ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსპორტი > გაიცანით რესტორანი RUSIKO, ქართული რესტორანი ვარშავის გულში
რესტორანი RUSIKO

გაიცანით რესტორანი RUSIKO, ქართული რესტორანი ვარშავის გულში

დღეს ერთი ექსკლუზიურად უგემრიელესი თემა გვაქვს თქვენთვის …

1 კვირის წინ შემთხვევით გავიგე, რომ თურმე პოლონეთში ახლად გახსნილ ქართულ რესტორანს რაღაც კონკურსია მოუგია. რა თქმა უნდა მივდექი, მოვდექი და აღმოვაჩინე რესტორანიც და მისი მესვეურებიც. აღმოვაჩინე, დავუკავშირდი და ინტერვიუც შედგა!

მოკლედ, თუ ვარშავაში მოხვდებით, რესტორანი RUSIKO-ს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ეს სწორედ ის კონკრეტული შემთხვევაა, როცა ქართულ ფესვებზე განავითარებ იდეას, მაგრამ ქართველებისათვის უჩვეულო დაჟინებით არა მხოლოდ მიაწვები და ააწყობ საქმეს ბოლომდე, არამედ წინ მიდიხარ და ავითარებ მას!

ვესაუბრებით ბნ. დავით თურქესტანიშვილს, რესტორნის მეპატრონეს და მთავარ მზარეულს.

 

kar.ge: ბნ. დავით, გთხოვთ ორიოდ სიტყვით მოგვიყევით როგორ აღმოჩნდით პოლონეთში?

დ.თ.: მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა მინდა ხაზი გავუსვა ჩემს გვარს, რომელიც საქართველოს ჟურნალისტებმა რატომღაც შემიცვალეს. მე ვარ დავით თურქსტანიშვილი და არა თურქისტანიშვილი. პოლონეთში ჩამოვედი 1998 წელს ნათესავებთან. ისე მოხდა,რომ შემიყვარდა ერთი ულამაზესი გოგონა და დავოჯახდი. ესე დავრჩი ვარშავაში. ვინაიდან გეხსომებათ ის წლები, განსაკუთრებული პერსპექტივა სამშობლოში არ მელოდა …

kar.ge: რატომ სარესტორნო ბიზნესი?

დ.თ.: საქართველოში გავიზარდე დიდ ოჯახში, სადაც სუფრა და კულინარია იყო კულტი (როგორც უმრავლეს ოჯახებში). არასდროს მქონია არც სურვილი და არც საფუძველი იმისა, რომ ჩავცნობიერებულიყავი ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახის მანდილოსნების კულინარიულ საიდუმლოებებში. ყველაფერი ვარშავაში დაიწყო …

საკმაოდ გახსნილი სახლი მქონდა მეუღლესთან ერთად, სადაც ხშირად ვაწყობდით წვეულებებს ჩვენი სტუმრებისათვის. ერთხელაც გადავწყვიტეთ სიურპრიზი მოგვეწყო მეგობრებისათვის და გაგვეშალა ქართული ტრადიციული სუფრა. დავურეკე დედაჩემს და მისი დიქტანტით გავაკეთე ვაზის ფოთლის ტოლმა, ხაჭაპური, ქათამი ბაჟეში … აღმოჩნდა, რომ ადვილად ვითვისებდი ყველაფერს. სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ. ასე დაიწყო ჩემი კულინარიული გატაცება დამაინტერესა სხვა ქვეყნების სამზარეულომ. დავიწყე ექსპერიმენტები. ვაწყობდი თემატურ საღამოებს. მოკლე პერიოდში “გავითქვი სახელი” საკმაოდ დიდ წრეში.

ერთხელ მეგობარმა მთხოვა მასთან სახლში გამემზადებინა სუფრა, სადაც დაპატიჟებული ჰყავდა კოლეგები. პირობა ჩამომართვა, რომ გამოვართმევდი ფულს. ასე დაიწყო ჩემი კერძო ქეითერინგი. ჯაჭვური რეაქციით შემდეგ ვახშამზე მთხოვდნენ ტელეფონს და მიკვეთავდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს.

ერთ-ერთ ასეთ სუფრაზე შემთხვევით მოხვდა ყველაზე ავტორიტეტული კულინარიული კრიტიკოსი, რომელსაც ძალიან დიდტირაჟიან გაზეთში ქონდა პუბლიკაციები. დაიწერა ჩემზე სტატია. მოვხვდი ტელევიზიაში, სადაც საქართველოზე დიდი რეპორტაჟი გააკეთეს და მე მიმიწვიეს ჩვენი ქვეყნის რეპრეზენტანტად. რამოდენიმე წელი ვწერდი სხვადასხვა ჟურნალებში სტატიებს კულინარიაზე. ვუწევდი კონსულტაციებს ახალ გახსნილ რესტორნებს. ვუდგენდი მენიუს (ამას ახლაც ვაკეთებ).

kar.ge: როდის გახსენით რესტორანი RUSIKO და რითია გამორჩეული იგი?

დ.თ.: რესტორანი RUSIKO გავხსენით ათი თვის წინ. სახელი დედაჩემის საპატივსაცემად დავარქვი. ტერიტორიულად ვართ ვარშავის ყველაზე პრესტიჟულ და ისტორიულ უბანში. გარშემო უამრავი საელჩო და პარლამენტია.

ჩვენ გამოვირჩევით იდენტურობით. ყოველი კერძი დიდი ყურადღებით გვაქვს პერფექციამდე დაყვანილი. გამორიცხულია ,,ისე რა” კერძის კლიენტთან მიტანა. ჩვენ ვუსმენთ ჩვენი კლიენტის აზრს და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს. რის შედეგადაც კლიენტი კმაყოფილია და ბრუნდება ჩვენთან. ეს არის ძალიან დიდი შრომა ფიზიკურიც და ფსიქიკურიც. მე მიმაჩნია, რომ ის ჯილდოები, რაც ჩვენ მოვიპოვეთ, აასმაგებს ჩვენს პასუხისმგებლობას … როდესაც რამოდენიმე კვირით ადრე გვიჯავშნიან პრაქტიკულად ყველა მაგიდას, ზუსტად მაშინ არის საჭირო აბსოლუტური კონცეტრირება, რომ არაფერი არ გამოგვეპაროს. უნდა მახსოვდეს ჩემი ორასზე მეტი კლიენტის გემოვნება. რა კერძი მიირთვა წინა ვიზიტზე, რომელი ღვინო უყვარს, ან რა პროდუქტზე აქვს ალერგია …

kar.ge: გუნდში ვინ გყავთ?

დ.თ.: ჩემი მეუღლე ძირითადად მარკეტინგით და მენეჯმენტითაა დაკავებული. მზარეულები დედაჩემი, დეიდა ლალი, ქართველი ცოლ-ქმარი ხათუნა და ოთარი და მე ვართ. მე ძირითადად სტუმრებს ვიღებ და პროდუქტის ხარისხს და მომარაგებას ვაკონტროლებ. მიმტანები ძირითადად პოლონელები მყავს. აუცილებელი მოთხოვნა გვაქვს ენების ცოდნა. მომსახურე პერსონალს პერიოდულად ვუტარებ დეგუსტაციებს. ისინი საკმაოდ კარგად ერკვევიან კერძებშიც და ღვინის არჩევანშიც.

kar.ge: მენიუში რა გაქვთ?

დ.თ.: მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანი და ბალანსირებული გვაქვს. ღვინო მხოლოდ ქართული მაქვს. ფხალეულობის ასორტიდან ხაჭაპურებით, კუბდარი, ტაბაკა, ნიგვზიანი ხარჩო, ჩაქაფული, ჩანახი … დიდ ყურადღებას ვუთმობ პროდუქტის ხარისხს. პირადად კვირაში რამოდენიმეჯერ დავდივარ ყასაბთან. გვაქვს უმაღლესი ხარისხის ბოსტნეული და მწვანილეული. სუნელებს საქართველოდან ვღებულობ მხოლოდ ერთი მომწოდებლისგან.

kar.ge: თქვენ ახლახან პრიზი აიღეთ. რა პრიზია ეს და რა პროცესი გაიარეთ გამარჯვებამდე? რა რეალურ შედეგს ელით ამ აღიარებისგან?

დ.თ.: ჩვენ გავიმარჯვეთ ყოველწლიურ პლებისციტში ,,წლის საუკეთესო რესტორანი”. უკვე ათი წელია, რაც ეს კონკურსი იმართება და ითვლება ყველაზე პრესტიჟულად ბრანჟაში. წელს ჩვენმა რესტორანმა მოიპოვა სამივე მთავარი პრიზი, რაც კონკურსის ისტორიაში არასდროს მომხდარა. საუკეთესო რესტორანი ინტერნაუტების და მკითხველების აზრით, საუკეთესო ატმოსფერო და დიზაინი, საუკეთესო რესტორანი ჟიურის აზრით!!!

ორი კვირის წინ გავიმარჯვეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან კონკურსში.ჟურნალ ,,WARSAW INSIDER”მა მოგვანიჭა წლის საუკეთესო ეთნიკური რესტორანის ტიტული!

kar.ge: რას ურჩევდით ქართველ რესტორატორებს?

დ.თ.: რესტორნის ბიზნესი არის ძალიან შრომატევადი. მოითხოვს აბსოლუტურ ლოიალობას და სიყვარულს. თუ არ ხართ მზად ჩადოთ მაქსიმუმი ენერგია, არ მოკიდოთ ხელი ამ ბიზნესს.

პატივისცემით დავით თურქესტანიშვილი

რესტორანი RUSIKO (1) რესტორანი RUSIKO (2) რესტორანი RUSIKO (3) რესტორანი RUSIKO (4) რესტორანი RUSIKO (5) რესტორანი RUSIKO (6) რესტორანი RUSIKO (7) რესტორანი RUSIKO (8) რესტორანი RUSIKO (9) რესტორანი RUSIKO (10) რესტორანი RUSIKO 11 რესტორანი RUSIKO 12