ასეა … თუ გინდა რამე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთო, რამე სხვა უნდა აკეთო და გზაში შეიძლება გამოჩხიკნო რამე … თხარო, თხარო და გამოთხარო. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, ხშირად ვხედავ ამ ჭეშმარიტების დასტურს.
ასე მოხდა ეხლაც, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისათვის მიმდინარე სამუშაოებისას შემთხვევით აღმოუჩენიათ ეს ნამოსახლარები და სამაროვნები. დავინტერესდი რას ნიშნავს „სამაროვნები“. თურმე სამაროვან ყოფილა სამარხი, სადაც ვინმე VIP-ს მარხავდნენ და შიგ ჩაატანდნენ ძვირფასეულობას და ა.შ.
ობიექტის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ნამოსახლარები და სამაროვნები გვიან ანტიკური პერიოდის და ადრე შუა საუკუნეებისაა. მათგან აღსანიშნავია მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე, ადგილ ყანჩაანთ სოფელში აღმოჩენილი ორი სამაროვანი, სადაც იმ დროისათვის შეძლებული ადამიანები იყვნენ დაკრძალულნი. ორმოსამარხებში ჩატანებული აღმოჩნდა: სხვადასხვა ფერისა და ფორმის მინის სანელსაცხებლები, ბრინჯაოს ზარაკები, ირმის ქანდაკებები, საკიდები, ბეჭდები, ოქროს საკიდი და საყურეები, ვერცხლის რომაული მონეტები, რკინის საბრძოლო იარაღები და თიხის ჭურჭელი.
მოპოვებული მასალის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ დმანისის რეგიონში, იმ დროისათვის საკმაოდ განვითარებული და სოციალურად დაწინაურებული საზოგადოება ცხოვრობდა, რომელსაც მჭიდრო კულტურულ-ეკონომიკური კავშირები ჰქონდა, როგორც საქართველოს რეგიონებთან, ასევე რომთან და სირიასთან. აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, სავარაუდოდ, ახალი წელთაღრიცხვის I-IV საუკუნეებით თარიღდება.
წყარო: კულტურის სამინისტრო [აქვე ნახავთ სხვა სურათებსაც]