ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > ჭკუის სასწავლი ისტორია: „ჩამჭრელი“ შეკითხვა ავსტრიელი ექსპერტისთვის

ჭკუის სასწავლი ისტორია: „ჩამჭრელი“ შეკითხვა ავსტრიელი ექსპერტისთვის

ფაქტი 2019 წლის 12 აპრილს მოხდა …

რა უფრო სასარგებლო იქნება ავსტრიის სახელმწიფოსათვის, სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში 1,000 ევროს  ღირებულების ავსტრიული ლუდის ყიდვა თუ 1,000 ევროს ღირებულების ქართული ლუდის (სხვა თანაბარ პირობებში)?

ეს რიტორიკული შეკითხვა 150 კაციანი აუდიტორიის წინაშე დავუსვი ავსტრიელ ექსპერტს – ბნ. ანდრეას ნემეცს 12 აპრილს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის პრეზენტაციისას. პროექტი – „საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“ ავსტრიის საჯარო შესყიდვების ფედერალური სააგენტო და სლოვენიის დავების განხილვის ეროვნული კომისია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ა.წ. იანვრიდან ახორციელებს და 2021 წლამდე გაგრძელდება.

მერე რაც მოხდა გაგაოცებთ …

უნდა გენახათ ის წვალება, რითაც ადამიანმა თავი აარიდა მარტივ შეკითხვას. არც მე მოვეშვი, 3-ჯერ მაინც შევუტრიალე და ხელახლა დავუსვი. ბოლოს კი განვუცხადე არ ვარ კმაყოფილი მარტივ შეკითხვას რომ არ პასუხობთ მეთქი … ასე, ღიად და ლაღად …

და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციის დაწყებისას თავად ექსპერტების მიერ არაერთხელ იქნა ნახსენები, რომ სახელმწიფო შესყვების სისტემა ეკონომიკაზე დადებითი ზეგავლენისა უნდა იყოსო. შეხვედრის შემდეგ კი არაფორმალურ გარემოში გასაუბრებისას რა თქმა უნდა „სტრიქონებს შორის წაკითხვის მეთოდის“ გამოყენებით მივიღე სასურველი პასუხი … ალბათ მათი მხრიდან საჯაროდ რომ არ ითქმებოდა ისეთი.

ჩემი მიზანი რა იყო?

განა არ ვიცოდი რომ არ მიპასუხებდა? მაგრამ აუდიტორიაში 150-მდე დამსწრე იყო, ნახევარი აქედან შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მინდოდა მათ მოესმინეთ ეს „დუელი“  და მიხვედრილიყვნენ მთავარს: რომ მათ ხელშია ყველაფერი!

PS

2018 წელს 4,08 მილიარდი ლარი დაიხარჯა სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს გავლით. მიუხედავად იმისა, რომ შესყიდვების შესახებ კანონი მკაცრადაა გაწერილი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შემსყიდველის ნება თუ არის, ადგილობრივი ნაწარმის გაყიდვების ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.