ოქტომბრის დასაწყისში შემთხვევით თვალი მოვკარი ინფორმაციას, რომელიც FRONTERA-ს მიერ საქართველოში გაზის მარაგების შესახებ ახალი მონაცემების გამოქვეყნებას ეხებოდა. კერძოდ, საქართველოში წარმოებული კვლევების შედეგად, რომელსაც ატარებდა Frontera Resources, მათ კახეთში იპოვნეს 3.8 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის საბადოები, რომლებიც 300-5000 მეტრის სიღრმეზე მდებარეობენ. რამდენიმე თვის წინ მათვე ეგონათ, რომ ჩვენთან იყო სულ დაახლოებით 350 მილიარდის რესურსი. ინებეთ წყარო თავად FRONTERA-ს ვებსაიტზე.
10 დღის წინ, როცა პირველად ვნახე ეს ინფორმაცია მაშინ ვიფიქრე ალბათ ეს სერიოზული თემა არაა მეთქი, რახან კანტიკუნტად გაჟღერდა ინტერნეტ მედიაში, მაგრამ უცნაურად სწორედ ეს მეჩვენა: საქართველოში, სადაც 2 მილიარდ კუბურ მეტრამდე ადის გაზის წლიური მოხმარება აღმოაჩინო 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის საბადო და ხმა არ ამოიღო ამის შესახებ? მეტიც, ამ „ღვთის საჩუქრის“ მქონე ქვეყნის ხელისუფლება რუსეთიდან გაზის მოწოდებაზე გაზპრომთან საუბრობდეს … რას უნდა ნიშნავდეს ეს?
დავძებნე ინტერნეტში. სულ ორი წყარო აღმოვაჩინე: საინტერესო ანალიზია მოყვანილი Georgia Today-ში გამოქვეყნებული ამ სტატიაში, სადაც ავტორი პრაქტიკულად იგივე შეკითხვას სვამს. თემა ძირფესვიანად განიხილეს forum.ge-ზეც. რამოდენიმე საიტზე მეგულებოდა ინფორმაცია [სადაც ადრე ვნახე] … წაშლილი იყო. რეზონანსის საიტზე საინტერესო ციფრებიც ვნახე. დღეს კი ინტერპრესნიუსზეც აღმოვაჩინე.
უცნაურია, ძალიან უცნაურია …
მეტიც, მე ვიტყოდი, რომ ცუდი სუნი უდის ამ საქმეს …
გაზპრომს საქართველოსთვის გაზის მოწოდება უნდა თუ ჩვენი გაზის ყიდვა?
ხომ არ უნდა ველოდოთ სუპერ სახელმწიფოებს შორის „დიდი ჯახს“ ამ აღმოჩენის გამო?
უბრალო ქართველს რა ხეირი აქედან? თუ 3-4 ადამიანი გამდიდრდება მხოლოდ?