ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსპორტი > ქართული ღვინოები გერმანიას იპყრობენ!
ქართული ღვინოები გერმანიას იპყრობენ!

ქართული ღვინოები გერმანიას იპყრობენ!

დღეს გიორგობაა! გილოცავთ!

ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ყველა კარგ ქართულ საქმეს, სადაც არ უნდა კეთდებოდეს იგი!

და აი ერთი ასეთი მაგალითი …

უღრმესი მადლობა გადასარევ ადამიანს – ანა ტრაპაიძეს ამ ინფორმაციისათვის. როგორც აღმოჩნდა ამ დღეებში გერმანიაში, ბერლინში, Kaiser’s-ის სუპერმარკეტების ქსელში კომპანია Bossner აქტიურ პოპულარიზებას უკეთებს ქართულ ღვინოს, კერძოდ საფერავს, მუკუზანს და ქინძმარაულს და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს. სურათები ანას გადაღებულია და ამ დილით გამომიგზავნა Facebook-ით. სავარაუდოდ Bossner სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელსაც გერმანიის მასშტაბით სხვადასხვა სუპერმარკეტებში შეაქვს ქართული ღვინოები. თითოეული ღვინოს ფასი 6-7 ევროს ფარგლებშია. სუპერ! ჩვენ არ ვიცით Bossner კონკრეტულად როგორ ასხამს ამ ღვინოებს ან საიდან მოაქვს ისინი, მაგრამ ფაქტია, რომ ისე კარგად ფუთავს და ისე აწვდის მომხმარებელს, რომ ვერაფერს დაუწუნებ.

აი სწორედ ასეთი ფაქტები უნდა გვიხაროდეს და გვეამაყებოდეს მიუხედავად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ კუთხეში ხდება ეს. რატომ უნდა გაგვიხარდეს ასეთი პროდუქტების გამოჩენა და მათზე ინფორმაციის გავრცელება საზღვარგარეთ?

  1. ძალიან მაგარია, როცა გერმანელების და არა მხოლოდ, ევროპელების თავში ჩაჯდება ქართული ღვინო და საქართველოს 8,000 წლოვანი ღვინის ისტორია. ეს კარგია ყველა გაგებით [ექსპორტი, ტურიზმი, ცნობადობა და ა.შ.];
  1. ეს ექსპორტია! ძალიან კარგია, რაც მეტ ობიექტში იქნება ქართული ღვინო და ქართული პროდუქტები წარმოდგენილი. თითოეული გაყიდული ერთეული პროდუქტით ფინანსდება ქართული ბიზნესიც, საქართველოს განვითარებაც და საქართველოს მოქალაქის მიერ შემოსავლის მიღებაც;
  1. ამას მოჰყავს ტურისტი. უცხოელი, რომელიც კარგ ქართულ ღვინოს დააგემოვნებს, ის მეტითაც დაინტერესდება, ინფორმაციას მიიღებს საქართველოს შესახებ, 500+ ვაზის ჯიშის შესახებ და ჩამოსვლაც მოუნდება;

აი თავად სურათებიც…

12272624_10153775927014295_1303630460_n

12282752_10153775927459295_1943412664_n

12285946_10153775927489295_1797702711_n

12285956_10153775927454295_1254247408_n

12286013_10153775927554295_1884391479_n

 

რატომ უნდა გაგიხარდე საზღვარგარეთში მყოფ ქართველებს ასეთი პროდუქტების გამოჩენა და მათზე ინფორმაციის გავრცელება?

მე მიცხოვრია ამერიკაში, სწავლის პერიოდში. ეს 15 წლის წინ იყო. ვაშინგტონში ვცხოვრობდი, ამერიკულ ოჯახში. კარგად მახსოვს ერთ დღესაც წვეულება დავგეგმეთ. მაშინ სავაჭრო ქსელში ქართული ვერაფერს ვნახე, ამიტომ ხინკალი მოვამზადე [ხინკლის მომზადება ბიძაჩემმა მასწავლა წასვლამდე]. კარგად მახსოვს ის სიამაყის შეგრძნება, რომელიც იმ მომენტში მქონდა, როცა მთელი წვეულება ჩემს მომზადებულ ხინკალს მიირთმევდა.

საზღვარგარეთ მცხოვრებო ძვირფასო ჩვენებურებო,

ქართული პროდუქტით თავის მოწონება თქვენს სამეგობროში, კოლეგებში და სადაც არ უნდა მოხვდეთ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამეა, რაც კი შეიძლება უცხო ქვეყანაში გააკეთოთ. ეხლა ბევრი დღესასწაული მოდის, ჰოდა იყიდეთ ქართული პროდუტები და იამაყეთ მათი მეშვეობით. ამავდროულად კი ფოტოების გამოგზავნა არ დაგავიწყდეთ ჩვენთვის. აქ მათ ათასობით ადამიანს ვაჩვენებთ 🙂