ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > მწვანე ჩაი პიტნით, რომელმაც იმედი გამიცრუა

მწვანე ჩაი პიტნით, რომელმაც იმედი გამიცრუა

ქართულია & kar.ge-ა!

ჩვენი პროექტი სარეკლამო ხასიათის არაა, ვფიქრობ ის უფრო შემეცნებით ხასიათს ატარებს. გუნდი თითოეული წევრი ეძებს პროდუქტს, რომელიც თუ საუკეთესო არა, საშუალოზე მაღალი ხარისხის მაინცაა. მაგრამ ერთერთი უპირველესი მოვალეობა მაინც გულწრფელობაა. ესაა ის, რის გარეშეც მკითხველი უბრალოდ ვერ გენდობა. სწორედ გულწრფელობის გამო გადავწყვიტე დამეწერა ეს პოსტი.

პიტნის ჩაი დედულეთს მახსენებს. ქართლში, მცხეთის რაიონში, დედაცემის სოფელში პოპულარული სასმელი მეც ხშირად დამიგემოვნებია ბებოსთან და ბიძებთან სტუმრობისას. პიტნას პირდაპირ ჩაიდანში აყენებდნენ, რომელიც შუშის ღუმელზე იყო შემოდგმული. ირგვლივ იყო სითბო, სიყვარული, სიხალისე და უგემრიელესი პიტნის ჩაი. ალბათ მიხვდით რა ემოციებს იწვევს ჩემში თვითონ ეს სიტყვა – პიტნის ჩაი …

პროექტის დაწყების პირველი დღეებიდან შევიძინე 1.50 ლარად და კარადაში მიდევს „რჩეული“-ს მწვანე ჩაი პიტნით. დიდი ხანი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ამ პროდუქტზე და აი დღეს მის მიმოხილვას შემოგთავაზებთ

ფოტო საიტისთვის გადავიღე და გაციებამდე დაგემოვნებაც გადავწყვიტე… სამწუხაროდ ვერც არომატი შევიგრძენი, ვერც გემო. თვითონ ყუთსაც, სადაც ჩაის ერთჯერადი პაკეტები ყო მოთავსებული უცნაური, ჩემთვის სრულიად უცხო სურნელი ჰქონდა. იმედგაცრუებული დავრჩი. „რჩეული“-ს შავი ჩაი ხშირად დამილევია და ნამდილად არ ვყოფილვარ უკმაყოფილო, აი პიტნისამ კი არასასიამოვნოდ გამაოცა.

შპს გეოპლანტის მიერ წარმოებული „რჩეული“-ს მწვანე ჩაი პიტნით ეტიკეტზე ვკითხულობთ, რომ ჩაი მოყვანილია დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში და მზადდება ყოველგვარი დანამატის გარეშე. ყუთზე ელ. ფოსტა, მისამართი და ტელეფონის ნომერია მითითებული. სლოგანი – რჩეული, გამორჩეული ჩაი.

შეიძინეთ ჩემს მიერ დაწუნებული ჩაი, იქნებ ის მხოლოდ ჩემი გემოს რეცეპტორებს ვერ მოხვდა შესაბამისად, იქნებ ვცდები და მშვენიერი გემო აქვს. აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ამ პროდუქტზე. მწარმოებელს კი მივმართავ – ქვეყანაში, სადაც იციან პიტნის ჩაის გემო, ნამდვილად შესაძლებელია ძალიან, ძალიან გემრიელი ჩაის წარმოება. მიიღეთ კრიტიკა მეგობრისგან და არა მტრისგან. მე გულწრფელად მინდა ამართლებდეთ თქვენს სლოგანს. მე გულწრფელად მინდა საქართველოში წარმოებული ყველა პროდუქტი იყოს უმაღლესი ხარისხის რათა იმპორტირებულმა პროდუქციამ არ წაგვლეკოს

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.