ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ეკონომიკური პროგრამის შეფასება/კრიტიკა

ცნობისათვის:

18 აგვისტოს ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ერთიან წინასაარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა ახალ საქართველოსთან, გირჩთან და ახალ მემარჯვენეებთან ერთად. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ვაფასებთ ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” იმ ეკონომიკურ პროგრამას, რომელიც პარტიამ 8 ივლისს წარადგინა.

აქვე მნიშვნელოვანი ხდება საკითხი – „რა შანსია, რომ გირჩის და პაატა ბურჭულაძის გუნდებმა საერთო ენა გამონახონ ეკონომიკური კუთხით?“ დასკვნებს თვითონაც გააკეთებთ, თუ ნახავთ და ერთმანეთს შეადარებთ გირჩის ეკონომიკური პროგრამის და ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვი” ეკონომიკური პროგრამის შეფასებებს. ჩვენ დაველოდებით ერთობლივი პროგრამის გამოქვეყნებას და მასაც შევაფასებთ.

 

 

შესავალი

საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების დიდ ნაწილს კი არათუ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, არამედ საერთოდ არ აქვს ეკონომიკური პროგრამა. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი ისეთივე თეთრი ბოლით „კვებავს“ საზოგადოებას, როგორც ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ხდებოდა. მოძრაობა KAR.GE-სთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია!!!

სწორედ ამიტომ მოძრაობა KAR.GE-მ 27 ივლისს განაცხადა პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამების შეფასებების დაწყების შესახებ. რატომ შევეჭიდეთ ამ საქმეს? 1) ამომრჩეველი ითხოვს მეტ დასაქმებას, მეტ ეკონომიკურ ზრდას და მეტი სიმდიდრის დაგროვებას როგორც ქვეყანაში, ასევე მის ჯიბეში. 2) ამომრჩევლებს რეალურად აინტერესებთ პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკური პროგრამები, მაგრამ ობიექტურ შეფასებებს ვერ იღებენ, 3) ჩვენ, მოძრაობა KAR.GE მიუკერძოებელი მხარე ვართ და რეალურად გვაინტერესებს აქვთ თუ არა 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში 4 წლით მოხვედრის მსურველ პოლიტიკურ სუბიექტებს რეალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მომტანი წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამები.

მადლობა იმ პარტიებს, რომელთაც უკვე გამოაქვეყნეს თავიანთი ეკონომიკური პროგრამები/ხედვები/გეგმები, თუნდაც არასრულყოფილი. 27 ივლისის განცხადების შემდეგ ჩვენ შევაფასეთ: 3 აგვისტოს ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“-ს წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა, 10 აგვისტოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმის ეკონომიკური ნაწილი, 17 აგვისტოს კი „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“-ს ეკონომიკური პროგრამა. დღეს, 24 აგვისტოს ვაფასებთ ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ეკონომიკურ პროგრამას, რომელიც პარტიამ 2016 წლის 8 ივლისს წარუდგინა საზოგადოებას.

შენიშვნა: მიზნები და გზავნილები ამოკრეფილია პარტიის ოფიციალურად გაცხადებული/გამოქვეყნებული ეკონომიკური პროგრამიდან/სამოქმედო გეგმიდან ან/და პარტიის წარმომადგენლების განცხადებებიდან პოლიტიკური სუბიექტის ვებსაიტიდან, Facebook გვერდიდან ან სხვა წყაროებიდან. ყველა გამოყენებული წყარო მითითებულია ქვემოთ.

 

 

რეზიუმე

მოძრაობა KAR.GE-ს შეფასებით  “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ 2016 წლის 8 ივლისს წარმოდგენილი წინასაარჩევნო „ეკონომიკური პროგრამა“ მოიცავს ისეთი ნაბიჯების ერთობლიობას, რომელთა ჭკვიანურად განხორციელების შემთხვევაში ქვეყანაში რეალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მე-4 წლის ბოლოს მიღწევადი ხდება. საერთო შეფასება: გაბედულება (6/10), რეალურობა (7/10), პოპულიზმი (3/10). პარტიის გამოკვეთილი უპირატესობაა ენერგიული ახალგაზრდების დაკომპლექტებული ეკონომიკური გუნდი. ამ გუნდის მიერ გაცხადებული პროგრამიდან გამომდინარე შესაძლებლად ვთვლით შემდეგს:

სხვა თანაბარ პირობებში რეალისტური გვეჩვენება შემდეგი დასახული მიზნების მიღწევა [პროგრამის იმ მიმართულებით კორექტირებების შემთხვევაში, რომელიც მოძრაობა KAR.GE-ს მიერაა შეფასებაში შეთავაზებული]: მე-4 წლისათვის 10% ეკონომიკური ზრდა; მე-4 წლის ბოლოსთვის წელიწადში 3 მილიარდი აშშ დოლარი FDI მიღწევა; კერძო სექტორში დასაქმებულების 250 ათასით ზრდა 4 წლის განმავლობაში; თუ გავითვალისწინებთ პარტიის სოციალურ პროგრამას [ჩვენ მხოლოდ ეკონომიკურ პროგრამას ვაფასებთ] სავსებით შესაძლებელი ჩანს, რომ ყოველმა მე-3 ადამიანმა სიღარიბეს თავი დააღწიოს; ტურისტების ზრდის ეხლანდელი ტემპის გათვალისწინებით და პროგრამაში ჩადებული სვლების მხარდაჭერით სავსებით შესაძლებელია საერთაშორისო ვიზიტორების [არა ტურისტების] რაოდენობა წელიწადში 8 მილიონამდე ავიდეს 2020 წლისათვის.

თუმცა “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პროგრამაში ჩადებულია ისეთი მიზანი, როგორიცაა ბიუჯეტის მშპ-სთან შეფარდების 30%-მდე შემცირება, რაც 3% ცვლილებაა მხოლოდ [ბიუჯეტი 2016 წელს არის 10 მილიარდ ლარზე ცოტა მეტი, ხოლო მშპ 31 მილიარდ ლარზე ცოტა მეტი, ეს კი თითქმის 33% გამოდის. 3% შემცირება ღირს კი მიზნად ჩაიდოს?]. ასევე გაურკვეველია რა საჭიროა შემდეგი მიზანი „ბიუროკრატიის ხარჯების წილის სახელმწიფო ხარჯებთან შეფარდების 27%-მდე შემცირება“, მაშინ როცა 2.8 მილიარდი ისედაც არის 10.1 მილიარდის 27%-თან ახლოს.

მოძრაობა KAR.GE მზადყოფნას აცხადებს ამ შეფასებაში წარმოდგენილი თითოეული დებულება კიდევ უფრო განმარტოს ღია საჯარო დებატების ფორმატში და უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას.

 

 

პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ეკონომიკური პროგრამის გზავნილების ანალიზი

პარტიის განცხადებით მან შეიმუშავა საქართველოს განვითარების გეგმა, სადაც სხვა დანარჩენ კომპონენტებთან ერთად არის „სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი“ ეკონომიკური პროგრამა ქვემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული მიზნებით. თავის შეფასებაში მოძრაობა KAR.GE პოლიტიკური პარტიის სწორედ ამ ეკონომიკურ სვლებს აანალიზებს, რომელმაც წესით ქვეყანას უნდა მოუტანოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მოქალაქეს კი მზარდი შემოსავალი ჯიბეში [ჩვენ არ ვაფასებთ სოციალურ პროგრამას მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებს შორის ბუნებრივი კავშირი არსებობს].

პარტიის – ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ეკონომიკურ პროგრამას შემდეგი კონკრეტული მიზნები აქვს:

  1. პირველ წელს 6 % ეკონომიკური ზრდა. მე-4 წლისათვის კი 10% ეკ. ზრდის მიღწევა;
  2. წლიური 3 მილიარდი აშშ დოლარის უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მე-4 წელს;
  3. 4 წლის ბოლოს კერძო სექტორში დასაქმებულების ზრდა 250 ათასით;
  4. ტურისტების რაოდენობის ზრდა 8 მილიონამდე [დრო მითითებული არაა];
  5. ბიუჯეტის მშპ-სთან შეფარდების 30%-მდე შემცირება [დრო მითითებული არაა];
  6. ბიუროკრატიის ხარჯების წილის სახელმწიფო ხარჯებთან შეფარდების 27%-მდე შემცირება [დრო მითითებული არაა];
  7. ყოველი მე-3 ადამიანი დაძლევს სიღარიბეს [დრო მითითებული არაა];

შენიშვნა: სადაც დრო მითითებული არ არის, უნდა ვივარაუდოთ რომ მიზნის მიღწევა იგეგმება მე-4 წლის ბოლოსთვის.

დასახული მიზნების მიღწევა 5 მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შედეგად იგეგმება:

  • უცხოური ინვესტიციების მოზიდვა;
  • საგადასახადო ლიბერალიზაცია;
  • სოფლის მეურნეობა;
  • ბიუროკრატიის ხარჯის შემცირება;
  • სტაბილური პოლიტიკური და ბიზნეს გარემოს შექმნა;

 

მიმართულება #1 – უცხოური ინვესტიციების მოზიდვა

ამ კუთხით დაგეგმილი ნაბიჯებია:

  1. კომერციული დიპლომატიის სამსახურის შექმნა-ამოქმედება;
  2. საქართველოს როგორც ბრენდის პოპულარიზება მსოფლიოში;
  3. სახელმწიფოს დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში;

კომენტარი: კომერციული დიპლომატიის დანერგვა – ეს არის მეტად საინტერესო იდეა, რომელიც გულისხმობს საქართველოს საელჩოებისათვის იმ დამატებითი ფუნქციის მიცემა, რასაც ინვესტიციების მოზიდვა ჰქვია. ამ იდეის განხორციელება ნიშნავს, რომ საქართველოს საელჩო ნებისმიერ ქვეყანაში პრიორიტეტულად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე. იდეა საკმაოდ მიმზიდველი, საინტერესო და დასაბუთებულად [საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით] არის კონკრეტული შედეგების მომტანი.

ამ მედალს მეორე მხარეც აქვს ოღონდ: ექნება თუ არა კომერციულ დიპლომატს ის უფლებამოსილება, რომ ინვესტორს პირველი ხელის ჩამორთმევიდან პროექტის ბოლო აგურის დადებამდე, ანუ ბოლო წერტილამდე გაჰყვეს და გვერდში ისე დაუდგეს, რომ ყველა „პრობლემა მოუგვაროს“? თუ არ ექნება, მაშინ კომერციულ დიპლომატის საქმიანობა მხოლოდ სარეკლამო ბიზნეს ლანჩების მოწყობაზე დადის. თუ კი, მაშინ კომერციული დიპლომატის საქმიანობა უნდა ცდებოდეს კონკრეტულ საელჩოს. იგი ერთგვარი „კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი“ უნდა იყოს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის. თუ ეს ასე იქნება, მაშინ იდეა გარდა იმისა, რომ საინტერესოა, ფრიად გაბედულიც და შედეგზე ორიენტირებულიც გამოდის. ოღონდ, მთლად ნათელი არ არის როგორ გეგმავს პარტია ამ მეტად საინტერესო იდეის პრაქტიკაში განხორციელებას.

საქართველო როგორც ბრენდი – ამ იდეის ფარგლებში პარტია გულისხმობს ქვეყნის რეკლამირებას. ეს აქამდე ყველა მთავრობის მიერ ხდებოდა და ეს არის კრიტიკულად აუცილებელი საქმიანობა. სწორედ ის საქმიანობა, რასაც მთავრობა უნდა აკეთებდეს იქნება ეს CNN-ში რეკლამის გაშვება, მსოფლიო დონის მომღერლის ბათუმში მოწვევა თუ ჩინეთის რომელიმე ქალაქში ქართული ღვინის დღეების მოწყობა თუ რამე სხვა. სავარაუდოდ ეს უნდა გახდეს მეტი ტურისტის შემოდინების „სატყუარა“.

სახელმწიფოს მთავარი როლი FDI წახალისების მიმართულებით უდაოდ არის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა მაგალითად გზები,  საჭირო კომუნიკაციების მიყვანა იმ ადგილებში, სადაც საინვესტიციო პროექტები ხორციელდება და ა.შ. ეს საქმიანობა ინვესტიციების მოზიდვის კონტექსტშია ნახსენები, მაგრამ ამას ასევე დიდი როლი აქვს ტურიზმის განვითარებაშიც.

საქართველოში FDI მოცულობის მხრივ ისტორიული წელი იყო 2007, როდესაც FDI-მ 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2014 წელს იყო 1, 758 მილიარდი აშშ დოლარის, ხოლო 2015 წელს იყო 1,564 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია [საქსტატის ოფიციალური მონაცემები]. პარტიას მიზნად აქვს საქმიანობის მე-4 წლისათვის FDI გახდეს 3 მილიარდი აშშ დოლარი, რაც სავსებით რეალისტური გვეჩვენება დაგეგმილი 3 ნაბიჯის ჭკვიანურად რეალიზაციის შედეგად [რა თქმა უნდა სხვა თანაბარ პირობებში].

საქართველოში უკვე ორი წელია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 5 მილიონს აჭარბებს და წელს გვაქვს შანსი 6 მილიონს გადავაჭარბოთ თუ არა მივუახლოვდეთ მაინც. 2020 წელს მართლაც შესაძლებელია მივუახლოვდეთ 8 მილიონს, ოღონდ არა ტურისტების რაოდენობით, არამედ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით.

თუმცა, გასათვალისწინებელია რამდენად მოახერხებს პარტია თავისი ძალებით პარლამენტში საკმარისი რაოდენობის დეპუტატების გაყვანას, რომ სათანადო კანონების მიღება მოახერხოს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია მცოდნე ადამიანი ჩაუდგეს ასეთ ინიციატივებს სათავეში. ვფიქრობ დიდი კონსესუსი და ძალების მობილიზება დასჭირდება ამ საქმეს, რაც არანაკლები გამოწვევაა.

მიმართულება #1-ის შეფასება: გაბედულება (8/10), რეალურობა (9/10), პოპულიზმი (1/10).

 

მიმართულება #2 – საგადასახადო ლიბერალიზაცია

ამ კუთხით დაგეგმილი ნაბიჯებია:

  1. საშემოსავლო და მოგების გადასახადი 15%;
  2. მცირე ბიზნესის გადასახადის 3 % -დან 2 %-მდე დაწევა;
  3. დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ზღვარის 100,000-დან 200,000 ლარამდე აწევა;
  4. მიკრო ბიზნესად რეგისტრაციის ზღვარის 30,000 ლარიდან 60,000 ლარამდე აწევა;
  5. ქონების გადასახადის ზღვარის 40,000 ლარიდან 80,000 ლარამდე აწევა;

კომენტარი: საშემოსავლო გადასახადის 5%-ით შემცირება ნიშნავს, რომ წელიწადში დაახლოებით 500 მილიონი ლარი დარჩება მოსახლეობას დასახარჯად. ურიგო სვლა არაა, მაგრამ მიზანი? ეს ხომ დიდი სტიმული ვერაა? გაუგებარია მოგების გადასახადის შემცირება 15%-მდე რას ნიშნავს. ისედაც ხომ 15%-ა მოგების გადასახადი? თუ გულისხმობთ, რომ დივიდენდის 5% გადასახადი აღარ იქნება? დანარჩენი გადასახადების შემცირების ეფექტი იმდენად მცირეა, რომ ლეგიტიმურად ჩნდება აზრი, რომ ეს შემცირებები ალბათ მოსახლეობის და ბიზნესის გულის მოსაგებადაა მოფიქრებული, თუმცა არც იმდენი შეღავათია მოცემული, რომ ძალიან პოპულისტურად ჩავთვალოთ. განხორციელების თვალსაზრისით თითქოს რთული არაა, მაგრამ ასეთი „კოსმეტიკური“ ცვლილების დაკანონებას ბევრი მხარდამჭერი ალბათ ვერ ეყოლება პარლამენტში, შესაბამისად ეს აზარალებს რეალისტურობას.

მიმართულება #2-ის შეფასება: გაბედულება (3/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (5/10).

 

მიმართულება #3 – სოფლის მეურნეობა

იმისათვის რომ სოფლის მეურნეობა გახდეს ბიზნეს ორიენტირებული დარგი დაგეგმილი ნაბიჯებია:

  1. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა და ხარჯვის სტრუქტურის შეცვლა 2020 წლისათვის: სუბსიდიების წილის შემცირება 53%-დან 26 %-მდე, განათლების წილის ზრდა 8%-დან 27 %-მდე, ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდა 20%-დან 35%-მდე.
  2. პროფესიული სასწავლებლების განვითარება და 10 საცდელი მეურნეობის გაკეთება;
  3. სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებული ტექნიკის/ტექნოლოგიების იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლება;
  4. ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გაზრდილი დაფინანსება. ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარება. პროდუქციის სერტიფიცირების სტანდარტების დანერგვა;
  5. მიწის რეგისტრაციის საკითხის ეფექტური დარეგულირება;
  6. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების სწრაფი პრივატიზაცია;
  7. სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთიანი ქართული ბრენდის ჩამოყალიბების სტიმულირება. უცხოურ ბაზარზე ბრენდის მარკეტინგული ღონისძიებები. ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია;

კომენტარი: “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” მიერ სოფლის მეურნეობაში გასაკეთებელი ღონისძიებების ფრიად სოლიდური არსენალი აქვს. იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში ხარჯების სტრუქტურის თანმიმდევრულ ცვლილებას ისახავს მიზნად იმ მიმართლებით, რომელმაც სოფლის მეურნეობის ბიზნეს ორიენტირებულად ქცევის საფუძვლები უნდა მოამზადოს. დაგეგმილი ღონისძიებების უმეტესობა აბსოლუტურად საჭიროა. შენიშვნები ჩნდება შემდეგი მიმართულებებით:

1. რამდენად საჭიროდ გეჩვენებათ 10 საცდელი მეურნეობის შექმნა სახელმწიფოს მიერ? არსებობს რამოდენიმე საერთაშორისო პროგრამა [USAID პროგრამები, ENPARD, RED და ა.შ.], რომელთა ფარგლებში და მათ მიღმაც უკვე არის კერძო სანიმუშო მეურნეობები, სანერგე მეურნეობები, სადაც ზოგან ნერგები გამოჰყავთ, ზოგან ახალი ტექნოლოგიების განვითარება მიმდინარეობს, ჩაჰყავთ ახალგაზრდა ფერმერები და ახალ ტექნოლოგიებს აცნობენ. რა საჭიროა იმის დუბლირება, რაც უკვე ხდება? რა სახელმწიფოს საქმეა ეს? თქვენ ხომ იძახით სახ. შპს-ებს და ა.შ. პრივატიზებას გავუკეთებთო? ამასთან წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის? ვფიქრობ ამ შემთხვევაში ჯობია დუბლირება არ მოხდეს. ან ასეთი საწარმოს შექმნის მომენტშივე ჩაიდოს, რომ შეიქმნება, ამუშავდება და შემდეგ გაიყიდება. ეს ძალიან სწორი მიდგომა იქნებოდა.

2. დღგ-საგან წარმოების საშუალებების იმპორტი კანონით უკვე გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან, თუმცა დღეს კონკრეტული პრობლემა არსებობს ამ კანონის განხორციელების მიმართულებით. მაგალითად: სადენი ზოგი ბიზნესისთვის წარმოების საშუალებაა, ზოგისთვის კი არა. ანუ, ზოგისთვის ეს უნდა დაიბეგროს სათანადო გადასახადით, ზოგისთვის არა. საბოლოო სია თუ რა დაიბეგროს ვისთვის და როგორ კი დადგენილი 24 აგვისტოს მდგომარეობით დადგენილი არაა. ამის შედეგად რამოდენიმე წარმოების [რომელთაც ჩვენ ვიცნობთ] მიერ შემოტანილი წარმოების საშუალებების იმპორტი „ჰაერშია გამოკიდებული“. შეკითხვა ჩნდება შემდეგი: გაქვთ თუ არა განსაზღვრული რას ჩათვლით წარმოების საშუალებად და ტექნოლოგიად და რას არა?

3. სოფლის მეურნეობის ერთიანი ბრენდის ჩამოყალიბება ძალიან დიდი გამოწვევაა. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში ყველას მხოლოდ „თავის ხმაში უყვარს სიმღერა“. ძალიან რთული იქნება ერთი ბრენდის ქვეშ ყველას გაერთიანება. თან თუ ამ ბრენდს სახელმწიფო შექმნის, ეს მით უმეტეს გამოიწვევს ისეთ დაჯახებებს და ინტერესთა კონფლიქტებს, რომელთა წარმოდგენაც კი რთულია ამ ეტაპზე. უცხოურ ბაზარზე მარკეტინგული ღონისძიებების გაკეთება სწორზე სწორია, მეტიც კრიტიკულად აუცილებელია და ეს სწორედ ისაა, რაც სახელმწიფომ უნდა აკეთოს ორგანიზებულად მინიმუმ ისე, როგორც მაგალითად ეს კეთდება ღვინის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემთხვევაში.

ცალკე უნდა შევეხოთ ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზებას, რაც ცალსახად უდიდესი პოტენციალის მქონე მრავალმხრივ შედეგის მომტანი საქმიანობაა. ამ მიმართულების სწორი პედალირების შემთხვევაში ყველა სხვა ღონისძიებასთან ერთად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჩვენი აზრით უბრალოდ გარდაუვალია [მის გარეშე კი შეუძლებელი]. პრობლემურია სახელმწიფოს მიერ ამ საქმიანობის ისე დაწყება, რომ საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების გაბრაზება არ გამოიწვიოს, რისი პრეცედენტებიც ყოფილა სხვა ქვეყნების შემთხვევაში [ირლანდია, 1982 წელი]. ამ საკითხში მოძრაობა KAR.GE-ს შეგვიძლია წვლილის შეტანა და შედეგზე ორიენტირებული ისეთი გზის ჩვენება, რომელიც იქნება „უსაფრთხო“.

მაგრამ აქვე გეტყვით: შეცდომაა ამ საქმიანობის სოფლის მეურნეობის ჭრილში „ჩაკარგვა“. ეს უნდა იყოს ისეთივე მაღალი დონის საქმიანობა, როგორიცაა ინვესტიციების მოზიდვა. რატომ? იმიტომ რომ ინვესტიციას შემოაქვს ქვეყანაში სიმდიდრე. ადგილობრივის პოპულარიზება და ქართულ ნაწარმში ფულის დახარჯვა ამ სიმდიდრეს ტოვებს/ინარჩუნებს ქვეყანაში და მას გარეთ გაწრეტვის საშუალებას არ აძლევს[უარყოფითი სავაჭრო ბალანსის სახით, რომელიც წელიაწადში 5.5 მილიარდი აშშ დოლარია]. ორივე ეს არის აუცილებელი, რომ ქვეყანაში დოვლათი დაგროვდეს და კეთილდღეობა გაიზარდოს. შედეგად ჩვენი გაანგარიშებით კი 6-8 წელიწადში ეკონომიკის გაორმაგება მოხდება.

მიმართულება #3-ის შეფასება: გაბედულება (8/10), რეალურობა (9/10), პოპულიზმი (1/10).

 

მიმართულება #4 – ბიუროკრატიის ხარჯების შემცირება

ამ კუთხით დაგეგმილი ნაბიჯებია:

  1. სადაც შესაძლებელია სახელმწიფო ხარჯების შემცირება და 600 მილიონი ლარის გამოთავისუფლება;
  2. სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების და სახელმწიფო შპს-ების პრივატიზება;

კომენტარი: დღეს ბიუროკრატიის ხარჯი წელიწადში 2.8 მილიარდ ლარამდეა. მთლიანად ბიუჯეტი კი 10 მილიარდ ლარზე ცოტა მეტი. დაუკვირვებელი თვალით და ზედმეტი ანალიზის გარეშეც ნათელია, რომ 600 მილიონი ლარით სახელმწიფოს შენახვის ხარჯების შემცირება სავსებით შესაძლებელია.

სახელმწიფოსთვის ზედმეტად აკიდებული სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების და სახელმწიფო შპს-ების პრივატიზება ნამდვილად კარგი სვლაა. კონკრეტული საწარმოების მართვა, თუ ეს არ არის სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმო, არაა სახელმწიფოს საქმე. სახელმწიფომ შეიძლება შექმნას ასეთი ორგანიზაცია, აამუშავოს და გზაზე დააყენოს იგი, შემდეგ კი აუცილებლად უნდა გაყიდოს. ეს  იქნებოდა სწორი მიდგომა.

მიმართულება #4-ის შეფასება: გაბედულება (5/10), რეალურობა (8/10), პოპულიზმი (3/10).

 

მიმართულება #5 – სტაბილური პოლიტიკური და ბიზნეს გარემოს შექმნა

ამ კუთხით გაჟღერებული გზავნილია: ნებისმიერი მიღებული რეგულაცია იქნება ბიზნესთან თანამშრომლობის მიღებული, დროში გაწელილი და არ იქნება ბიზნესისთვის მოულოდნელი.

კომენტარი: რეგულაციებთან დაკავშირებული გზავნილი უდაოდ დადებითია, მაგრამ ვფიქრობ სტაბილურ პოლიტიკურ და ბიზნეს გარემოს გარემოს ქმნის იმ ფაქტორების დიდი ერთობლიობა, რომელთა მხოლოდ ნაწილია ეკონომიკური ხასიათის. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამ გზავნილის ადგილი უფრო არის მიზნებში, ზოგად მიზნებში და არა აქ.

მიმართულება #5-ის შეფასება: გაბედულება (5/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (5/10).

 

შეთავაზება მოძრაობა KAR.GE-ს მხრიდან

ეკონომიკურ პროგრამაში ნახსენები გაქვთ ქართული ნაწარმის პოპულარიზება ადგილობრივ ბაზარზე, ოღონდ მხოლოდ სოფლის მეურნეობის ჭრილში. ეს დაუშვებელია. საქართველოში ათასობით საკვებთან ერთად ათასობით არასაკვები პროდუქცია იწარმოება. შესაბამისად საკითხის უფრო მაღალ დონეზე დაყენებაა საჭირო. ნახეთ როგორი მოცემულობა გვაქვს:

საქართველოში 2015 წელს მთავრობამ დახარჯა 3.2 მილიარდი ლარი, მოსახლეობამ დახარჯა 12 მილიარდი ლარი, არასახელმწიფო ორგანიზაციებმა [უცხოური ინვესტიციების გამოკლებით] დახარჯეს დაახლოებით 6 მილიარდ ლარამდე. ჯამში 2015 წელს 21 მილიარდ ლარამდე შიდა ინვესტიცია განხორციელდა [დიახ, ეს ინვესტიციაა]. ეს უზარმაზარი შიდა რესურსია, რომელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის, რეალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პოტენციალი აქვს. პოტენციალის ამოქმედება მაგალითად ასე შეიძლება [სრულფასოვანი პროგრამა მომზადების პროცესშია]:

  1. საქართველოს მოსახლეობაში ქართული ხარისხიანი ნაწარმის პოპულარიზებაზე და გაყიდვების ზრდაზე მიმართული აქტივობების განხორცილება საიმისოდ, რომ მეტი ფული დაიხარჯოს ქართულ ნაწარმში. ეს ნიშნავს, რომ დოვლათი ქვეყნიდან არ გაედინება, რჩება ქვეყანაში, ბრუნავს და „მრავლდება“;
  2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა და სახელმწიფო შესყიდვებისას/ტენდერებისას საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის ფასში უპირატესობის მინიჭება 10% მაინც [ან სხვა სახის მხარდაჭერა];
  3. საჭიროა საქართველოში ბანკების, როგორც კონკურენტი დარგის კონტროლისგან დამოუკიდებელი საფონდო ბაზრის განვითარება, რათა ადგილზე გაჩნდეს ლარის ინვესტირების საშუალებები, ადგილობრივი ბიზნესისათვის შეიქმნას კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიული გზები და გაიზარდოს საქართველოს ბაზრის ლიკვიდურობა და კაპიტალიზაცია, რაც მას უფრო მიმზიდველს გახდის უცხოელი ინვესტორებისათვის.

ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ეკონომიკის კი თითქმის 90%. ეს იგრძნობა სუპერმარკეტების დახლებზე, ბაზარში, B2B გარიგებებში, სადაც გარიგებების 90%-მდე არაქართული წარმოების პროდუქციაზე ხდება. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2015 წელს 5.5 მილიარდ USD-ზე მეტი იყო და წლიდან წლამდე ასეა. მიუხედავად ამისა გამოსავალი არსებობს: ჩვენი ღრმა რწმენით როცა ყიდულობ ქართულ ნაწარმს გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს! ამ დროს ფული ქვეყანაში რჩება და იგივე ფული შემდეგი დახარჯვის შედეგად კიდევ უფრო მეტ დოვლათს და შემოსავალს ქმნის. ჩვენი აზრით ეს არის მოკლე დროში სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევის უდაო გზა. მეტიც, ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმას უცილობლად მოჰყვება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც 6-8 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგებას მოიტანს შედეგად. კონკრეტული მოქალაქისთვის კი ეს ჯიბეში ორჯერ მეტ შემოსავალს ნიშნავს!!!

 

განმარტებები შეფასების სისტემასთან დაკავშირებით

შეფასების სისტემა 3 კრიტერიუმს ეყრდნობა. ფასდება თითოეული გზავნილი და ბოლოს კეთდება საერთო შეფასება.

  1. გაბედულობა – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ხაზს უსვამს თუ რამდენად გაბედული/რადიკალურია გზავნილი ყველა იმ გზავნილს შორის, რომელიც ხშირად გვსმენია წინასაარჩევნოდ.
  2. რეალურობა – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ითვალისწინებს თუ რამდენად შეუძლია ამ კონკრეტულ გუნდს ამ კონკრეტული გზავნილის განხორციელება ა) პარლამენტში და მთავრობაში მოსვლის ალბათობის, ბ) საკუთარი შესაძლებლობების, გ) სხვა ძალებთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნის და ისტორიის გათვალისწინებით.
  3. პოპულიზმი – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ითვალისწინებს ამომრჩევლის სურვილებზე გზავნილის/შეთავაზების განზრახ მორგების ხარისხს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის გზით ხმების მოსაპოვებლად. ქმედება, რომელიც ფართო მასის ინტერესს ემსახურება, მაგრამ აუცილებელია, ჩვენი აზრით ვერ ჩაითვლება პოპულიზმად.

ამ სამი კრიტერიუმით დადგენილი ქულების მიხედვით დგება მთავარი შეფასება: შეუძლია თუ არა ამ ეკონომიკურ პროგრამას დადოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მომდევნო 4 წლიდან რომელიმე წელს.

 

გამოყენებული მასალები:

#1 – ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პროგრამა – მონახაზები საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციასთან შეხვედრიდან

#2 – გამოსვლა კურიერის პირდაპირ ეთერში, 2016-07-09 – https://www.facebook.com/stateforpeople/videos/vb.425425727660986/489094107960814/?type=2&theater

#3 – პრეზენტაცია, ფაილი 1, 8 ივლისი – https://www.facebook.com/stateforpeople/videos/vb.425425727660986/488591288011096/?type=2&theater

#4 – პრეზენტაცია, ფაილი 2, 8 ივლისი – https://www.facebook.com/stateforpeople/videos/vb.425425727660986/488593894677502/?type=2&theater

#5 – ირაკლი ყიფიანის ეკ. ხედვები – https://www.facebook.com/stateforpeople/videos/vb.425425727660986/488778947992330/?type=2&theater

#6 – რეპორტაჟი რუსთავი 2 – https://www.facebook.com/stateforpeople/videos/vb.425425727660986/488759541327604/?type=2&theater

#7 – რეპორტაჟი იმედი – https://www.facebook.com/stateforpeople/videos/vb.425425727660986/488692431334315/?type=2&theater

#8 – რეპორტაჟი რუსთავი 2 – https://www.facebook.com/stateforpeople/videos/vb.425425727660986/488667321336826/?type=2&theater

#9 – 12 ივლისს რუსთავი 2-ზე – http://rustavi2.com/ka/video/17391?v=2

#10 – პრეზენტაციის გაშუქება საზოგადოებრივზე – https://www.youtube.com/watch?v=j29cWtkYaA8ც

#11 – პირველზე ექსპერტების კამათი 22 ივლისს – https://www.facebook.com/stateforpeople/videos/vb.425425727660986/493200247550200/?type=2&theater

#12 – 22 ივლისს პალიტრა tv-ში – https://www.facebook.com/stateforpeople/videos/vb.425425727660986/493087640894794/?type=2&theater

#13 – გიორგი პაპავა პირველზე – https://www.facebook.com/stateforpeople/videos/vb.425425727660986/497278643809027/?type=2&theater

#14 – ირაკლი ყიფიანის ინტერვიუ – http://socialnetwork.ge/ka/interview/text/economic/96-chveni-repormebit-unda-vizrunot,-stabilurobis-gantsda-shevitanot-biznessaqmianobashi#.V6rYS_l97IX

#15 – პარტიების გაერთიანების შესახებ – https://www.facebook.com/stateforpeople/videos/vb.425425727660986/501635873373304/?type=2&theater

#16 – გაერთიანება ბურჭულაძის ირგვლივ – https://www.facebook.com/stateforpeople/videos/501985250005033/?hc_ref=NEWSFEED

#17 – კაპიტალის ბაზრის განვითარება – https://www.youtube.com/watch?v=udKZJ5HAjrc