ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკურ პროგრამას მოძრაობა KAR.GE აკრიტიკებს

თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკურ პროგრამას მოძრაობა KAR.GE აკრიტიკებს

შესავლის სახით

საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების დიდ ნაწილს კი არათუ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, არამედ საერთოდ არ აქვს ეკონომიკური პროგრამა. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი ისეთივე თეთრი ბოლით „კვებავს“ საზოგადოებას, როგორც ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ხდებოდა. მოძრაობა KAR.GE-სთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია!!!

სწორედ ამიტომ მოძრაობა KAR.GE-მ 27 ივლისს განაცხადა პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამების შეფასებების დაწყების შესახებ. რატომ შევეჭიდეთ ამ საქმეს? 1) ამომრჩეველი ითხოვს მეტ დასაქმებას, მეტ ეკონომიკურ ზრდას და მეტი სიმდიდრის დაგროვებას როგორც ქვეყანაში, ასევე მის ჯიბეში. 2) ამომრჩევლებს რეალურად აინტერესებთ პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკური პროგრამები, მაგრამ ობიექტურ შეფასებებს ვერ იღებენ, 3) ჩვენ, მოძრაობა KAR.GE მიუკერძოებელი მხარე ვართ და რეალურად გვაინტერესებს აქვთ თუ არა 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში 4 წლით მოხვედრის მსურველ პოლიტიკურ სუბიექტებს რეალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მომტანი წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა.

მადლობა იმ პარტიებს, რომელთაც უკვე გამოაქვეყნეს თავიანთი ეკონომიკური პროგრამები/ხედვები/გეგმები, თუნდაც არასრულყოფილი. 27 ივლისის განცხადებიდან 1 კვირაში, 2016 წლის 3 აგვისტოს ჩვენ ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“-ს წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა შევაფასეთ და გამოვაქვეყნეთ, 10 აგვისტოს კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმის ეკონომიკური ნაწილი. დღეს, 17 აგვისტოს ვაქვეყნებთ „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“-ს ეკონომიკური პროგრამის შეფასებას.

შენიშვნა: მიზნები და გზავნილები ამოკრეფილია პარტიის ოფიციალურად გაცხადებული/გამოქვეყნებული ეკონომიკური პროგრამიდან/სამოქმედო გეგმიდან ან/და პარტიის წარმომადგენლების განცხადებებიდან პოლიტიკური სუბიექტის ვებსაიტიდან, Facebook გვერდიდან ან სხვა წყაროებიდან. ყველა გამოყენებული წყარო მითითებულია ქვემოთ.

 

 

რეზიუმე

მოძრაობა KAR.GE-ს შეფასებით “ ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“-ს მიერ 2016 წლის 1 ივლისს გაცხადებული წინასაარჩევნო „ეკონომიკური პროგრამა“ ვერ მოუტანს ქვეყანას რეალურ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მეტიც, გაჟღერებული გზავნილების უმეტესობა არის დაუსაბუთებელი და პირდაპირ მიზნად ისახავს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას. საერთო შეფასება: გაბედულება (2/10), რეალურობა (2/10), პოპულიზმი (9/10).

1 ივლისის პრეზენტაციიდან თვენახევრის შემდეგაც კი პარტიას, რომელსაც სლოგანი აქვს – „უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება“, თავისი ეკონომიკური პროგრამა წერულობითი სახით არც თავის ვებსაიტზე გამოუქვეყნებია და არც თავის Facebook გვერდზე. იგი მხოლოდ ზეპირი განცხადებებისა და გზავნილების გაჟღერებითაა დაკავებული, რომელთაგან ზოგიერთი ვადაშიც არ არის შემოსაზღვრული. ეს აშკარად მიუთითებს, რომ ჩამოყალიბებული და დასაბუთებული ეკონომიკური პროგრამა პარტიას არ აქვს და პოპულიზმითაა დაკავებული. პარტია მიზნად ისახავს ქვეყანაში მიიღოს 7-8-9 % რეალური ეკონომიკური ზრდა, რისი მიღწევის კონკრეტული გზა წარმოდგენილი არ აქვს.

მოძრაობა KAR.GE მზადყოფნას აცხადებს ამ შეფასებაში წარმოდგენილი თითოეული დებულება კიდევ უფრო განმარტოს ღია საჯარო დებატების ფორმატში და უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას. ჩვენ ველოდებით პარტიის მიერ ეკონომიკური პროგრამის წერილობითი სახით გამოქვეყნებას.

 

 

ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები-ის ეკონომიკური გზავნილების ანალიზი

პარტიის მიზანია 7-8-9 % იანი რეალური ეკონომიკური ზრდა წელიწადში. პარტია ცდილობს საზოგადოებას ახალი სტანდარტები შესთავაზოს სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით: 1. პენსია 2. ხელფასი 3. საარსებო მინიმუმი. თუმცა, 1 ივლისის პრეზენტაციიდან თვენახევრის შემდეგაც პარტიას, რომელსაც სლოგანი აქვს – „უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება“, თავისი ეკონომიკური პროგრამა წერილობითი სახით არც თავის ვებსაიტზე გამოუქვეყნებია და არც თავის Facebook გვერდზე. იგი მხოლოდ ისეთი ზეპირი განცხადებებისა და გზავნილების გაჟღერებითაა დაკავებული. სწორედ ამიტომ გამორიცხული არც ისაა, რომ შეფასებისას ჩვენ რომელიმე გზავნილი გამოგვრჩენოდა.

მოძრაობა KAR.GE შეფასებების გაკეთებისას მხოლოდ ეკონომიკურ ნაწილს ვეხებით და არა სოციალურს. თუმცა „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“-ს შემთხვევაში ეკონომიკური და სოციალური გზავნილები იმდენად არის ერთმანეთში არეული, რომ იძულებული ვართ გზავნილების სია ჩვენ დავალაგოთ და ასე შევაფასოთ.

 

გზავნილი #1 – ფინანსური პოლიციის გაუქმება. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია.

კომენტარი: ფინანსური პოლიციის გაუქმება თავის თავში უფრო ეხმაურება ბიზნეს სექტორის ინტერესს, რომლის თვალში ამ ორგანიზაციას არ აქვს დადებითი იმიჯი. პოლიტიკური პარტიის მხრიდან ეს დაპირება კი ერთის მხრივ მისაღები სვლაა, მაგრამ მეორეს მხრივ ჩნდება შეკითხვები. მაგალითად იმ ფუნქციებთან დაკავშირებით, რაც ფინანსურ პოლიციას აქვს და რომელი ფუნქციებიც მნიშვნელოვანია. ბატონებო, ფინანსური პოლიციის ყველა ფუნქცია გინდათ გააუქმოთ? რას ნიშნავს თქვენი გაგებით ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია? იდეა კარგად ჟღერს, მაგრამ არცერთ წყაროში არ გაქვთ განმარტებული კონკრეტულად როგორ გააკეთებთ ამას, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ. ასევე მითითებული არ გაქვთ თუ როდის მოხდება ამ ნაბიჯების გადადგმა. ამას კი დაპირების შესრულების რეალურობაში დიდი ბუნდოვანება შეაქვს.

ფინანსური პოლიციის გაუქმება თუ არა მისი ფუნქციების შეკვეცა შედარებით რეალურია, ვინაიდან ამ საკითხში დაპირებას ალბათ ბევრი პოლიტიკური პარტია წარმოადგენს და საერთო კონსესუსის მიიღწევა შედარებით ადვილად უნდა იყოს შესაძლებელი.

გზავნილი #1-ის შეფასება: გაბედულება (2/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (5/10).

 

გზავნილი #2 – წელიწადში 2.5 მილიარდი აშშ $ უცხოური ინვესტიცია. 4 წლის განმავლობაში კი 8-9 მილიარდი USD საერთაშორისო ინვესტიციების მოცულობა.

კომენტარი: საქართველოს რეალობაში წელიწადში 2,5 მილიარდი USD უცხოური ინვესტიციის ოდენობა რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ პარტია არ გვთავაზობთ არცერთ კონკრეტულ სვლას საიმისოდ, რომ ეს მოხდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2,5 მილიარდი აშშ დოლარის FDI საქართველოში ერთ წელიწადში არასოდეს ყოფილა. ეს ბუნებრივად ითხოვს რაღაც რადიკალურს. ასეთი რადიკალური კი არაფერი ჩანს არსებულ ეკონომიკურ გზავნილებში. იმ გზავნილების 100%-ით შესრულებითაც კი, რომელიც აქვს პარტიას, შეუძლებელია ასეთი სიდიდის უცხოური ინვესტიციების მიღება, თუ რაღაც ზებუნებრივი სასწაული არ მოხდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გზავნილი #2-ის შეფასება: გაბედულება (3/10), რეალურობა (1/10), პოპულიზმი (10/10).

 

გზავნილი #3 – 4 წლის შემდეგ ბიუჯეტის ზრდა 4 მილიარდი ლარით.

კომენტარი: საქართველოს ბიუჯეტი 2013 წელს იყო 6,8 მილიარდი ლარი, 2014 წელს 7,4 მილიარდი, 2015 წელს 8,1 მილიარდი, 2016 წელს კი 8,5 მლრდ ლარია დაგეგმილი. 4 წელიწადში ბიუჯეტი გაზრდილია თითქმის 1,8 მილიარდი ლარით. 2020 წლისთვის ბიუჯეტი იყოს 4 მილიარდი ლარით მეტი, ანუ დაახლოებით 12,5 მილიარდი [ზრდის ტემპი იყოს ორჯერ მეტი] თეორიულად მაინც შესაძლებელია საქართველოს რეალობის გათვალისწინებით? თუ ეს 2,5 მილიარდი USD უცხოურ ინვესტიციების დაპირებას ეყრდნობა ეს უნდა გამოვრიცხოთ, ვინაიდან დაუსაბუთებელია ინვესტიციების ასეთი ნაზრდი. არცერთი კონკრეტული გზა, თუ უშუალოდ პარტიის დამსახურებით როგორ გვექნება 2020 წლისთვის 12,5 მილიარდ ლარიანი ბიუჯეტი, არ ჩანს გარდა ერთისა: „დაძაბული შრომა“. ვეჭვობთ, რომ „დაძაბული შრომა“ არ იქნება საკმარისი საიმისოდ, რომ 4 წელიწადში ბიუჯეტი თითქმის 50%-ით გაიზარდოს.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ თუნდაც ყველაზე დაჟინებული მცდელობების შედეგად ბიუჯეტი 4 მილიარდით გაიზარდოს, ამას ცალსახად დადებით მოვლენად ვერ აღვიქვამთ. მნიშვნელოვანია რის ხარჯზე ხდება ზრდა, რაში დაიხარჯება ეს ნაზრდი, რა იქნება ბიუროკრატიის მთლიანი წილი ეკონომიკაში, როგორ მოხმარდება ეს ნაზრდი ქვეყნის განვითარებას. ძალიან ბევრი საკითხია ღიად დატოვებული აღნიშნული გზავნილის მიღმა, რაც გვაფიქრებინებს პარტიის გუნდის მხრიდან თემის არასაკმარის გააზრებაზე და მიზანმიმართულ პოპულიზმზე.

გზავნილი #3-ის შეფასება: გაბედულება (3/10), რეალურობა (1/10), პოპულიზმი (10/10).

 

გზავნილი #4 – მინიმალური ხელფასი 500 ლარის ოდენობით, ანუ საათში არანაკლებ 3 ლარი.

კომენტარი: პარტიის ეს გზავნილი გათვლილია იმ ასობით ათას მოქალაქეზე, რომელსაც 500 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს, განსაკუთრებით რეგიონებში. თითქოს იდეა უწყინარი და დადებითია, მაგრამ …

  • რა უფლება აქვს სახელმწიფოს უკარნახოს ბიზნესს რამდენი გასცეს ხელფასი? განა ეს ბიზნესის საქმეებში ჩარევა არ არის? როცა საკითხი სპეციფიკურია და სახელმწიფოს ჩარევას ითხოვს, კიდევ შეიძლება ასეთი ქმედების გამართლება [ე.წ. „ქურურგიული“ ჩარევა], მაგრამ ჩვენ არ ვთვლით, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასის განსაზღვრით ბიზნესის საქმეში ჩარევას გამართლება აქვს.
  • რატომ ებრძვის სახელმწიფო „შედეგს“ და არა მიზეზს? სახელმწიფომ მიხედოს თავის ფუნქციებს და დოვლათის შექმნას და დაგროვებას შეუწყოს ხელი ქვეყანაში ისე, რომ სამუშაო ძალაზე კონკურენცია გაჩნდეს და ბიზნეს სექტორში უღირდეთ მეტი ხელფასის გადახდა;
  • ამ ნაძალადევი ჩარევით ხომ უარესდება ბიზნეს გარემო? ხომ არ დაფრთხება ინვესტორი?
  • ეს ხომ გამოიწვევს ჩრდილში მყოფი ეკონომიკის ზრდას? დამქირავებელი საერთოდ არ გააფორმებს ადამიანს სამუშაოზე, მაინც ამუშავებს და მაინც იმდენს გადაუხდის, რამდენიც სურს;

რომ შევაჯამოთ, ეს ერთის მხრივ დადებითი გზავნილი თავის თავში უფრო მეტ მავნებლობას მოიტანს, ვიდრე დადებითს.

გზავნილი #4-ის შეფასება: გაბედულება (2/10), რეალურობა (1/10), პოპულიზმი (10/10).

 

გზავნილი #5 – საარსებო მინიმუმი [დღეს არის 160 ლარი] გაიზრდება 250 ლარამდე.

კომენტარი: თუ პარტიის ეკონომიკური გუნდის ლიდერები ნახავენ როგორ განისაზღვრება სარსებო მინიმუმი, მაშინ მიხვდებიან შემდეგს: საარსებო მინიმუმი არის მათემატიკური ფორმულით გამოყვანილი სტატისტიკური მაჩვენებელი. ეს ერთგვარი „თერმომეტრია“, რომელიც ზომავს რა მინიმალური თანხაა საჭირო ადამიანის არსებობისათვის. მეტი არაფერი! განიზრახო სააარსებო მინიმუმის 250 ლარამდე ზრდა დაახლოებით ისეთივე აბსურდულია, როგორც 41 გრადუს სიცხიანმა ავადმყოფმა განიზრახოს თერმომეტრზე გრადუსების მაჩვენებლებიანი დაფა ჩააჩოჩოს, რათა თერმომეტრმა 36.6 გრადუსი აჩვენოს.

თუ მაინცადამაინც ის არ მოგწონთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი 180 ლარიან პენსიაზე აცხადებს „სარსებო მინიმუმს 20 ლარით აღემატებაო“, თქვენ სხვაგვარად თქვით: „ჩვენი შემოთავაზებული 300 ლარიანი პენსია საარსებო მინიმუმს 120 ლარით აღემატება“. ამ გზავნილში საღი აზრი მაინც ვლინდება. მაშინ როცა საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე ზრდის გზავნილი მიუთითებს ან ავტორების აშკარა არაკომპეტენტურობაზე ან პარტიის 100%-იან პოპულიზმზე, რომელიც თამაშობს მოსახლეობის გაუნათლებლობაზე.

გზავნილი #5-ის შეფასება: გაბედულება (1/10), რეალურობა (1/10), პოპულიზმი (10/10).

 

გზავნილი #6 – პენსია 300 ლარი. 20 %ით მეტი პენსია მთაში მცხოვრებ პენსიონერებს.

კომენტარი: ამ ორი გზავნილიდან მეორე უკვე ხდება, ანუ მთაში მცხოვრებ პენსიონერებს მთის კანონით უკვე მიეცემათ 20%-ით მეტი პენსია. თუმცა უფრო საინტერესია გზავნილის პირველი ნაწილი: 300 ლარიანი პენსიის დაპირება, თან ვადის მითითების გარეშე.

მოდით ავხსნათ, რას მოითხოვს 300 ლარი პენსიის გაცემა?

დღეს, 2016 წლის აგვისტოში საქართველოში 874 ათასი პენსიონერია და პენსია 180 ლარს შეადგენს. 120 ლარით პენსის ზრდა მოითხოვს წელიწადში დამატებით 120 [ნაზრდი] * 874 000 [პენსიონერების რაოდენობა] * 12 [თვე] = 1.258 მილიარდ ლარს [აღარ ვანგარიშობთ პენსიონერთა რაოდენობის ზრდას, რომელიც თვეში 2 ათასამდე ადის]. თუ ბიუჯეტი 4 მილიარდით მეტი იქნება შესაძლოა ეს ზრდა შესაძლებელი იყოს, მაგრამ ვინაიდან ბიუჯეტის 4 მილიარდიანი ზრდა დაუსაბუთებელია, დაფინანსების ეს წყარო გამოირიცხება. ოდესმე, მომავალში, ალბათ შესაძლებელი იქნება 300 ლარიანი პენსია მიეცეს პენსიონერს, მაგრამ დაგეგმილი საპენსიო რეფორმის შემდეგ რა შედეგებს მივიღებთ ძალიან რთულია საპროგნოზოდ.

დავუშვათ 2017 წლიდან პენსია 300 ლარი გახდა და ეს მოხდა ბიუჯეტის პუნქტების გადათამაშებით, ამ შემთხვევაში მინიმუმ რა სამი რამ მოხდება?

  1. 1,258 მილიარდი ლარის თითქმის 60% ქვეყნიდან გადინება [მინიმუმ ნახევარი] გარდაუვალია, ვინაიდან მოსახლეობა დიდწილად იმპორტულ პროდუქციას იძენს;
  2. ეკონომიკაში ჩადინებული ამ მოცულობის ლარი გამოიწვევს ინფლაციას და იმ 300 ლარით ისიც კი შეიძლება ვერ იყიდო რასაც 180 ლარით ყიდულობ დღეს;
  3. ქვეყნიდან იმპორტიორის მიერ გატანილი ფული დააწვება ლარის კურსს. ეს კი დააწვება სახელმწიფოს და ისევ და ისევ თითოეულ მოქალაქის ჯიბეს;

გზავნილი #6-ის შეფასება: გაბედულება (1/10), რეალურობა (1/10), პოპულიზმი (10/10).

 

 

რეკომენდაციები მოძრაობა KAR.GE-საგან

გთავაზობთ წერილობით ჩამოაყალიბოთ ეკონომიკური პროგრამა ისე, როგორც ამ საქმეს და ამომრჩეველს ეკადრება. უმჯობესი იქნება პოპულისტური გზავნილები ან დაასაბუთოთ, ან მათი რაოდენობა მაინც შეამციროთ. ასევე აჯობებს თუ გაითვალისწინებთ შემდეგი მიმართულებებით გასაწევ საქმიანობებსაც:

  1. ექსპორტი. ეს მიმართულება ქვეყანაში ყველაზე სერიოზული შემომტანია. მან 2015 წელს 2.204 მილიარდი USD შემოიტანა. რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ ექსპორტის ზრდის მიმართულებით?
  2. ტურიზმი. ამ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორს სულ უფრო და უფრო მეტი შემოაქვს ქვეყანაში და ექსპორტის შემდეგ 2015 წელს 1.935 მილიარდი USD-თი მეორე შემომტანია. როგორ უზრუნველყოფთ დარგის განვითარებას, რომ ქვეყანა სულ უფრო მომზადებული დახვდეს ტურისტების მზარდ შემოდინებას?
  3. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. 2015 წელს ქვეყანაში 1.564 [უკვე დაზუსტებული] მილიარდი USD პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. კონკრეტულად როგორ უზრუნველყოფთ FDI ზრდას?
  4. სოფლის მეურნეობა. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არის სოფლად მცხოვრები თვითდასაქმებული და 2015 წელს მშპ-ში სოფლის მეურნეობამ 9.2 % შეადგინა, მთლიანად აგრო სექტორის წილი კი ზოგიერთი შეფასებით 17%-მდე ადის. ქვეყანაში 600 ათასამდე სასოფლო მეურნეობაა, რომლის 98% მცირეა. რას გეგმავთ ამ მიმართულებით? მიწის რეფორმა მაინც აუცილებლად არ მიგაჩნიათ?

 

შეთავაზება მოძრაობა KAR.GE-ს მხრიდან

საქართველოში 2015 წელს მთავრობამ დახარჯა 3.2 მილიარდი ლარი, მოსახლეობამ დახარჯა 12 მილიარდი ლარი, არასახელმწიფო ორგანიზაციებმა [უცხოური ინვესტიციების გამოკლებით] დახარჯეს დაახლოებით 6 მილიარდ ლარამდე. ჯამში 2015 წელს 21 მილიარდ ლარამდე შიდა ინვესტიცია განხორციელდა [დიახ, ეს ინვესტიციაა]. ეს უზარმაზარი შიდა რესურსია, რომელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის, რეალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უდიდესი პოტენციალი აქვს. პოტენციალის ამოქმედება მაგალითად ასე შეიძლება [სათანადო ეკონომიკური პროგრამა მომზადების პროცესშია]:

  1. საქართველოს მოსახლეობაში ქართული ხარისხიანი ნაწარმის პოპულარიზებაზე და გაყიდვების ზრდაზე მიმართული აქტივობების განხორცილება საიმისოდ, რომ მეტი ფული დაიხარჯოს ქართულ ნაწარმში. ეს ნიშნავს, რომ დოვლათი ქვეყნიდან არ გაედინება, რჩება ქვეყანაში, ბრუნავს და „მრავლდება“;
  2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა და სახელმწიფო შესყიდვებისას/ტენდერებისას საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის ფასში უპირატესობის მინიჭება 10% მაინც [ან სხვა სახის მხარდაჭერა];

ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ეკონომიკის კი თითქმის 90%. ეს იგრძნობა სუპერმარკეტების დახლებზე, ბაზარში, B2B გარიგებებში, სადაც გარიგებების 90%-მდე არაქართული წარმოების პროდუქციაზე ხდება. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2015 წელს 5.5 მილიარდ USD-ზე მეტი იყო და წლიდან წლამდე ასეა. მიუხედავად ამისა გამოსავალი არსებობს: ჩვენი ღრმა რწმენით როცა ყიდულობ ქართულ ნაწარმს გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს! ამ დროს ფული ქვეყანაში რჩება და იგივე ფული შემდეგი დახარჯვის შედეგად კიდევ უფრო მეტ დოვლათს და შემოსავალს ქმნის. ჩვენი აზრით ეს არის მოკლე დროში სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევის უდაო გზა. მეტიც, ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმას უცილობლად მოჰყვება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც 6-8 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგებას მოიტანს შედეგად. კონკრეტული მოქალაქისთვის კი ეს ჯიბეში ორჯერ მეტ შემოსავალს ნიშნავს!!!

 

განმარტებები შეფასების სისტემასთან დაკავშირებით

შეფასების სისტემა 3 კრიტერიუმს ეყრდნობა. ფასდება თითოეული გზავნილი და ბოლოს კეთდება საერთო შეფასება.

  1. გაბედულობა – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ხაზს უსვამს თუ რამდენად გაბედული/რადიკალურია გზავნილი ყველა იმ გზავნილს შორის, რომელიც ხშირად გვსმენია წინასაარჩევნოდ.
  2. რეალურობა – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ითვალისწინებს თუ რამდენად შეუძლია ამ კონკრეტულ გუნდს ამ კონკრეტული გზავნილის განხორციელება ა) პარლამენტში და მთავრობაში მოსვლის ალბათობის, ბ) საკუთარი შესაძლებლობების, გ) სხვა ძალებთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნის და ისტორიის გათვალისწინებით.
  3. პოპულიზმი – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ითვალისწინებს ამომრჩევლის სურვილებზე გზავნილის/შეთავაზების განზრახ მორგების ხარისხს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის გზით ხმების მოსაპოვებლად. ქმედება, რომელიც ფართო მასის ინტერესს ემსახურება, მაგრამ აუცილებელია, ჩვენი აზრით ვერ ჩაითვლება პოპულიზმად.

ამ სამი კრიტერიუმით დადგენილი ქულების მიხედვით დგება მთავარი შეფასება: შეუძლია თუ არა ამ ეკონომიკურ პროგრამას დადოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მომდევნო 4 წლიდან რომელიმე წელს.

 

გამოყენებული მასალები:

#1 – დ. ონოფრიშვილი ინგა გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში – https://www.youtube.com/watch?v=QaPRDyWbemE

#2 – პარტიის პოლიტიკური გუნდის ერთიანი პროგრამის პრეზენტაცია 12 ივლისს რუსთავი2-ზე – http://rustavi2.com/ka/video/17390?v=2

#3 – 3%-ანი ეკონომიკური ზრდა, არსებულ პირობებში შესაძლოა, განვიხილოთ როგორც სტაგნაცია – http://businesscontact.ge/ka/article/quot3-ani-ekonomikuri-zrda-arsebul-pirobebshi-shesadzloa-ganvixilot-rogorc-stagnaciaquot/5287

#4 – ალასანიას გუნდის ეკონომიკური პროგრამა – 250 ლარი საარსებო მინიმუმი – 300 ლარი პენსია – 500 ლარი მინიმალური ხელფასი – http://www.newposts.ge/?l=G&id=112821­ალასანია,…

#5 – თავისუფალი დემოკრატები ვიღებთ ვალდებულებას, რომ პენსია 300 ლარი გახდება – http://www.ipress.ge/new/37019-tavisufali-demokratebi-vighebt-valdebulebas-rom-pensia-gakhdeba-300-lari

#6 – პენსია 300 ლარი, საარსებო მინიმუმი 250 ლარი – ”თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო პროგრამა – http://www.ghn.ge/com/news/view/155882