ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გამარჯვებული საქართველო > ისტორიული გამარჯვება – უმცროსმა ბორჯღალოსნებმა (U18) ირლანდიის ნაკრები დაამარცხეს!
ისტორიული გამარჯვება

ისტორიული გამარჯვება – უმცროსმა ბორჯღალოსნებმა (U18) ირლანდიის ნაკრები დაამარცხეს!

გილოცავთ!

ეს არის ჭეშმარიტად ისტორიული გამარჯვება – პირველად ქართული რაგბის ისტორიაში საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 6 ერის ბინადარი ქვეყნის თანატოლებს არაფერი დაუთმეს და ვაჟკაცურად დაუდგნენ მატჩის ბოლომდე. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 8:8 დასრულდა, რომლის შემდეგაც დაინიშნა მატჩისშემდგომი ჯარიმების, ე.წ. “შუთაუთ”-ების სერია. აქ კი ჩვენი ბიჭები “სამყურებზე” გაცილებით შედეგიანი აღმოჩნდნენ და მეტოქეს 3:1 სძლიეს.

ისტორიული გამარჯვება რომ კიდევ უფრო ისტორიული გამოდგეს, ამისათვის ჩვენ ბიჭებს ნახევარფინალში იტალიის ბარიერის დაძლევა მოუწევთ, რომელმაც თავის მხრივ მეოთხედფინალში ჩვენსავით სენსაცია გამოაცხო და 14:13 დაამარცხა უელსის ნაკრები. მეორე ნახევარფინალური წყვილი კი ტურნირის მასპინძელ, საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებებით დაკომპლექტდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიის 18-წლამდე ნაკრები ამ ასაკობრივ დონეზე უკვე ორჯერ გვყავს დამარცხებული და თუ გავასამეთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალსაც დავაჭაშნიკებთ და ამით კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დაიდება ქართულ რაგბში.

მანამდე კი, ირლანდიელებთან მოპოვებული ჩვენი ისტორიული გამარჯვება კიდევ ერთხელ უბიძგებს მსოფლიო რაგბის მამებს, თვალი გაუსწორონ ახალ რეალობას და ბოლო დროს ისედაც აქტიურად განხილვად თემას – საქართველოსათვის 6 ერის კარის გაღებას – კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ განსახილველად.