ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსპორტი > ღვინის ექსპორტის ციფრები გაინტერესებთ?
winexpo2015

ღვინის ექსპორტის ციფრები გაინტერესებთ?

საინტერესო მონაცემები აღმოვაჩინე ღვინის ეროვნული სააგენტოს საიტზე, რომელსაც წყაროს მითითებით და ფორმატის მცირეოდენი ცვლილებით [ადგილად საკითხავი რომ გამხდარიყო] აქვე გაწვდით:

სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განვლილი 10 თვის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 42 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28,101,431 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 77,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 87%-იანი მატება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჩინეთის ბაზარზე, სადაც საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 1,8 მლნ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

ექსპორტის ზრდა ფიქსირდება მთელ რიგ ქვეყნებში:
პოლონეთი 2% (1 260 870 ბოთლი)
ლატვია – 3% (924 792)
გერმანია – 14% (211 236)
იაპონია – 19% (126 686)
აშშ – 26% (209 339)
ესტონეთი – 35% (389 274)
კორეა – 37% (24 054)
კანადა – 66% (147 636)
ნიდერლანდები – 88% (47 232) საფრანგეთი – 104% (29 100)
ყირგიზეთი – 168% (172 536)
ისრაელში – 212% (33 720)

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება [ბოთლი]:
რუსეთი – 14 660 981
ყაზახეთი – 4 004 586
უკრაინა – 2 569 249
ჩინეთი – 1 807 955
პოლონეთი – 1 260 870

2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში – რუსეთსა (-54%) და უკრაინაში (-61%) ექსპორტის მკვეთრი კლება აისახა 10 თვის ექსპორტის საერთო მაჩვენებელზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ითაა შემცირებული.

საანგარიშო პერიოდში 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5 450 321 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 14,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს. საქართველოდან მსოფლიოს 7 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7,1 მლნ ლიტრი საბრენდე სპირტი, რაც თანხაში 21,7 მლნ აშშ დოლარია. განვლილ 10 თვეში მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია ასევე 104 580 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ეს კი თანხაში 403 ათასი აშშ დოლარია.

მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-ოქტომბრის [10 თვე] მდგომარეობით 115,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.