ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > პური მადაური, დღე #20

პური მადაური, დღე #20

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

ეს პური დღეს შევიძინე. განსხვავებული ქართული პროდუქტი მომხვდა თვალში და ბუნებრივია „არ ავაცილე“ … მწარმოებელია შპს „მადაური 1“ რეგისტრირებულია 2014 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში [საიდენტიფიკაციო კოდი 435891634]. ეტიკეტზე აწერია, რომ 100% 1-ლი ხარისხის ფქვილითაა დამზადებული, დედო – 90%, მარილი და წყალი. მითითებული ტელეფონი – 574 88 05 04. ვებსაიტი და FB გვერდი არ იძებნება.

კარგად დააკვირდით ამ სურათებს ქვემოთ …

 

4 2 13

 

ეს პური ვიზუალურად ეფექტურად გამოიყურება, ინდივიდუალური არომატით არ გამოირჩევა, გემო ჩვეულებრივი აქვს, სავარაუდოდ კილოგრამამდე წონისაა, კუსტარულად გახვეულია ცელოფანში, ზედ არტყია არასრული ინფორმაციის მატარებელი ეტიკეტი [რაც სავარაუდოდ ეტიკეტირების წესების დარღვევაა], თან ეს ეტიკეტი მეორე მხრიდან საღებავის ლაქებითაა შემკული და დაკრულია ზედ პურზე [და მერე გახვეულია ცელოფანში], პურზე გამოსახულია ჯვარი, იყიდება 1 ლარად. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ცდილობს კონკურენტებთან შედარებით კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს იმით, რომ „ეტიკეტზე“ აწერია ფრაზა: „ვასრულებთ პატრიარქის ნება-სურვილს“.

კარგით რა …

საქართველოში რომ ეკლესია ბიზნეს სექტორშიც მნიშვნელოვანი მოთამაშეა ეს დაფარული ამბავი არაა. გამიგია ეკლესიის მიერ ბიზნეს ინტერესების ლობირების ფაქტებიც. ეს ჩვენ ქვეყნის მოცემულობაა და მოგწონს თუ არ მოგწონს ეს ხდება. მაგრამ ამ დონეზე დაშვება?

დიდ პატივს ვცემ პატრიარქს, ეკლესიას, მართლმადიდებლობას, ქართულ ბიზნესს, ნებისმიერ წარმოებას. სწორედ ამიტომ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ წმინდა თემებით ასეთი ფორმით მანიპულაცია, კატეგორიულად!

 

მე მეორედ ამ პურს აღარ შევიძენ!

თქვენ რა რეაქცია გაქვთ ამაზე?