ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
ხრამუნა-პური

ხრამუნა პურის უნიკალური დიეტა?

გაზაფხულდა როგორც იქნა, მზე გამოვიდა და ხალხიც ქრონიკულად დაიწყებს „ფორმებზე“ ზრუნვას  … ანუ დიეტების „სეზონი“ მოდის.

ჰოოოდა ზუსტად დროა გაიცნოთ ხრამუნა პური – საფუარის გარეშე, ქართული, ქართულ ხორბალზეა დამზადებული და რაც მთავარია დიეტური. აღმოვაჩინე უბრალო მარკეტში. სავარაუდოდ თქვენს სიახლოვეშიც იქნება. 60 თეთრი ღირს 8 რგოლიანი შეკვრა. მწარმოებელია შპს თეგი. მდებარეობს თბილისში, სამგორის #6-ში. ასორტიმენტიც აქვს რამდენადაც ვიცი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თურმე არსებულა ხრამუნა პურის უნიკალური დიეტაც.

როგორ უნდა „შეჯდეთ“ ხრამუნა პურის დიეტაზე?

  1. პირველი დღე – ერთი შეკვრა ხრამუნა პური – მაწონთან ერთად;
  2. მეორე დღე – ერთი შეკვრა ხრამუნა პური – მინერალურ წყალთან ერთად;
  3. მესამე დღე – ერთი შეკვრა ხრამუნა პური – რძესთან ერთად;
  4. მეოთხე დღე – ერთი შეკვრა ხრამუნა პური – პომიდორთან ერთად;

მწარმოებლის Facebook გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად ამ დიეტის შემდეგ თქვენ აუცილებლად დაიკლებთ წონაში. თუმცა მე ვერ მივხვდი რამდენს დაიკლებთ, 4 დღეში მოხდება ეს თუ ამ „4 დღიანი ბორბლის“ რამოდენიმეჯერ დატრიალების შემდეგ …

ხრამუნა შენიშვნები კეთილის მსურველისგან:

  1. ვიზუალური ბრენდინგი რომ ტრადიციული პრობლემაა ამას თვითონაც ხედავთ. ანუ შეფუთვა უკეთესიც შეიძლებოდა;
  2. კომპანიას საიტი არა აქვს. აი Facebook გვერდი კი ორია [1, 2] და ორივე მიუხედავი. არ შეიძლება მეგობრებო. ხრამუნა პურის მომხმარებელი ფრიად გემოვნებიანია და მასთან მუდმივი და ადექვატური კომუნიკაციაა საჭირო;
  3. კარგი თემა გაქვთ, ნიშური – „ხრამუნა პურის დიეტა“ და ამაზე მაგარი კამპანია აიგებოდა. სამწუხაროა, რომ ამ შესაძლებლობას არ იყენებთ. თან ეხლა სეზონიცაა;
  4. სახელწოდება – „ხრამუნა პური“ ბევრ ნაღმს შეიცავს. ეს სახელი სხვამაც რომ დააარქვას, ვერ შეედავებით. სრული კონცეპტუალური და ვიზუალური ბრენდინგის ფარგლებში ნეიმინგიც გჭირდებათ. ანუ სახელის შეცვლა ადრე თუ გვიან მოგიწევთ და ჯობია დროზე მიხედოთ ამ საქმეს;

ცხადია ამ „გამოწვევებისადმი“ გამკლავებაში თქვენს გვერდით გვიგულეთ …