულობაზე როგორიც არის: პატიოსნება, სიმამაცე, სიკეთე და სხვების დახმარება, პატივისცემა, გულწრფელობა, ღირსება, თვითკონტროლი და ერთგულება. მართალია „ბუშიდო“ მეომრის გზას ნიშნავს მაგრამ თანამედროვე იაპონია დღესაც ამ ღირებულებებით ცხოვრობს. ამიტომაც არსებობს დაავადება სახელად „კაროში“ რაც ზედმეტი მუშაობისგან უეცარ სიკვდილს ნიშნავს. სწორედ ამიტომ არის დღეს იაპონია მრავალი ჩვენგანისათვის ნანატრი ქვეყანა.

გადავინაცვლოთ გერმანიაში და გავიხსენოთ ტევტონთა ორდენი, რომელიც მთელს აღმოსავლეთ ევროპას აზანზარებდა. მათ ეთიკის და ქცევის კოდექსს შემდგომში „პრუსიული ღირებულებები“ ეწოდა. იგი მშვენივრად შერწყა პროტესტანტულ  ეთიკას. ამ კოდექსის განვითარებაში დიდი განვითარება შეიტანა „მეფე-ჯარისკაცმა“ ფრიდრიხ პირველმა და მისმა შვილმა ფრიდრიხ მეორე დიდმა. პრუსიულ ღირებულებებში შედის ისეთივე ცნებები როგორიცაა: ერთგულება, დისციპლინა და სუბორდინაცია, სამართლიანობა და წესრიგის გრძნობა, ჟინი და პუნქტუალობა. დაახლოებით ოცამდე პუნქტია, რომელსაც დღევანდელ გერმანიაშიც ყოველდღიურად შეხვდებით. სწორედ ამიტომაც არის გერმანია საათივით აწყობილი ქვეყანა.

დასასრულს დიმიტრი უზნაძეს დავესესხები ფრაზას რომელიც მან ნაშრომ „ქართველებში“ გამოიყენა: „ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნ იმიტომ ვართ, რომ გლახები დამონები გახლავართ“.

 

ავტორი [ფსევდონიმი]: ჰერაკლიტე ბონკოელი

კონტაქტი: heraclitebonkoeli@gmail.com