ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ფიჭვის კევი ბორჯომიდან, დღე #22

ფიჭვის კევი ბორჯომიდან, დღე #22

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

ფიჭვის კევი ბორჯომიდან და თან ასეთი ფორმით პირველად ვნახე და ეს ევროპის დღეზე მოხდა, რომელიც თბილისში რიყეზე 8 მაისს ჩატარდა. ღონისძიება საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. ევროპის ყველა ქვეყანა წარმოდგენილი იყო თავისი სტენდით, სცენა კი სხვადასხვა ხალხთა ცეკვებს და სიმღერებს ჰქონდა დათმობილი.

იქვე რიყეზე, მთავარი მოვლენებისგან შორიახლო სახელდახელოდ გაკეთებულ კარავში საქართველოს ფერმერული პროდუქცია იყო წარმოდგენილი. დაახლოებით 15-მდე ფერმერი ყიდდა თავისი პროდუქციას. და ეს ფიჭვის კევი პირველად იქ ვნახე. ვნახე და 2 ლარის, ანუ 10 ცალი „ჭია“ შევიძინე. ქალბატონი, ვისგანაც ვიყიდე ბორჯომელი ფერმერია სახელად – ხათუნა ინასარიძე. სამწუხაროდ მისი საკონტაქტო ინფორმაცია არ მაქვს.

რამოდენიმე მოსაზრება:

  1. გემრიელია, ეხლა ვიგრძენი რა ყოფილა ფიჭვის კევი, როცა პირში არ გეფშვნება და უსიამოვნო გემო არ გრჩება. ღეჭავ დაახლოებით ნახევარი საათი. მერე უკვე მაგრდება და თუ ყბის კუნთების განსაკუთრებული განვითარება არ გაქვს გეგმაში, ჯობია გადააგდო;
  2. სამკურნალო თვისებებზე არაფერს ვიტყვი. 100 % ბუნებრივი ნაწარმია და სასარგებლოა;
  3. ფორმას დააკვირდით … კარგად მოფიქრებულია ნამდვილად. თან მინის ქილაშია ჩადებული, რაც უნარჩუნებს სირბილეს. სახლში რომ წამოვიღე მინის ქილაში ჩავდე მეც და დღემდე შემომრჩა. იშვიათად ვღეჭავ. თან წვრილ ნატეხებად დავჭერი და ასე უფრო მოსახერხებელია;
  4. მე ბევრი ადგილი ვიცი, სადაც ნაძვის კევის შეძენა შეიძლება, მაგრამ ასეთ ფორმაში რომ იყოს, არცერთი;
  5. პროდუქტი რა თქმა უნდა დაუბრენდავია. იმედი მაქვს ოდესმე საქართველოში აზრი ექნება იმას, რომ ასეთი სასარგებლო პროდუქცია დაბრენდილი სახით გამოვა. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა პროდუქტზე მოთხოვნა გაჩნდება;

რა თქმა უნდა კარგია, როცა ხანდახან მაინც გამოფენენ ფერმერულ პროდუქციას, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი შეღავათია. ფერმერებისათვის გამოფენებში მონაწილეობა აუცილებელია, მაგრამ ფინანსურად შედეგიანი იშვიათადაა. მრავალი წლის მანძილზე მე არცერთი ეფექტური და მდგრადი მექანიზმი არ მინახავს, რომელიც ფერმერული პროდუქციის სისტემატურ გაყიდვებს შეუწყობდა ხელს. არადა ესაა მთავარი.