დღეს ის შემთხვევაა, როცა მიუხედავად იმისა რომ ბევრი ვეცადე, ვერაფრით იმაზე კარგი ფოტოები ვერ გადავუღე ჩემს მიერ ნიკორას სუპერმარკეტში ნაყიდ ასკილის წვენებს – 01, 02 და 03-ს, ვიდრე მწარმოებელს ჰქონდა განთავსებული თავის ვებსაიტზე – http://bpc.ge. ხან კუთხე ვერ დავამთხვიე, ხან განათება და ამ წვალებაში ფოტოაპარატის ბატარეაც დამიჯდა … ჰოდა ამჯერად დავყარე ფარ-ხმალი და მწარმოებლის საიტიდან ავიღე უკეთესი ფოტოები. ოღონდ ჩემი შტრიხი შევიტანა და ასკილის ნაყოფებით დავამშვენე [რა კარგია რომ მოწესრიგებული ვებსაიტი და Facebook გვერდი აქვს კომპანიას].
ასკილის წვენი BPC-სგან
BPC-ს უნიკალური ასკილის წვენი პირველად გამოფენა-გაყიდვაზე – „აირჩიე ქართული“ გავიცანი და მაშინვე ჩემი შარშანდელი დეკემბერის გამოწვევის 21-ე დღის პროდუქტი გახდა. kar.ge-ზეც რამოდენიმეჯერ დაგვითმია მისთვის სტატია. ბოლოს მახსოვს 03 გამოსვლა გავაშუქეთ [03 ბიო სერტიფიცირებული ასკილის წვენია, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს].
დღეს 01, 02 და 03-ის 250 მილილიტრიანი წვენები ვიყიდე 1.5, 1.6 და 2.1 ლარად ნიკორას სავაჭრო ობიექტში. 03 ყველაზე ძვირია, ვინაიდან ბიო სერტიფიცირებულია. 1 ლიტრიანი ქილა კი 4,4 ლარი ღირდა 01 და 02. 03 იმ მომენტში ლიტრიანში არ ჰქონდათ. ეხლა თქვენ დაფიქრდით და შემეკამათეთ თუ გაბედავთ: რატომ უნდა მივცე იმპორტულ წვენში 4-5 ლარი ლიტრში, როცა აგერ არის ქართული და ნაღდი პროდუქტი, რომელიც ფასში არ აგებს, ხარისხში კი უგებს კიდეც? თან თუ ასკილი გიყვართ, ხომ საერთოდ … [ისე, 01 რომ შეათბოთ რა მაგარია იცით?]
შეძენა შეგიძლიათ ბევრ ადგილას, პრაქტიკულად ყველა ქსელურ სუპერმარკეტში. ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ BPC-ს ასკილის წვენები სტუმარს 18-20 დეკემბერს ქარვასლაში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე დახვდება.
რითია ყველასგან გამორჩეული კონკრეტულად BPC-ს ასკილის წვენი?
გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტი სულ ხელით ნარჩევი ასკილისგან არის წარმოებული და ნატურალურია, აღსანიშნავი შემდეგი: ამ საქმეში 20-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახია ჩაბმული. თითოეული თქვენს მიერ გადახდილი ლარი ავითარებს ამ ბიზნესს, ასაქმებს და ფულს უხდის ამ ადამიანებს და განა არსებობს სხვა ამაზე უკეთესი მიზეზი, რომ იყიდო ქართული წვენი და არა იმპორტული?