ცოტა ხნის წინ ჩვენს საიტზე ქართველი სუმოისტი – გაგამარუ (გაგა ჯუღელი) გაგაცნით, რომელმაც მონღოლი იოკოძუნა, ჰარუმაფუჯი დაამარცხა და პირველი ოქროს ვარსკვლავი (კინბოში) აიღო კარიერაში.
ახლა კი მინდა მეორე ქართველი სუმოისტი – ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი გაგაცნოთ, რომელმაც ძალიან კარგად ჩაატარა ტოკიოში დასრულებული საზაფხულო ტურნირი (ნაცუ ბაშო) და სატიტულე დაწინაურებას ელოდება რეიტინგში.
ტოჩინოშინი გახლავთ მეორე ქართველი სუმოისტი, რომელმაც ჩვენი პიონერის – კოკკაის (ლევან ცაგურია) შემდეგ სეკიტორის წოდება მიიღო. სეკიტორი – ეს არის მხოლოდ იმ სუმოისტთა ტიტული, რომლებიც ორი ელიტარული დივიზიონის – მაკუუჩისა (უმაღლესი) და ჯურიოს (რანგით მე-2) ბინადრები არიან.
ცნობისათვის, პროფესიულ სუმოში სულ 7 დივიზიონია და მრავალი სუმოისტი ისე ამთავრებს თავის კარიერას, რომ სეკიტორის წოდება საოცნებოდ რჩება. ტოჩინოშინმა კი ამ გზის გავლას (საწყისი დივიზიონიდან ჯურიომდე) სულ რაღაც 2 წელი (11 ტურნირი) მოანდომა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია სუმოს ისტორიაში და 2008 წლის იანვრიდან იგი ელიტარული სუმოს განუყოფელი წევრია. სხვათა შორის, პირველივე სეკიტორული ბაშო ჯურიოში ტრიუმფით აღნიშნა ლევანმა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.
ერთადერთხელ მოუწია ლევანს სეკიტორის წოდებასთან გამოთხოვება და ისიც იძულებით. 2013 წლის ივლისში მან უმძიმესი ტრავმა მიიღო, გაიწყვიტა რა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები და 8 თვით ჩამოშორდა დიდ სუმოს. ამ სპორტს კი ისეთი მკაცრი წესები აქვს, რომ როდესაც სუმოისტი ტურნირს აცდენს, მას ავტომატურად დამარცხება ეთვლება ყველა ბრძოლაში და რეიტინგშიც გვარიანად აქვეითებენ. აღნიშნული უქმობის გამო კი ლევანი უმაღლესი დივიზიონიდან რანგით მე-3 (მაკუშიტას) დივიზიონის ფსკერამდე დაქვეითდა და ფაქტიურად ნულიდან მოუწია ყველაფრის დაწყება.
თუმცა, მის სასახელოდ უნდა იქთვას, რომ არ გატყდა ფსიქოლოგიურად ჩვენი ფალავანი – დოჰიოზე (საბრძოლო არენა) დაბრუნებისთანავე ზედიზედ 4 ბაშო (!!!) მოიგო ტოჩინოშინმა – 2 მაკუშიტას დივიზიონში (ორივე წაუგებლად, მშრალი ბალანსით: 7-0), 2 ჯურიოს დივიზიონში (13-2 და 15-0 ბალანსებით) და გასული წლის ნოემბერში ისევ უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა.
ცნობისათვის, წელიწადში სულ ექვსი 15-დღიანი ბაშო (ტურნირი) იმართება იაპონიაში – ყოველ 2 თვეში ერთხელ, წინასწარ დადგენილი გრაფიკების მიხედვით. აღნიშნულ ტურნირებზე ელიტარულ დივიზიონთა ბინადრები 15-15 ორთაბრძოლას ატარებენ, ხოლო ქვედა ლიგების წარმომადგენლები (მე-3 დივიზიონიდან ქვემოთ) მხოლოდ 7-7 შერკინებას მართავენ.
აღსანიშნავია, რომ მშრალი შედეგი, რომელიც ლევანმა ჯურიოს დივიზიონში 2014 წლის სექტემბრის ბაშოზე გააკეთა (15-0), ძალიან იშვიათი მოვლენაა მე-2 ლიგაში და მხოლოდ მეხუთედ (!!!) დაფიქსირდა სუმოს ისტორიაში.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მონაგარისა, უმაღლეს დივიზიონში ტოჩინოშინი 2-ჯერ გახდა ბაშოს ვიცე-ჩემპიონი, 4-ჯერ მიიღო მებრძოლი სულის გამოვლენისათვის დაწესებული სპეციალური პრიზი – კანტო-შო, ერთხელ აქვს აღებული კინბოში (ანუ ოქროს ვარსკვლავი), იოკოძუნას ძლევისთვის (მონღოლი ჰარუმფაუჯი ყავს დამარცხებული) და 4-გზის ატარებდა კომუსუბის მეტად პრესტიჟულ ტიტულს. კომუსუბი – ეს გახლავთ სუმოს იერარქიაში რანგით მე-4 წოდება – იოკოძუნას, ოძეკისა და სეკივაკეს წოდებათა შემდეგ. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს საუკეთესო სუმოისტთა ათეულში ყოფნას. ამავე ტიტულს 2-ჯერ ატარებდა კარიერაში კოკკაი და ერთხელ ფლობდა გაგამარუ.
აწ დასრულებულ მაისის ბაშოზე ტოჩინოშინი 1-ლი მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, სადაც მას აბსოლუტურად ყველა უძლიერეს სუმოისტთან მოუწია შერკინება და 15-დან 9 ორთაბრძოლის მოგება შეძლო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ტურნირზე, ლევანს სავარაუდოდ ისევ კომუსუბის რანგში ვიხილავთ (უკვე მეხუთედ).
ტოჩინოშინის ამ წარმატებას კიდევ უფრო შთამბეჭდავსა და დასაფასებელს ხდის ის ფაქტი, რომ ზედ ბაშოს დაწყების წინ, ლევანს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა, მუხლში სითხე ჩაუდგა და მთელი ტურნირი მწვავე ტკივილის ფონზე ჩაატარა.
დასასრულს კი მინდა, ტოჩინოშინის ბოლო ორთაბრძოლის ვიდეო შემოგთავაზოთ, რომელიც აღნიშნულ ბაშოზე იაპონელი ჰომარეფუჯის წინააღმდეგ ჩაატარა ლევანმა.
ყველაფერია თავმოყრილი ამ ერთ შერკინებაში, რამაც შეიძლება მაყურებელი აღტაცებაში მოიყვანოს – ბრწყინვალე თავდაცვა, შეუპოვარი ბრძოლა და დიდებული მოგვერდის ტიპის გდება, რომელსაც იაპონურად უვატენაგე ჰქვია.
უყურეთ, ისიამოვნეთ და იამაყეთ, რომ ეს კაცი არის ქართველი – ქართველი, რომელიც სახელს უთქვამს ჩვენს ქვეყანას შორეულ იაპონიაში, საუკეთესო კუთხით!
პ.ს.
ორიოდე დღეში ლევან გორგაძეს უმნიშვნელოვანესი მომენტი აქვს ცხოვრებაში – იგი ოჯახს ქმნის. 🙂
მინდა, წინასწარ მივულოცო ლევანს გაბედნიერება და ულევი სიხარული ვუსურვო, თავის მეუღლესთან ერთად! უფლის წყალობა არ მოკლებოდეს მის ახალ ოჯახს! 🙂